თელავი ღვინის ფესტივალს „თელავინო 2019“ მასპინძლობს

5 ოქტომბერი, 2019 16:24 ეკონომიკა & ბიზნესი



ქართული ღვინის დღეების „ღვინობისთვე 2019“ ფარგლებში, თელავი ღვინის ფესტივალს „თელავინო 2019“ მასპინძლობს. ღონისძიება ერეკლე მეორის ისტორიული სასახლის ეზოს ტერიტორიაზე იმართება. ფესტვალზე დიდი და მცირე მარნების მიერ წარმოებული 100-ზე მეტი სხვადასხვა დასახელების ღვინო, ჭაჭა და ბრენდია წარმოდგენილი.

ღონისძიება საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილემ, ხატია წილოსანმა გახსნა. როგორც მინისტრის მოადგილემ აღნიშნა, მისასალმებელია, რომ „თელავინოს“ მასშტაბი ყოველწლიურად იზრდება და სულ უფრო მეტ მონაწილესა და სტუმარს იზიდავს. ხატია წილოსანმა წარმატებები უსურვა დამწყებ მეღვინეებს და ფესტივალზე სტუმრობისთვის ლიეტუვას დელეგაციას განსაკუთრებული მადლობა გადაუხადა.

„კახეთი ქართული მეღვინეობის ისტორიული და უძველესი რეგიონია. ტრადიციულად, რთველის მიწურულს, რეგიონში ქართული ღვინისადმი მიძღვნილი არაერთ მასშტაბური ღონისძიება, მათ შორის „თელავინო“ იმართება. მოხარული ვარ, რომ ასეთი ფესტივალების მიმართ ინტერესი სულ უფრო მზარდია, რაც ქართული ღვინის პოპულარიზაციას უწყობს ხელს. უნდა აღინიშნოს, რომ მიუხედავად წელს არსებული გამოწვევებისა, 2019 წლის რთველი წარმატებულია. ინდუსტრიულად უკვე გადამუშავებულია 230 000 ტონაზე მეტი ყურძენი, რაც თითქმის უტოლდება შარშანდელ, რეკორდულ მაჩვენებელს. კახეთში რთველი ჯერ კიდევ გრძელდება და გადამუშავებული ყურძნის საბოლოო მაჩვენებლები, შესაძლოა ბევრად შთამბეჭდავი იყოს“, - აღნიშნა ხატია წილოსანმა.

ფესტივალის სტუმრებს მისასალმებელი სიტყვით მიმართეს ადგილობრივი ხელისუფლებისა და კახეთის მეღვინეთა გილდიის წარმომადგენლებმა. ღონისძიებას გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნერობის მინისტრის მოადგილე სოლომონ პავლიაშვილი ესწრებოდა.

ფესტივალის სტუმრებს შესაძლებლობა აქვთ დააგემოვნონ და შეიძინონ სხვადასხვა სახის ღვინო, ჭაჭა და ყურძნისეული წარმოშობის სხვა ალკოჰოლური სამელი, დაესწრონ იმპროვიზირებულ წარმოდგენებსა და ადგილობრივი ქორეოგრაფიული ანსამბლების კონცერტებს. ღონისძიების ფარგლებში, წარმოდგენილია რთველის ტრადიციებსა და მეღვინეობასთან დაკავშირებული ექსპოზიციები, ეწყობა ტრადიციული რეწვის ნიმუშებისა და ხელნაკეთი ნივთების გამოფენა-გაყიდვა.

ფესტივალი „თელავინო“ კახეთის მეღვინეთა გილდიამ 2014 წელს დაფუძნდა და მას შემდეგ, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ღვინის ეროვნული სააგენტოს მხარდაჭერით, უკვე მეექვსედ იმართება. ფესტივალის მხარდამჭერია თელავის მერიაც.
„ქართული ღვინის დღე“ პირველად 2014 წელს აღინიშნა.

ადგილობრივი მოსახლეობისა და ტურისტების დიდი ინტერესის გათვალისწინებით, 2016 წელს ღვინის ზეიმმა კვირეულის სახე მიიღო. 2018 წლიდან კი, ქართული ღვინის დღეები სახელწოდებით - „ღვინობისთვე“ უფრო მასშტაბურად, სხვადასხვა ღონისძიებით აღინიშება.

ქართული ღვინის დღეები მიზნად ისახავს საქართველოს, როგორც ღვინის სამშობლოს წარმოჩენას და, ზოგადად, ქართული ღვინის პოპულარიზაციის ხელშეწყობას.
„ღვინობისთვე 2019“-ის ფარგლებში, ღვინის ფესტივალები ასევე გაიმართება თბილისში, მარნეულსა და გურჯაანში.


წყარო: ღვინის ეროვნული სააგენტო

ღვინო

ბოლო სიახლეები