იური პაპასქუა: ტროას ცხენი პარლამენტში ანუ სამოხელეო სინერგია

3 ივნისი, 2020 00:09 თვალსაზრისი


იური პაპასქუა

ეკონომიკურ მეცნიერებათა აკადემიური დოქტორი

სსუ პროფესორი


გამოხმაურება მიხეილ ჯიბუტის მორიგ ახალ ღია წერილზე: „პარლამენტი პარლამენტის წინააღმდეგ?

 

ასეთი ინტერესი პროფესიულმა თავმოყვარეობამ განაპირობა - კანონპროექტი, რომლის მიღებასაც აწუკვე პარლამენტი აპირებს, დივერსიულ აქტად მიმაჩნია. ვცადე, საკუთარი პოზიცია გადამეხედა, თუმცა მიხეილ ჯიბიტის ამ წერილმა დამარწმუნა, რომ არ ვცდებოდი. მეტიც, გამახედა იმ „ჭუჭრუტანაში“ რომელიც არც შემინიშნავს. დეტალების ხაზგასმას (განხილვას, განმეორებას) არ შევუდგები, წერილში გამოთქმულ მოსაზრებებსა და შეფასებებს აბსოლუტურად ვიზიარებ. გამოვხატავ რა ჩემი კოლეგების განწყობას, ვუერთდებით აქ წარმოდგენილ პათოსს და საჭიროდ მივიჩნევ მივიქციოთ საზოგადოების ყურადღება „ცუდად შეფუთული“ და „ტროას ცხენივით მზაკვრულად შემოგდებული“ უმსგავსობის აღსაკვეთად.

ეს „თავგანწირვა“ სულაც არაა პოლიტიკურ პარტიულ-ოპოზიციური დაპირისპირება. ჩემი თანამზრახველობა და თანამოაზრეობა იმ სფეროს ეხება, რომელსაც ოთხ ათეულ წელზე მეტია ვემსახურები. სხვა განზრახვა არ გამაჩნია. ურყევად ვდგავარ იქ, სადაც „ზურგის ტვინით“ ვგრძნობ, რომ რეფორმებს ამოფარებული ინტერესთა ჯგუფი „შეთქმულებას აწყობს“- საღ აზრს უპირისპირდება და გამოცდილება მაძლევს საშუალებას განვაცხადო: ეს გზა კბოდეზე გადაუშვებს დარგის რეგულირებაში მიღწეულ წარმატებებს. სხვაგვარად არც შემიძლია - თვალდახუჭვა, გაჩუმება დანაშაულის ტოლფასია.

მიხეილ ჯიბუტმა პრემიერ-მინისტრისთვის მიმართვის წინა ღია წერილში „მთავრობის მიერ ეროვნული ბანკის მცოცავი ოკუპაცია, თუ ფინანსიზაცია?“, გამოააშკარავა და საჯარო გახადა „საქართველოს ეროვნული ბანკის შესახებ“ საქართველოს ორგანულ კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“, აგრეთვე მისგან გამომდინარე კანონპროექტების“ მომზადებასა და პარლამენტისთვის წარდგენის პროცესის თანმხლები უპატიებელი დარღვევების ნუსხა - კანონპროექტის შემქმნელი ნამდვილი ჯგუფის გამაშიშვლებელი, მამხილებელი, შეუდავებელი, ფაქტობრივად, „საბრალდებულო დასკვნა“. ასეთი მიმართვის შემდეგ, კანონპროექტებს არც უნდა მისცემოდა შემდგომი მსვლელობა.

ახალი ღია წერილი: „პარლამენტი პარლამენტის წინააღმდეგ?“, რომელიც პარლამენტისა და საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარეებს საქართველოს ეკონომიკურ მეცნიერებათა აკადემიის სახელით გაეგზავნა, პარლამენტში კანონპროექტების მიღების (განხილვის) უკვე დაწყებულ პროცესების თანმხლებ დარღვევებს ასახავს. აქ მკაფიოდ, არგუმენტირებულად, პირდაპირ, ყოველგვარი მორიდების გარეშე, აღწერილია, თუ რა ვერ „შეამჩნია“ ან მიაჩუმათეს პარლამენტის კომიტეტებმა, რომ ბოლომდე შეუფერხებლად გავიდეს კანონპროქტების პაკეტის ავტორთა ახირება.

დიახ, ახირებაა, უფრო „კოლექტიური ინტერესი“, ეროვნული ბანკისთვის ისეთი ფუნქციის გადაკისრება, რაც, მოქმედი კანონმდებლობის ფარგლებში, დაუშვებელია მას ანდო, რაზეც ამ ინტერესის ჯგუფის გარდა, სხვა ყველა თანხმდება, რომ ეს ინიციატივა ზიანის მომტანია: - პროფესიულ ორგანიზაციებს, რომლებზეც, ფაქტობრივად, გადადის რეფორმის ყველა სიახლის, ცუდის და კარგის, აღსრულება, კანონპროექტი არ მოსწონთ (მათთვის არავის არაფერი უკითხავს, არც „აღსანიშნად“ სახელდახელოდ მოწყობილი შეხვედრისთვის მიდევნებული შენიშვნები გაუთვალისწინებია ვინმეს); სპეციალისტებისგან უკიდურესად უარყოფითი გამოხმაურება მოჩქრიალებს ყველა პუბლიკაციიდან; ბუღალტრული აღრიცხვის, ანგარიშგებისა და აუდიტის ზედამხედველობის საბჭოს არ განუხილავს მისი სტატუსის შეცვლის საკითხი და უცნობია მათი პოზიცია; არც ეროვნული ბანკის საბჭოს უმსჯელია სებ-ისთვის ახალი ფუნქციის მინიჭების მიზანშეწონილობის შესახებ; ჩნდება ახალი გარემოებებიც, რაც მთელ ამ პროცესის მართლზომიერებას ეჭვქვეშ აყენებს. აი, თუნდაც:

საქართველოს პარლამენტის რეგლამენტის (მუხლი 101, 1, გ) თანახმად, პარლამენტისათვის საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარდგენილ კანონპროექტს, პარლამენტის ბიურო განსახილველად გადასცემს წამყვან კომიტეტს, სხვა კომიტეტებს, ფრაქციებს, უმრავლესობას, უმცირესობას, პარლამენტის აპარატის იურიდიულ დეპარტამენტს, აგრეთვე საქართველოს მთავრობას. საფინანსო სექტორის წარმომადგენლის საქმიანობის მარეგულირებელი კანონპროექტი გადაეცემა ასევე საქართველოს ეროვნულ ბანკს. მოცემულ შემთხვევაში, ეს მოთხოვნა, ვთქვათ, დაცულია. ამ უკანასკნელმა კი 2020 წლის 16 მარტის N3313/4-3/20 წერილზე საქართველოს პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავჯდომარეს 2020 წლის 1 ივნისს გაუგზავნა პასუხი (N 2-14/1405, შტრიხკოდით: 1405-14-2-202006010852), რომლითაც საქართველოს ორგანული კანონის პროექტის „საქართველოს ეროვნული ბანკის შესახებ“ საქართველოს ორგანულ კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ და მასთან დაკავშირებული კანონების პროექტების პაკეტის (№07-2/459) „შესაბამის უწყებებსა და სხვა დაინტერესებულ პირებთან ფორსირებულ რეჟიმში განხილვის შედეგად“ გამოკვეთილ რიგ საკითხებზე წარუდგინა საჭირო ცვლილებები და დაზუსტებები. წერილს ხელს აწერს ეროვნული ბანკის ვიცე-პრეზიდენტი პაპუნა ლეჟავა, რომელიც ამავდროულად, ბუღალტრული აღრიცხვის, ანგარიშგებისა და აუდიტის ზედამხედველობის საბჭოს წევრიცაა.

„საქართველოს ეროვნული ბანკის შესახებ“ კანონის (მუხლი 15, 1, ბ) თანახმად, ეროვნულ ბანკს მესამე პირებთან წარადგენს ეროვნული ბანკის პრეზიდენტი, რომელიც ადგილზეა და უფლებამოსილებებს ასრულებს.

ასეთ მოცემულობაში, გაუგებარი რჩება ვის პოზიციას წარმოადგენს ვიცე-პრეზიდენტი, - ეროვნული ბანკის საბჭოს (რომელსაც ეს საკითხი არ განუხილავს), ბუღალტრული აღრიცხვის, ანგარიშგებისა და აუდიტის ზედამხედველობის საბჭოს (ის მხოლოდ წევრია ამ საბჭოში) თუ ეროვნულ ბანკს (რომლის წარმომადგენლობა ბანკის პრეზიდენტს ევალება)?! ამასთან, რომელ „შესაბამის უწყებებსა და სხვა დაინტერესებულ პირებთან ფორსირებულ რეჟიმში განხილვის შედეგად“ გამოკვეთილ საჭირო ცვლილებებსა და დაზუსტებებზეა აქ მინიშნება? - პროფესიული ორგანიზაციების არც ერთი საყურადღებო შენიშვნაც კი ამ წერილში გათვალისწინებული არაა; სპეციალისტების მიერ მითითებულ დარღვევებსა და უმთავრეს სადაო საკითხებზეც არაა პასუხი გაცემული.

გარდა ამისა, სხვა გაუთვლელ და უარყოფით შედეგებთან ერთად, ავტორები ცრუობენ კიდეც და ირწმუნებიან, რომ ცვლილებებთან დაკავშირებით ხარჯების მატება მოსალოდნელი არ არის. ამ დროს, ასეთი დათქმა სრულიად მიუღებელია: პროექტიტან ნათლად ჩანს, რომ იზრდება ბანკის საბჭოს წევრების რიცხოვნება, ახლადშესაქმნელ კომიტეტსაც გარედან შეიძლება წევრები დაემატოს. აღნიშნულის გათვალისწინებით, სრულიად აშკარაა განაცხადთან აცდენა. ამასაც თავი რომ დავანებოთ, თუ უკეთესი პირობები არ იქმნება (რაც ცხადია, მეტ დანახარჯთან არის დაკავშირებული), თუ უწყებრივი დამოკიდებულება ნარჩუნდება და მმართველობა (რეგულირება) გაცილებით მეტ ბიუროკრატიულ ბარიერებს იქმნის, მაშინ რა გამორჩენისთვის ხორციელდება ასეთი „მასშტაბური“ცვლილება?!

არის კიდევ ერთი აუხსნელი გარემოებაც: უწყებრივი დაქვემდებარების მოდელში, ბუღალტრული აღრიცხვის, ანგარიშგებისა და აუდიტის ზედამხედველობის სამსახურების „შეფარებისთვის“ ყველაზე „საუკეთესო“ არჩევანი ფინანსთა სამინისტრო იყო. ახლა, როცა ზედამხედველობის სხვა უწყებაზე (ეროვნულ ბანკზე) გადამისამართება იგეგმება, გამოდის, რომ ფინანსთა სამინისტრომ ვერ შეასრულა დაკისრებული მოვალეობა - ზედამხედველობის სამსახურს ვერ შეუქმნა ფუნქციონირებისა და განვითარების სათანადო პირობა, ან გაჩნდა შეუთავსებლობის (პიროვნული დაპირისპირების) გაუხმაურებელი (კულუარული) კერა და კონფლიქტის განრიდების ინიციატორებს გაუჩნდათ „ახალი სარფიანი ინტერესი“ ეროვნულ ბანკში (რომელზეც, რეგულაციის მიღებისას, ერთხელ უკვე უარი თქვეს საერთაშორისო ექსპერტებმა და პარლამენტმაც კი) თავი მოეყარა ფინანსური სისტემის მარეგულირებელ ყველა წარმონაქმნს.

კი, მაგრამ მაშინ ვინ უნდა აგოს პასუხი ფინანსთა სამინისტროს „შეუსრულებელ მისიაზე“ ან უკვე - ერთხელ დაწუნებულ „თავშესაფარში“ დაბრუნების ახალ არჩევანზე?!

მოკლედ, საითაც კი ეს ცვლილებათა პაკეტი გადაისადგურებს, დარღვევის მიმართ მედეგობა უქვეითდება, ახალ თავსატკივარს იძენს, უკურნებელ „ვირუსებს“ იკიდებს და მიუხედავად იმისა, რომ თანამიმდევრობით დალაგებულია (საჯარო გახდა) მიჩუმათებული (აწუკვე გახმაურებული) „კანონშემოქმედებითი პროცესის“ ყველა დარღვევა და ნეგატივი, ინტერესთა ჯგუფის დაუოკებელი თავნებობა მაინც მიიწევს წინ ფინიშისკენ - მალე კანონის სახით უნდა მოგვევლინოს.

მაშ, რა ხდება?! - თუ კანონპროექტები მომზადდა და ინიცირებულია ჩუმად, პროფესიის წარმომადგენლებთან კონსულტაციის გარეშე, დადგენილი პროცედურების დარღვევებით; პარლამენტის კომიტეტებშიც უხეშად ირღვევა რეგლამენტით განსაზღვრული ნორმები; თუ ცვლილებათა პაკეტი მოქმედი საკანონმდებლო აქტების -კონსტიტუციის, შესაბამისი კანონების, აგრეთვე საერთაშორისო შეთანხმებების ნორმებთან წინააღმდეგობაშია, ინტერესთა კონფლიქტსაც აღვივებს; თუ საუკეთესო გამოცდილებას არ ვიზიარებთ და საერთაშორისო ორგანიზაციებსაც რჩევას არ დავეკითხებით; თუ შინაური ექსპერტები და სპეციალისტები სასიკეთოს არაფერს ხედავენ ამ „ავანტიურაში“; თუ პროექტის ავტორები სარწმუნოდ ვერ ხსნიან ცვლილების უპირატესობას და აუცილებლობას, მაშინ რა შეიძლება ვუწოდოთ ასეთ „სამოხელეო სინერგიას?“ რად გვინდა ცვლილება, რომელიც ასამარებს იმას, რაც წარმატებულადაა მიჩნეული და თავიდანვე განწირულია მარცხისთვის? ვის ბიზნეს-ინტერესებს ემსახურება ჩაფიქრებული ცვლილება? - ამ კითხვებს პასუხი უნდა გაეცეს.

სხვა აზრი არც უნდა იყოს, დაწყებული რეფორმები უთუოდ საჭიროებდა განვითარებას. მათ შორის, ზედამხედველობის სამსახური რეორგანიზაციას - დამოუკიდებლობისკენ უფრო თამამი ნაბიჯების გადადგმას, სადამსჯელო ბერკეტებიდან განთავისუფლებას და ბუღალტრული, ანგარიშგებითი, აუდიტორული საქმიანობის პრობლემების გადაწყვეტის, ხელშეწყობის სტრუქტურულ ერთეულად ჩამოყალიბებას. მაგრამ არა უწებიდან უწყებაზე ისეთ გადამისამართებას, როგორიც შემოგვთავაზეს.

გონებაში როცა ვაანალიზებ, რომელი სახის ორგანიზაციული მოწყობაა უკეთესი ან მისაღები, ყოველთვის ვიხრები ზედამხედველობის სამსახურის დამოუკიდებელ ერთეულად ჩამოყალიბებაზე, მის არაპრაქტიკოსებით დაკომპლექტებაზე, ისე როგორც ეს ევროდირექტივებშია რეკომენდირებული. ყველაზე საუკეთესო იყო და ახლაც ამ აზრზე ვრჩები, რომ შეიქმნას ბუღალტრული აღრიცხვის, ანგარიშგებისა და აუდიტის ზედამხედველობის დამოუკიდებელი მარეგულირებელი ინსტიტუტი და და დაუწესდეს მას პარლამენტის წინაშე ანგარიშვალდებულება. დაფინანსების, დაკომპლექტების და მმართველობის დეტალებზე/სრულყოფაზე კომპეტენტური მსჯელობა ყოველთვის შეიძლება. სხვა მოსაზრების განვითარებას, გვინდა თუ არა, კერძო ინტერესების ლობირებისკენ მივყავართ.


იური პაპასქუა

ბოლო სიახლეები