გამყოფი ხაზის სიახლოვეს გაშენებული ბაღი, რომელიც 24 წლის გოგონას ბიზნესად იქცა

7 ოქტომბერი, 2019 13:13 ეკონომიკა & ბიზნესი



მარიამ ქობალია 24 წლისაა. ახალგაზრდა ფლორისტსა და მებაღეს დღეს ზუგდიდის რაიონის სოფელ დარჩელში ერთ-ერთი ულამაზესი ყვავილების ბაღი და სანაშენე აქვს. წლების წინ ბებიის მიერ დაწყებული მეყვავილეობა-მებაღეობა გოგონამ ისევ ააღორძინა და საყვარელი საქმე ბიზნესადაც აქცია.
„სტუდენტობის დროს სოფლის დატოვება მომიწია. ორიოდე წლის წინ ისევ დავუბრუნდი ჩემს პატარა შვილთან და მეუღლესთან ერთად. ჩემი ოცნება იყო შვილისთვის უზრუნველი ცხოვრება შემექმნა, დამეწყო საკუთარი ბიზნესი, რითიც თავიდან მცირეოდენი შემოსავალი მაინც მექნებოდა, შემდეგ კი თანდათან გავაფართოვებდი ჩემს საქმიანობას“- ამბობს ახალგაზრდა მეწარმე.
გასულ წელს გამყოფი ხაზის სიახლოვეს მცხოვრებმა მარიამმა პროექტ YES-Georgia-ს შესახებ შეიტყო და გადაწყვიტა საკუთარი ძალები მეწარმეობაში მოესინჯა. პირველი სამეწარმეო განათლება ახალგაზრდამ სწორედ კრისტალის „მეწარმეთა სკოლაში“ შეიძინა. პროექტში ჩართვის შემდეგ მან არა მარტო შესაბამისი განათლება მიიღო, არამედ USAID YES Georgia-ს პროექტის ბენეფიციარიც გახდა.
მარიამის სტარტაპში უკვე მთელი ოჯახია ჩართული. მშობლიურ კარ-მიდამოში ახალგაზრდა მეწარმემ ჰოლანდიური ვარდები გააშენა და ყვავილების მაღაზიებსაც ამარაგებს. საოჯახო ბიზნესში მარიამის მამიდაც ჩაერთო, რომელიც შეზღუდული შესაძლებლობისაა და მისთვის ოჯახის დახმარება და ყვავილების მოვლა-რეალიზების ძირითადი საშუალებაა.
„ვფიქრობ, რომ ჩემს ცდას უშედეგოდ არ ჩაუვლია. ყოველ დილით მე და ჩემი პატარა ანასტასია შევდივართ ჰოლანდიური ვარდების ბაღში, ვკრეფთ, ვახარისხებთ, ვკრავთ თაიგულს. მთელი ოჯახი ჩართულია ვარდების მოვლის პროცესში. ჩემს მამიდას, რომელიც შეზღუდული შესაძლებლობისაა, აქამდე უფერული ცხოვრება ჰქონდა, ახლა კი ცხოვრება გაუხალისდა, ისიც ჩართულია ვარდების მოვლის პროცესში და ყველანაირად გვეხმარება“ - ამბობს მარიამ ქობალია.
დღეს მარიამ ქობალიას სოფელ დარჩელში ჰოლანდიური ჯიშის ვარდები მოჰყავს და საკუთარი შემოსავლის წყაროც აქვს. მისი მიზანია, ბიზნესში სოფელში მცხოვრები მარტოხელა დედებიც ჩართოს. ფიქრობს რომ სოფლად ცხოვრება საკმაოდ რთულია, თუმცა ბევრ შესაძლებლობასაც იძლევა. ახალგაზრდა მეწარმეს იმედი აქვს მისი მაგალითი წაადგება საოკუპაციო ხაზის სიახლოვეს მცხოვრებლებს და სოფლად მცხოვრები ქალებიც აქტიურად დაიწყებენ მეწარმეობას.

პროგრამა YES - Georgia ხორციელდება ფონდი კრისტალის მიერ ფინანსური ჩართულობის ორგანიზაცია „კრისტალთან“ და ჯუნიორ ეჩივმენტთან (JAG) ერთად. პროგრამას ფინანსურ მხარდაჭერას უწევს ამერიკის შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტო ( USAID). 2016 წლიდან "ახალგაზრდა მეწარმეთა სკოლაში’’, რომელიც პროგრამა YES - Georgia-ს ფარგლებში შეიქმნა, 2,710 განაცხადი შემოვიდა. 749 ახალგაზრდა იქნა მიღებული სკოლაში, რომელიც 574-მა წარმატებით დაამთავრა. ბიზნეს პროექტები წარმოადგინა 225 კურსდამთავრებულმა, რომელთაგან 55-მა მიიღო თანადაფინანსება ფინანსური ჩართულობის ორგანიზაცია ‘’კრისტალისგან’’.

წყარო: publicity.ge 

ბოლო სიახლეები