წელს ციტრუსის მოსავალი უხვი არ არის, თუმცა ხარისხი გაზრდილია

11 ნოემბერი, 2020 11:22 ეკონომიკა & ბიზნესი




ციტრუსის მოსავლის აღებისა და დაბინავების საორგანიზაციო საკითხები გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა, ლევან დავითაშვილმა აჭარის ა/რ სოფლის მეურნეობის მინისტრთან, გიორგი სურმანიძესთან ერთად განიხილა.
წელს აჭარაში მაღალი ხარისხის ციტრუსის მოსავალს ელოდებიან. მოსავლის საპროგნოზო მაჩვენებელი 40 ათასამდე ტონას შეადგენს; აქედან 50% ექსპორტზე გავა.

„დღევანდელ სამუშაო შეხვედრას აჭარის ა/რ სოფლის მეურნეობის ახალ მინისტრთან ერთგვარი გაცნობითი ხასიათი ჰქონდა; შესაბამისად, განვიხილეთ ყველა სტრატეგიული მიმართულება, თუმცა, ძირითადი ციტრუსის რთველი იყო. ბოლო წლების ანალოგიურად, წელსაც იფუნქციონირებს შტაბი, სადაც ციტრუსის მოსავლის დაბინავებაზე ერთობლივად ვიმუშავებთ. კოორდინირებულად მოხდება არასტანდარტული მანდარინის ჩაბარება, გადამუშავება, ნაკადების კონტროლი და აღრიცხვა ელექტრონული პროგრამის მეშვეობით. ნარინჯისფერი რთველი წელსაც ორგანიზებულად ჩაივლის“, - განაცხადა ლევან დავითაშვილმა.

როგორც აჭარის სოფლის მეურნეობის მინისტრმა, გიორგი სურმანიძემ აღნიშნა, 2020 წელს ციტრუსის მოსავალი უხვი არ არის, თუმცა ხარისხი გაზრდილია. მინისტრის განცხადებით, წელს 7 ათას ტონამდე არასტანდარტულ მანდარინს ელოდებიან, რაზეც აჭარის სოფლის მეურნეობის სამინისტროს ბიუჯეტით სუბსიდირება არის გათვალისწინებული. არასტანდარტულ მოსავალს 30-მდე მიმღებ-დამხარისხებელი საწარმო ჩაიბარებს.


წყარო:

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო

თუ მომავალშიც გსურთ ჩვენი სიახლეების მიღება,             

                                მოიწონეთ "ეკონიუსი"


                                                


ბოლო სიახლეები