სალომე ზურაბიშვილი: ნატოსა და ევროკავშირში გაწევრიანებასთან დაკავშირებით ქართველი ხალხის ურყევ გადაწყვეტილებას ალტერნატივა არ გააჩნია

4 ოქტომბერი, 2019 20:40 პოლიტიკა


საქართველოს პრეზიდენტმა და ნატოს გენერალური მდივნის მოადგილემ ბათუმში ვიზიტის დასრულებისას მედიისათვის ერთობლივი განცხადებები გააკეთეს.
როგორც საქართველოს პრეზიდენტმა აღნიშნა, ბათუმში ჩრდილოატლანტიკური საბჭოს სამდღიანი ვიზიტი საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენობის მიმართ უზარმაზარი მხარდაჭერის აღიარებაა.
“შეხვედრისას ნატოს გენერალური მდივნის მოადგილეს გავაცანი ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებული სიტუაცია. საჭიროა, რომ  ყველა საშუალებებით დავძლიოთ ოკუპაცია, რაშიც კიდევ უფრო მეტად გვჭირდება ჩვენი პარტნიორების მხარდაჭერა.
ჩვენ ასევე განვიხილეთ საქართველო - ნატოს თანამშრომლობის საკითხები და საქართველოს პერსპექტივები. მომავალი წლის გეგმები არსებითი პაკეტის არა მხოლოდ განახლება, არამედ საქართველო - ნატოს თანამშრომლობის კონკრეტული შესაძლებლობების გაძლიერება და გაღრმავებაა
განვიხილეთ შავი ზღვის უსაფრთხოების საკითხი არა მხოლოდ ნატოსთან, არამედ ევროკავშირთან ურთიერთობის მიმართულებითაც.
ეს არის ის სამკუთხედი, რომელიც ჩვენი ქვეყნის განვითარებისა და სტაბილურობისთვის ნამდვილად არსებითია.
ჩვენ გვაქვს გეგმები, იმისთვის, რომ ამ კუთხით თანამშრომლობა გაძლიერდეს არა მხოლოდ ნატოსთან, არამედ შავი ზღვის ქვეყნებთან, რომლებმაც დღესაც გამოხატეს ამ თანამშრომლობისათვის მზადყოფნა“, - განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა. 
საქართველოს პრეზიდენტმა ნატოს კიბერუსაფრთხოების საკითხებში დახმარება სთხოვა. მისი განცხადებით, დღევანდელ მსოფლიოში არანაკლებად მნიშვნელოვანია კიბერუსაფრთხოება და ჩვენ ამ კუთხითაც  გვჭირდება დახმარება. 
,,ამ კუთხით თანამშრომლობა უკვე დაწყებულია რამდენიმე ქვეყანასთან, მაგრამ ნატოს დახმარებაც გვჭირდება, იმისათვის, რომ საქართველო გაუმკლავდეს კიბერუსაფრთხოების საკითხებთან დაკავშირებულ გამოწვევას, რომელიც ყველა ჩვენი პარტნიორისთვისაც უდიდესი გამოწვევას წარმოადგენს.
ვისაუბრეთ ასევე ქვეყანაში განხორციელებულ დემოკრატიულ და ეკონომიკურ რეფორმებზე.
ყურადღება გავამახვილე იმაზე, რომ საქართველო, რომელმაც მეორე კომპაქტი დაასრულა, დღეს ,,მილენიუმ ჩელენჯის“ კორპორაციამ ერთ-ერთ საუკეთესო პარტნიორად აღიარა.
აუცილებელია, რომ დავძლიოთ პოლარიზაცია ჩვენს საზოგადოებასა და პოლიტიკურ ძალთა შორის.
ევროკავშირსა და ნატოში ინტეგრაცია და დეოკუპაცია - თუ არ ვიქნებით ერთიანი ამ სამ საკითხთან მიმართებაში, ვერ გავიმარჯვებთ!  დარწმუნებული ვარ, რომ ჩვენ შევძლებთ გაერთიანებას და  დარწმუნებული ვარ, რომ გავიმარჯვებთ!
ნატოსა და ევროკავშირში გაწევრიანებასთან დაკავშირებით ჩვენი მიზანი ურყევია, რომელიც ვერავინ შეგვაცვლევინა და ვერავინ შეგვაცვლევინებს
ეს ჩვენი ხალხის ურყევი გადაწყვეტილება და ჩვენი არჩეული გზაა, რომელსაც ალტერნატივა არ გააჩნია და ალბათ, ყველა უნდა შეეგუოს იმას, რომ ამ გზაზე საქართველო ძალიან ეფექტურად ივლის წინ! 

ნატო

ბოლო სიახლეები