როგორ გამოვიყვანოთ ციტრუსოვანი კულტურების სარგავი მასალა პოლიეთილენის პარკებში

7 დეკემბერი, 2020 19:03 ვენახი, ბაღ-ბოსტანი, ფერმა




🍊ციტრუსოვანთა ნერგების გამოყვანა ხდება სპეციალურად მოწყობილ სანერგე მეურნეობებში, რომლებიც აღჭურვილია თანამედროვე ტექნოლოგიებით. ნერგი უნდა იყოს იმუნური და ახასიათებდეს ჯიშის მემკვიდრული ნიშან-თვისებები.
🍊 ციტრუსოვანთა ნერგების გამოყვანის ტექნოლოგია პოლიეთილენის პარკებში გრუნტში გამოყვანასთან შედარებით ხასიათდება შემდეგი უპირატესობით: ნერგების რეალიზაცია-დარგვა მუდმივ ადგილზე შეიძლება ჩატარდეს წლის ყველა პერიოდში; ფესვთა სისტემის მთელი მასა დაუზიანებლად შენარჩუნებულია და ნერგის გახარების უნარი იზრდება 100%- მდე.
🍊 ნერგების გამოყვანის ტექნოლოგია ასეთია: სუბსტრატად გამოიყენება ალუვიალური ნიადაგი, რომელსაც უმატებენ ტორფკომპოსტს, შეფარდებით 1:2 თან. ერთ ტონა მასას უმატებენ 20კგ. ფოსფორიან და 5კგ. კალიუმიან სასუქებს. ნარევი ფენა კარგად აირევა და გაიცრება. სუბსტრატი უნდა იყოს ფხვიერი და გასუფთავებული ქვებისა და სხვა მინარევებისაგან. სუბსტრატად წითელმიწა ნიადაგის გამოყენებისას, მას უნდა დაემატოს კირი ნახევარი გაცვლითი მჟავიანობის ანგარიშით.
🍊 ნერგების გამოსაყვანად პოლიეთილენის პარკის ზომა უნდა იყოს 20х30 სმ;სამ კგ. ნიადაგის ტევადობით. პარკს ძირში უკეთდება 2 ნახვრეტი დრენაჟისათვის. ასევე 4 გვერდითი ნახვრეტი ჰაერის დრენაჟისათვის. პარკები მჭიდროდ ივსება მომზადებული ნიადაგის ნაზავით და ვერტიკალურად ეწყობა სანერგის რიგებში. 1კვ.მეტრზე თავსდება 80 პარკი ანუ 1 ჰა-ზე 350 ათასი ცალი.
🍊 მარტის მეორე ნახევარში ან აპრილის დასაწყისში პარკებში რგავენ ტრიფოლიანტის თესლნერგებს, რომლის დიამეტრი ფესვის ყელთან უნდა იყოს არა ნაკლებ 3მმ. თესლნერგის ფესვს ამოკლებენ ერთი მესამედით, ამოავლებენ წუნწუხში და თითო-თითოს რგავენ ცალ-ცალკე, აუცილებელი მორწყვით. 15-20 დღის შემდეგ ამოწმებენ გახარებას, გახმობის შემთხვევაში რგავენ ახალ თესლნერგს.
🍊 ტრიფოლიატის თესლნერგების გამოყვანა შესაძლებელია, როგორც დახურულ გრუნტში , ისე ღია გრუნტში კვლებზე. ტრიფოლიანტის თესლის დასამზადებლად წინასწარ შერჩეულ ხეებზე იკრიფება მსხვილი და მომწიფებული ნაყოფები, როდესაც ნაყოფი ლპობას დაიწყებს გამოიღებენ თესლს, რეცხავენ წყალში და აშრობენ.
🍊 ადრე გაზაფხულამდე თესლი ინახება სილაში გრილ სარდაფებში. თესვას აწარმოებენ გაზაფხულზე ღია კვლებზე 2-3სმ. მანძილზე. საძირეების გადარგვა-პიკირება პოლიეთილენის პარკებში, ან ღია კვლებზე ხდება შემოდგომა-გაზაფხულზე, როდესაც მისი დიამეტრი ფესვის ყელთან 4მმ-ზე მეტია.
🍊 ციტრუსოვანთა მყნობის ძირითად სახედ ითვლება კვირტით მყნობა ადრე შემოდგომაზე (აგვისტო-სექტემბერი). მყნობას აწარმოებენ 8-10 მმ სიმსხოს მქონე ტრიფოლიატის საძირეებზე 5-6 სმ. სიმაღლეზე ფესვის ყელიდან. მყნობას აწარმოებს გამოცდილი სპეციალისტი. მყნობიდან 10-15 დღის შემდეგ მოწმდება კვირტების გახარება, თუ არ გაიხარა საძირეზე მეორე მხრიდან წარმოებს განმეორებითი მყნობა.
🍊 მომდევნო წელს ვეგეტაციის დაწყებამდე საძირეები გადაიჭრება გახარებულ კვირტზე 2-სმ.ზემოთ. სავეგეტაციო პერიოდში საჭიროების მიხედვით ხდება საძირეებზე ამონაყრების მოცილება, სარეველებისაგან გასუფთავება, გაფხვიერება, განოყიერება, მორწყვა. მანდარინისა და ფორთოხლის სტანდარტულ ნერგებს უნდა ჰქონდეთ 15- 20 სმ; ლიმონის ნერგებს 10-15 სმ. სიმაღლის შტამბი. 2-3 ძირითადი გვერდული ტოტი.

წყარო:

სოფლის მეურნეობის სამეცნიერო კვლევითი ცენტრი / SRCA

თუ მომავალშიც გსურთ ჩვენი სიახლეების მიღება,             

                                მოიწონეთ "ეკონიუსი"


                                                



ბოლო სიახლეები