საქართველოში რეგისტრირებული დაცული გეოგრაფიული ადგილწარმოშობის დასახელებებს ღვინო „სალხინოს ოჯალეში“ დაემატა

24 აპრილი, 2020 12:46 ეკონომიკა & ბიზნესი



საქართველოში რეგისტრირებული დაცული გეოგრაფიული ადგილწარმოშობის დასახელებებს ღვინო „სალხინოს ოჯალეში“ დაემატა.

ამ დრომდე საქართველოში დარეგისტრირებული იყო ქართული ღვინის ადგილწარმოშობის 20 დასახელება: ქინძმარაული, მანავი, კახეთი, ნაფარეული, თელიანი, მუკუზანი, წინანდალი, ახაშენი, გურჯაანი, ხვანჭკარა, ატენი, სვირი, ვაზისუბანი, კარდენახი, ტიბაანი, ტვიში, ყვარელი, კოტეხი, ხაშმის საფერავი და ბოლნისი.

„სალხინოს ოჯალეში“ წითელი მშრალი ღვინოა, მიკროზონა მდებარეობს მარტვილის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში. იგი შეიძლება დამზადდეს მხოლოდ სალხინოს მიკროზონაში მოწეული ოჯალეშის ჯიშის ყურძნიდან და დაუშვებელია სხვა ჯიშების გამოყენება.

წარმოების სპეციფიკაციის დაცვასა და ადგილწარმოშობის დასახელების მართებულად გამოყენებაზე სახელმწიფო კონტროლს ახორციელებს ღვინის ეროვნული სააგენტო საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესის შესაბამისად.

წყარო: ღვინის ეროვნული სააგენტო


ღვინო

ბოლო სიახლეები