იური პაპასქუა: აქცენტები პოსტპანდემიური პერიოდისთვის... საზოგადო სიკეთეს, წესრიგს და განვითარებისკენ პატიოსან სწრაფვას ზურგი არ უნდა შევაქციოთ!

20 მაისი, 2020 22:26 თვალსაზრისი

იური პაპასქუა

        ეკონომიკურ მეცნიერებათა აკადემიური დოქტორი, სსუ პროფესორი


საქართველოში საშემფასებლო საქმიანობაზე მოთხოვნა საბჭოური სისტემის ტრანსფორმაციულ პროცესებს შემოჰყვა. მოძრავ-უძრავი ქონების, აქციების, წილების, ბიზნესის თუ ინტელექტუალური საკუთრებითი უფლებების შეძენა, სარგებლობა ან განკარგვა, რაც პოსტსაბჭოთა საბაზრო ურთიერთობების განუყოფელ შემადგენელად იქცა, მათი ღირებულებით გამოხატულებაში განსაზღვრის გარეშე წარმოუდგენელია.

საბანკო, სადაზღვევო, საფინანსო, საინვესტიციო, საპრივატიზაციო, საგადასახადო, საშუამავლო, სავაჭრო, აგრეთვე სხვა სფეროები და, მაშასადამე, მთლიანად ეკონომიკური საქმიანობა,  ღირებულებითი მაჩვენებლების საძირკველზე დგას. მოვლენათა განვითარების ცვალებად დინამიკაში ხშირია ფასების აღმავალი და დაღმავალი რყევები. ამიტომ მათზე მყისიერი რეაგირება და საკუთრებით უფლებებზე დროის შესაბამისი რეალური ღირებულებების შენარჩუნების (აფასების ან ჩამოფასების) უზრუნველყოფა გარდაუვალი ხდება.

მატერიალური და არამატერიალური აქტივების ფულად გამოსახულებაში ასახვა ობიექტურ რეალობას, შეფასების მიზანსა და დანიშნულებას უნდა შეესაბამებოდეს, რაც მხოლოდ სპეციალური განათლების, პრაქტიკული მომზადების, გამოცდილების და საერთაშორისოდ აღიარებული ნორმების დაცვის პირობებშია მიღწევადი.

არარეალური, არაშესაბამისი ფასდების ყოველმხრივ დამანგრეველი შედეგები ბევრჯერ იწვნიეს განვითარებული ეკონომიკის ქვეყნებმა. საწარმოებშიც ფინანსურ პრობლებებს და გაკოტრების წინაპირობას სწორედ აქტივებისა და სამეურნეო ოპერაციების არასწორი, არარეალური, არაშესაბამისი შეფასება ქმნის. შეფასების ფუძემდებლური პრინციპების უგულველყოფა ურჩ შემსრულებლებს მუდმივ კრიზისებსა და ეკონომიკური სისტემის სრულ ჩამოშლას უქადის. მოსალოდნელი კოლაფსის საფრთხისგან არც საქართველოა დაცული.

საქმიანი წრისათვის მეტი დეტალიზების, განმარტებების გარეშეც ცნობილია, ხოლო აღმასრულებელმა ხელმძღვანელობამ კი ჯეროვნად უნდა გააცნობიეროს საშემფასებლო საქმიანობის როლი და მნიშვნელობა, მით უფრო, პოსტპანდემიურ პერიოდში განვითარებისკენ მიმართული ახალი კაპიტალდაბანდებების, უძრავ-მოძრავი ქონებისა თუ ფინანსური შედეგების შეფასებაზე მოთხოვნადობა გააქტიურდება.

საქართველოში საშემფასებლო საქმიანობა ცალკეული თავდადებული ენთუზიასტების მეშვეობით შემოვიდა, ფაქტობრივად, პროფესიული თვითრეგულირებით ვითარდებოდა და ამჟამად თვითდინებაზეა მიშვებული, - საშემფასებლო საქმიანობის შესახებ კანონი დღესდღეობით არ არსებობს; აქტივების ყიდვა-გაყიდვისას, მათ შორის, სახელმწიფო ქონების გასხვისების დროს, არაა განსაზღვრული რა და როგორ უნდა შეფასდეს; ასეთ პირობებში, არც ისაა გამორიცხული, რომ გარიგებები საზოგადოებისგან მალულად განხორციელდეს და როცა შესაძლებელია კანონის უზენაესობას აცდეს ფარულ შეთანხმებათა თუნდაც ნაწილი, ქონების ღირებულებების ან ეკონომიკის ზრდის რეალობაზე მსჯელობა უკვე აზრს კარგავს. ამიტომ, ყველა ნიშნის მიხედვით, საშემფასებლო საქმიანობის საკანონმდებლო რეგულირება აუცილებელია. აღნიშნულს პრაქტიკა და მეზობელი ქვეყნების გამოცდილებაც ადასტურებს.

წლების განმავლობაში, საშემფასებლო საქმიანობა „აუდიტორული საქმიანობის შესახებ“ კანონთან იყო მიბმული. შემფასებლის ფუნქცია აუდიტორულ მომსახურებაში გადიოდა. იმ აუდიტორს, რომელსაც გააჩნდა სერთიფიკატი ზოგად აუდიტში, შეეძლო შეთავსებით მოეხდინა უძრავი-მოძრავი ქონების შეფასებაც და გაეცა სათანადო აუდიტორული დასკვნები მაშინ, როდესაც შემფასებლობა და აუდიტორობა აშკარად სხვადასხვა კომპეტენციაა.

ბუღალტრულ აღრიცხვასა და აუდიტის სფეროში მიმდინარე რეფორმების დროს, სავსებით სწორად დადგა საკითხი აუდიტორული და საშემფასებლო პროფესიების გამიჯვნის თაობაზე. „ბუღალტრული აღრიცხვის, ანგარიშგებისა და აუდიტის შესახებ“ 2016 წლის 8 ივნისს მიღებული კანონის თანახმად, დროებით, შეფასების განხორციელების და შეფასების ანგარიშზე/დასკვნაზე ხელის მოწერის უფლება მიენიჭა აკრედიტებულ შემფასებელთა სერტიფიკაციის ორგანოს მიერ სერტიფიცირებულ შემფასებლებს; საქართველოს მთავრობას დაევალა 2017 წლის 31 დეკემბრამდე შეიმუშაოს საშემფასებლო საქმიანობის შესახებ საკანონმდებლო აქტი. მას აქეთ კი, კანონში შევიდა ცვლილება და საშემფასებლო საქმიანობის შესახებ საკანონმდებლო აქტის მიღება, უკვე ორჯერ -  2018 წლის 31 დეკემბრამდე და 2019 წლის 1 ივლისამდე, გადაიდო, თუმცა მერე, აღნიშნული თარიღიდან დღემდე, კანონში არც ცვლილება შესულა და არც საშემფასებლო საქმიანობის შესახებ საკანონმდებლო აქტია გამოცემული.

აშკარაა, კანონი დაირღვა და Covid-19-ის გავრცელებაზე მიზეზების აკიდება ან პანდემიისთვის მისი გადაბრალება კანონდარღვევაზე არანაკლებ პასუხსაგებია.

კანონში მეორე ცვლილების განხორციელებამდე, ჯერ კიდევ 2017 წლის მიწურულიდან გააქტიურდა ძალისხმევა და საშემფასებლო საქმიანობის რეგულატორად ბუღალტრული აღრიცხვის, ანგარიშგებისა და აუდიტის ზედამხედველობის სამსახური მოიაზრებოდა. მაგრამ მაშინ კანონპროექტის განხილვის მსვლელობა დამტკიცებისკენ მიმავალ ლაბირინთებში სადღაც „გაიჭედა“ და დაყოვნების ნამდვილმა მიზეზმა "მიხურული კარების ჭუჭრუტანიდან“ ვეღარ გამოაღწია.

საკანონმდებლო აქტის მიღების გადავადების პრაქტიკა ახალი არ არის - ძველი ხრიკია. ასე იყო „ბუღალტრული აღრიცხვის, ანგარიშგებისა და აუდიტის შესახებ“ კანონის მიღებისას; ასეა ბევრ მისაღებ ეკონომიკურ კანონპროექტთანაც. ყველა მათგანს პარლამენტამდე დაინტერესებულ პირთა ჯგუფი „მიაცილებს“. იქ კიდევ სხვა „გუნდი“ ხვდება. კერძო ინტერესების გამომხატველი ჩანაფიქრების განხორციელებისთვის მზადებას ყოველთვის ჩუმად, საიდუმლოდ იწყებენ და ხორცშესხმას, საარჩევნო ბაკჰანალიის კულმინაციაზე ასვლის პერიოდში, პარლამენტის ბოლო სასესიო ცაიტნოტით აღწევდნენ. ინტერესების ჭიდილის, კულუარული „შეტაკებების“ გარეშე არ ხდება, რომ რომელიმე მხარის მიერ „გააქტიურებულიპროექტი საზოგადო სიკეთეს, წესრიგს და განვითარებისკენ პატიოსან სწრაფვას მოემსახუროს.

ასე იყო ეს ადრე,  ახლაც ასე გრძელდება.

საშემფასებლო საქმიანობის შესახებ რეგულაციის მიღების შეჩერება, ერთი მხრივ, ამ ინტერესთა ჯგუფების გათვლილი მოქმედებების შემადგენელია, მეორე მხრივ კი, - მათ შორისსამკვდრო-სასიცოცხლოდაპირისპირების შედეგი.

როგორც მოგვიანებით გამომზეურდა, სრულებითაც არაა შემთხვევითი, რომ ინტერესთა ჯგუფის მეცადინეობით, საშემფასებლო საქმიანობის შესახებ რეგულაციის მიღებამდე, მთავრობის კანცელარიამ პარლამენტს, სწორედ ბოლო სასესიო პერიოდში, ჯერბუღალტრული აღრიცხვის, ანგარიშგებისა და აუდიტისზედამხედველობის სამსახურის სტატუსის შეცვლასა და დაქვემდებარების ფინანსთა სამინისტროდან ეროვნული ბანკისათვის გადამისამართებაზე კანონპროექტი, მომზადებასა და განხილვის პროცესში პროფესიული ორგანიზაციების სრული იგნორირებით, ინკოგნიტოდ, მიაწოდა.

აღნიშნულ აქტში, რომელიც პანდემიის გამო, ახლა პარლამენტში თვლემს, ინტერესთა კონფლიქტის შემცველი დაუშვებელი შეუსაბამობის გარდა (ეროვნული ბანკი აუდიტს დაქვემდებარებული სუბიექტია), ბუღალტრული აღრიცხვის, ანგარიშგებისა და აუდიტის ზედამხედველობის სამსახური საერთოდ არ ჩანს - მისი ფუნქცია მთლიანად ეროვნულ ბანკზეა გადაკისრებული. ამ უკანასკნელის ინტერესებშია კაპიტალის ბაზრის ფორმირებაში მონაწილე მხოლოდ სდპ და პირველი კატეგორიის საწარმოები. ამდენად,  ასეთი გადანაცვლება, დაინტერესებულ პირთა მიზნებთან შერწყმული„ დიდი ოთხეულის“ და საერთაშორისი ქსელის მსხვილი არაქართული აუდიტორული კომპანიების აღზევებას მოემსახურება. მიკრო, მცირე და საშუალო საწარმოების ბუღალტრული აღრიცხვა და ფინანსური ანგარიშგების გამჭვირვალობა/გამოქვეყნების აუცილებლობა ინტერესს დაკარგავს, შესაბამისად, მცირე და საშუალო აუდიტორული კომპანიებიც, ფაქტობრივად, თამაშგარეშე დარჩებიან. ამ კანონპროექტის გამოქვეყნებული ვარიანტი პროფესიის განვითარებისთვის მიუღებელ/ხელშემშლელ ბევრ სხვა საფრთხესაც შეიცავს და საზოგადოებას (დარგის განვითარებით დაინტერესებულ პირებს) მოუწევს ამ განზრახვის შესრულების წინააღმდეგ უკომპრომისო ბრძოლაში ჩართვა. თუ „ბუღალტრული აღრიცხვის, ანგარიშგებისა და აუდიტის შესახებ“ კანონის მიღების პროცესის თანმხლებ ვნებათაღელვას გავიხსენებთ, მასში ცვლილებების შეტანა მარტივი არ იქნება - პროფესიული ორგანიზაციების, აგრეთვე სპეციალისტების და აუდიტორების უმეტესობის განწყობა ზედამხედველობის ფუნქციის გაუმართლებელი უწყებრივი გადამისამართების მიმართ მკვეთრად უარყოფითია. მაგრამ მისი მიღება ინტერესთა ჯგუფისთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია. ამით ერთი ინტერესის (გარკვეულ პირთა წრის) გავლენის ქვეშ აღმოჩნდება დიდი საწარმოების ბუღალტრული აღრიცხვის, ანგარიშგების, აუდიტის და საშემფასებლო საქმიანობის მართვა, განვითარება თუ რეგულირების ყველანაირი ბერკეტი. ამ ჯგუფის წინასწარგათვლილი ფარული განზრახვის სამიზნე ისაა, რომ ფინანსურ ანგარიშგებასა და აუდიტზე ზედამხედველობა როგორმე მოექცეს ეროვნული ბანკის ქოლგის ქვეშ, თორემ ანგარიშვალდებული საწარმოების, ფასიანი ქაღალდების (აქციების), აგრეთვე საშემფასებლო საქმიანობის ყველაზე მსხვილი სეგმენტი კი, ისედაც მისი კონტროლისა და რეგულაციის დაქვემდებარებაში იმყოფება.  საქმე ისაა, რომ „ფასიანი ქაღალდების ბაზრის შესახებ“ კანონის თანახმად, ეროვნული ბანკის უფლებამოსილებები სააქციო საზოგადოებების (მსხვილი საწარმოებისა და საზოგადოებრივი დაინტერესების პირების) ფინანსურ ოპერაციებზე, ფაქტობრივად, შეუზღუდავია; საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის 2018 წლის 14 მაისის №84/04 ბრძანებით დამტკიცებულია კომერციული ბანკებისთვის უძრავი ქონების შეფასების ინსტრუქცია და საშემფასებლო საქმიანობის ყველაზე დიდი მომხმარებელი მხოლოდ აღნიშნული ინსტრუქციის თანახმად ახორციელებს შეფასების პროცესს. საჭიროების შემთხვევაში, ეროვნული ბანკის პრეზიდენტის ნორმატიული აქტის საფუძველზე, ამ წრის გაფართოება თავისუფლად შეიძლება და პარლამენტის პროცედურების  გავლა (დაპირისპირება და გულწამღები დებატები) რეგულაციის მისაღებად უკვე საჭირო არ იქნება. ეროვნული ბანკი, ფაქტობრივად, დახურული უწყებაა და შვიდი წლის განმავლობაში ეროვნული ბანკის პრეზიდენტის გადაწყვეტილებები ხელშეუვალია. სწორედ ამითაა მოტივირებული, საშემფასებლო საქმიანობის შესახებ კანონის მიღების გადავადებისა და „ბუღალტრული აღრიცხვის, ანგარიშგებისა და აუდიტის შესახებ“ კანონში ცვლილების შეტანის „ბნელით მოცული“ პროცესი.

ზედამხედველობის სამსახურის არსებობა და მის მიერ განხორციელებული ღონისძიებები, 2010 წლიდან „გააქტიურებული“ მიმდინარე რეფორმების (ინტერესთა გადანაწილების) ყველაზე დადებითი შედეგია, თუმცა მისი დამოუკიდებლობა, უწყებრივი დაქვემდებარების გამო, შეზღუდულია. ამიტომაც არის ის უწყებიდან უწყებაში უბოდიშოდ გადამისამართების ობიექტი. ის პროფესიისგან და ნებისმიერი იერარქიის უწყებრივი გავლენებისგან დამოუკიდებელი უნდა იყოს, მაგრამ პროფესიული პრობლემებისგან არა მოწყვეტილი, მიუკარებელი და მხოლოდ სადამსჯელო უფლებამოსილებით აღჭურვილი. მაშინ ასეთი „ტრიუკების“ ჩატარებას ვერავინ გაბედავდა.

კორონავირუსმა, ბევრ სხვა უბედურებასთან ერთად, დადებითიც მოუტანა კაცობრიობას. მმართველობისა და ყველა სხვა არასწორი გადაწყვეტილების ნეგატივი ერთიანად ამოატივტივა. ბევრი ცუდი ჩანაფიქრის განხორციელებაც, მათ შორის, ბუღალტრული, აღრიცხვის, ანგარიშგების და აუდიტის ზედამხედველობის ფუნქციის ეროვნულ ბანკისთვის გადაცემა დროებით შეაჩერა. მაგრამ არავინ იცის, კვლავ როდის გააქტიურდება მიჩუმათებული ნაღმები. ამიტომაც საჭიროა ამ საკითხებს საზოგადოების ყურადღება მიექცეს.

აღნიშნული, შესაძლოა, დიდხანს არც გამხდარიყო სამსჯელო, რომ არა საინფორმაციო ანალიტიკურ სააგენტო „ივერიონში“ მიხეილ ჯიბუტის მიერ პირდაპირი დამიზნებით და წერტილოვანი დარტყმებისთვის გამოქვეყნებული ფრიად საყურადღებო წერილი (15.05.2020 წ., „გიორგი გახარია მემკვიდრეობით მიღებული კანონდარღვევით წავა?“რომელიც კეთილგანწყობით, პასუხისმგებლობით, მიზანშეწონილობითაა დამუხტული და ფაქტობრივად, ხმამაღალი, გაბედული შეძახილია Covid-19-ის გამოჩენამდე სახელისუფლებო იერარქიის მიტაცების დაუნდობელ ჭიდილში მიჩქმალული ბნელი განზრახვების სამხილებლად და პოსტპანდემიური პერიოდისთვისჯანსაღი ცხოვრების წესრიგისდასამკვიდრებლად. თავისი შინაარსითა და პათოსით, ეს წერილი ხელისუფლებისათვის მხარში დგომის საუკეთესო ნიმუშია - შეხსენებაა იმისა, თუ რას უნდა მიექცეს ყურადღება, რა გამორჩა „მზრუნველ მეურვეს“ და რა უნდა გამოსწორდეს.

უახლოეს წარსულში, როცა ჯერ კიდევ საბჭოური წესრიგი „გვაბეზრებდა თავს“, არათუ საზოგადოდ ცნობილი და კომპეტენტური პირის ვრცელი წერილი, არამედ რიგითი ჟურნალისტის „მორიგი რეიდის“ ჩამოქროლების მასალა რომ დაიბეჭდებოდა პრესაში, „რეკდნენ ზარები“, ზანზარებდა მმართველობითი ელიტა, გამოსავალს ეძებდნენ... ახლა დაწერილს კი არა, ფირზე აღბეჭდილსა და დოკუმენტურად დადასტურებულსაც მარშით ჩაატარებენ ყურებსა და თვალთა საწიერს.

დროის ყველაზე დიდი უბედურება სწორედ ესაა, როცა ხალხს (ბრძენს, ყოვლისმცოდნეს, გამოცდილს) ხელისუფლება არ უსმენს და თავისას „ასე უბერავს“, უფრო უარესია, როცა ვისაც ესმის, ჩუმად ზის და სხვისთვის საამებელს „ისე უბერავს“.

ოდესღაც ხომ უნდა დასრულდეს ეს ყველაფერი?!

ძლიერ ცუდად მენიშნა, რომ მიხეილ ჯიბუტის წერილი, სულ ცოტა, 1000-მა მკითხველმა ნახა, თუმცა ორიოდ  გაბედული „რაინდის“ გარდა, არავინ კომენტარი არ დაურთო, მოსაზრება არ გამოხატა, ის მაინც არ დააფიქსირა, ემხრობა თუ არა მის პოზიციას, არადა, ეს უთუოდ აუცილებელია საზოგადოებრივი აზრის ფორმირებისთვის!

რა მოხდა? წერილი ზომაზე მეტად მკაცრი იყო თუ მოერიდათ?

ჩემი აზრით, საჯარო მოხელეები მეტ პასუხისმგებლობას უნდა გრძნობდნენ, როცა გადაწყვეტილებებს იღებენ, როცა მოვალეობას არ ასრულებენ, როცა ეშმას ეყიდებიან, როცა საზოგადო სიკეთეს, წესრიგს და განვითარებისკენ პატიოსან სწრაფვას ზურგს აქცევენ. უნდა ესმოდეთ, რომ მათი ნამოქმედარი უთუოდ გამოჩნდება, - ათასობით მზერა აკონტროლებთ.

წაყრუებამ, მორიდებამ, მაამებლობამ, მხოლოდ საკუთარი კეთილდღეობისთვის ზრუნვამ და ჩრდილში განცხრომით ყოფნამ დაგვაზარალა.

მეტი აქტიურობით უნდა ჩავერთოთ პოსტპანდემიური პერიოდისთვის მზადებაში და არ დავუვაშთ, პროფესიული განვითარება კერძო ინტერესების გავლენებს შეეწიროს.

 

 P.S. რედაქციის შეხედულება, შესაძლოა, არ ემთხვეოდეს რუბრიკა "თვალსაზრისში" გამოქვეყნებული სტატიის ავტორის აზრს

იური პაპასქუა

ბოლო სიახლეები