იური პაპასქუა: მოდის კორონავირუსის ნამოქმედარზე დამანგრეველი ნიაღვარი

28 მაისი, 2020 10:08 თვალსაზრისი


გამოხმაურება მიხეილ ჯიბუტის ღია წერილზე

 


მიხეილ ჯიბუტმა უკვე მერამდენედ გაგვაოცა გამბედაობით, პირდაპირობით, უაღრესად აქტუალური და მიჩუმათებული თემების წამოწევით.

კალანდის შემობრძანებისას ატეხილ ბათქივით იქუხა მის მიერ მოქნეული მათრახის წვეტმა.

ბუღალტრული აღრიცხვის, ანგარიშგებისა და აუდიტის ზედამხედველობის სამსახურის ფუნქციების ფინანსთა სამინისტროდან ეროვნული ბანკისთვის გადაკისრების თაობაზე მომზადებულ კანონპროექტში ხარვეზის აღმოჩენა საქმეში ოდნავადაც ჩახედულ სპეციალისტს არ გაუჭირდება. ეს დოკუმენტი, მისი მაკრო და მიკრო ეკონომიკურ სფეროზე მოსალოდნელი შესაძლო ნეგატიური გავლენის გამო, დივერსიულ აქტადაც კი შეიძლება ჩაითვალოს.

ამ პროექტის მიღება, ბუღალტრულ აღრიცხვასა და აუდიტის დარგში დაწყებული რეფორმებისა და მიღწეული შედეგების მთლიანად დასამარებაა. ეს, ამავე დროს, ეროვნული ბანკისთვის კონსტიტუციით განსაზღვრული ძირითადი მიზნის - ფასების სტაბილურობის უზრუნველყოფის, აგრეთვე საქართველოს პარლამენტის მიერ დადგენილი ფულად-საკრედიტო და სავალუტო პოლიტიკის შეცვლის და მასზე სრულიად განსხვავებული, ინტერესთა კონფლიქტის მატარებელი ახალი ფუნქციის დაკისრების ყველაზე გაუაზრებელი მცდელობაა. მით უფრო, ეროვნული ბანკი თავის უმთავრეს დანიშნულებას - ფასების სტაბილურობას ყველაზე ცუდად უძღვება.

მიხეილ ჯიბუტის ღია წერილის გაცნობის შემდეგ უფრო გამიმყარდა აზრი, რომ მთავრობის  სახელით წარმოდგენილი ეს „ინიციატივა“, მართლაც, „შეთქმულთა კლასტერის“ ნამოქმედარია. როგორც ჩანს, ავტორები ამოეფარნენ განმარტებით ბარათში „აღწერილ“ მყვირალა, შინაარსისგან დაცლილ, „გამაბრუებელ“ მიზანს და ასე „შეუცურეს“ პრემიერს პარლამენტში კანონპროექტის წარსადგენად თანმხლები წერილი.

მიხეილ ჯიბუტის პრემიერისთვის გაგზავნილ მიმართვაში წარმოდგენილია კანონპროექტის მომზადებასა და ინიცირებაში დაშვებული დარღვევების სრულიად სხვა - კანონპროექტის შემქმნელი ნამდვილი ჯგუფის გამაშიშვლებელი, მამხილებელი, ფაქტობრივად, საბრალდებულო დასკვნის ტოლფასი, მოულოდნელი რაკუსი, რომლითაც ამ  „კოლექტიური  შემოქმედებისთვის“ ჯერ სხვას ასე და არც ავტორებს შეუხედავთ.

ისედაც პასუხგაუცემელი უთვალავი კითხვისა და ასეთი უზუსტესი წერტილოვანი  დარტყმის შემდეგ, კანონპროექტს არც უნდა მიეცეს შემდეგი მსვლელობა, თუმცა ჩვენ ვცხოვრობთ ისეთ რეალობაში, როცა ასეთი თავნებობა შესაძლებელია.

გუშინდლამდე ჯერ კიდევ მქონდა მოლოდინი, რომ კანონპროექტის ავტორები გაითვალისწინებდნენ შენიშვნებს, რომლებიც ამ ჯგუფს ფორსირებულ რეჟიმში მიეწოდა, თუმცა ცვლილებების ახალ ვარიანტში, გამოქვეყნებულთან შედარებით, უზურპაციის უფრო მეტი ცდაა - ნათლად გამოიკვეთა პროფესიის განვითარების ხელშეწყობისა და სახელმწიფოებრივი აზროვნებისგან განსხვავებული ინტერესები.

აშკარაა, რომ კანონპროექტის ავტორებს სურთ ეროვნული ბანკის გამგებლობაში მოაქციონ თავიანთი ბიზნეს-ინტერესები, ერთ მმართველობაში დაიქვემდებარონ ბუღალტრული აღრიცხვის, აუდიტის და საშემფასებლო საქმიანობის რეგულირება ამ პარლამენტის ბოლო სესიას ცაიტნოტში მიაღებინონ ეკონომიკისათვის კორონავირუსის ნამოქმედარზე დამანგრეველი განზრახულობა.

კანონპროექტის ავტორები ნაცარს აყრიან თვალებში პროფესიის წარმომადგენლებს. ამ ხალხმა უკეთ იცის, რა ვარგა და რამ შეიძლება ზიანი მოიტანოს, თუმცა მათ არავინ ეკითხება - ეს ცნობიერების ყველაზე დამანგრეველი და სიბნელეში დამაბრუნებელი ნიაღვარია.

კანონპროექტის მიუღებელი პოზიციები საჯაროდ პირველმა გიორგი ცერცვაძემ გამოამზეურა. ყველაზე მკვეთრად და წონადად კი მიხეილ ჯიბუტი აღუდგა წინ ამ უმსგავსობას. კიდევ ერთხელ გულდასმით წაიკითხეთ ეს წერილი - დარწმუნდებით, რომ ამ მართლაც, მაღალპროფესიულ, ანალიტიკურ და მომავლის განჭვრეტით გადავსებულ მეცადინეობიდან, ყველაზე კეთილგანწყობილი, ქვეყნის ეკონომიკურ განვითარებაზე დამაფიქრებელი მოსაზრებები იღვრება. ვისაც ესმის, ამ ნაკადს, ყველაზე ცოტა, პეშვი მაინც უნდა შეუშვიროს.

ბევრი უფრთხის თავის ადგილს და არ ჩანს მათი აქტიურობა. დღეს პროფესიას, მის განვითარებას საფრთხე ემუქრება. ხვალ მოფრთხილებული ადგილიც არ დარჩება.

ამიტომ მოგიწოდებთ პროფესიის წარმომადგენლებს, სპეციალისტებს, ყველას, ვისაც გაგაჩნიათ გამოცდილება და გესმით, რა შეიძლება მოჰყვეს ასეთ უწყებრივ გადამისამართებას, გამოთქვით აზრი, დააფიქსირეთ თქვენი პოზიცია - ეს აუცილებელია საზოგადოებრივი აზრის ფორმირებისა და თავსმოხვეული ძალადობის აღსაკვეთად.


იური პაპასქუა

        ეკონომიკურ მეცნიერებათა აკადემიური დოქტორი, სსუ პროფესორი


იური პაპასქუა

ბოლო სიახლეები