Visa-მ ბანკებს ვადაგასული ბარათებით ტრანზაქციების დამუშავების მექანიზმის შესახებ აცნობა

23 აპრილი, 2020 17:27 ეკონომიკა & ბიზნესი


Visa-მ ემიტენტ ბანკებსა და სავაჭრო ობიექტებს აცნობა COVID-19-ის პანდემიის პერიოდში ვადაგასული ბარათებით ოპერაციების განხორციელების შესახებ, რათა საქართველოში Visa ბარათის მფლობელებმა შეუფერხებელად გამოიყენონ თავიანთი ბარათები გადახდების განსახორციელებლად.
ამ პერიოდის განმავლობაში Visa მოუწოდებს ემიტენტ ბანკებს, არ უარყონ ვადაგასული ბარათების ტრანზაქციები და გადაამოწმონ, არის თუ არა მათი პროცესინგის მხარეს ყველა საჭირო პარამეტრი გაწერილი, რათა მოხდეს ვადაგასული ბარათების ტრანზაქციების ავტორიზება.
თუ ემიტენტ ბანკში ჰოსტი ხელმისაწვდომია, ტრანზაქციის ავტორიზაციის შესახებ გადაწყვეტილება მიიღება ანგარიშზე არსებული ხელმისაწვდომ თანხაზე დაყრდნობით. თუ ჰოსტი მიუწვდომელია, Visa-ს შეუძლია ემიტენტი ბანკის მოთხოვნის საფუძველზე, ცვლილებები შეიტანოს საგადახდო სისტემის პარამეტრებში, რათა გააუქმოს ბარათის ამოწურვის ვადის გადამოწმების ფუნქცია. ვადაგადაცილებული Visa-ბარათების მფლობელები უნდა დაუკავშირდნენ თავიანთ ბანკებს, რათა გადაამოწმონ საკუთარი ბარათებით ოპერაციების განხორციელების შესაძლებლობა.
„ჩვენ ვითვალისწინებთ იმ გამოწვევებს, რომლებიც მიმდინარე პერიოდში ბანკების მიერ ბარათების განახლებასთან და მომხმარებლისთვის მიწოდებასთან არის დაკავშორებული. აქედან გამომდინარე, გვინდა შევახსენოთ ჩვენ პარტნიორ ბანკებს ვადაგასული ბარათების ავტორიზაციის პროცედურების შესახებ. ჩვენ გვაქვს შესაძლებლობა უზრუნველვყოთ ვადაგასული ბარათების ტრანზაქციების მხარდაჭერა, სწორედ ამიტომ რეკომენდაციას ვაძლევთ ბანკებს მოახდინონ კონფიგურაციების მოდიფიცირება. ეს ნაბიჯი საშუალებას გვაძლევს დავეხმაროთ ბანკებს შეამსუბუქონ დატვირთვა ახალი ბარათების დაბეჭდვასა და დისტრიბუციაზე, ხოლო მომხმარებლებს ვაძლევთ საშუალებას განაგრძონ უსაფრთხო და მოსახერხებელი გადახდების განხორციელება Visa ბარათების მეშვეობით. ჩვენ ვმუშაობთ ბანკებთან ერთად და მზად ვართ გავუწიოთ მათ ყველა სახის კონსულტაცია საკითხის გადასაჭრელად“, - განაცხადა Visa-ს რეგიონულმა მენეჯერმა კავკასიაში კრისტინა დოროშმა.

ბოლო სიახლეები