ბორის ჭიჭინაძე: საქართველოს მაკროეკონომიკური გამოწვევები მსოფლიო პანდემიის ფონზე

6 აგვისტო, 2020 18:15 თვალსაზრისი






   ყველასათვის ცნობილია, რომ კორონავირუსის შედეგად გამოწვეული  რთული ეკონომიკური მდგომარეობის შესამსუბუქებლად მსოფლიოს თითქმის ყველა ქვეყნის მთავრობებმა და ცენტრალურმა ბანკებმა კოლოსალური თანხები გამოყო.  შექმნილ მდგომარეობას ართულებს ის, რომ ჯერ კიდევ უცნობია იქნება თუ არა ვირუსის აფეთქების მეორე ტალღა. მსოფლიოში ამ კუთხით შექმნილია არაორდინალური  და რთულად პროგნოზირებადი მდგომარეობა. საერთაშორისო ორგანიზაციები, ისეთები, როგორიცაა: საერთაშორისო სავალუტო ფონდი, მსოფლიო ბანკი, ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკი, აზიის ბანკი, მსოფლიო სავაჭრო ორგანიზაცია და სხვა, პროგნოზს ვერ აკეთებენ შექმნილ მდგომარეობასთან დაკავშირებით და ვერ სთავაზობენ შესაბამის რეკომენდაციებს ქვეყნებს, მაშინ როცა ასეთი რეკომენდაციები სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია, განსაკუთრებით  განვითარებადი ქვეყნებისთვის. მდგომარეობას კიდევ უფრო ართულებს და პერსპექტივას  ბუნდოვანს ხდის ის, რომ  ეკონომიკის დარგში ნობელის პრემიის ლაურეატებიც  არ აკეთებენ პროგნოზს შექმნილ არაორდინალურ მდგომარეობაზე და არ სთავაზობენ შესაბამის სამოქმედო გეგმებს მსოფლიო ქვეყნების მთავრობებს. გამომდინარე აქედან, ჯერ კიდევ უცნობია უახლოეს მომავალში თუ რა სოციალურ-ეკონომიკური პრობლემების წინაშე აღმოჩნდებიან ქვეყნები აღნიშნული პანდემიის ფონზე. საჭიროა საქართველოს მთავრობამ მსოფლიოში შექმნილი რთული  და არაპროგნოზირებადი ეკონომიკური მდგომარეობის გათვალისწინებით  ადგილობრივ რესურსებზე (მეცნიერებათა ეროვნული აკადემია, უმაღლესი სასწავლებლები,  ეროვნული კვლევითი დაწესებულებები და სხვა)  დაყრდნობით   მოამზადოს ქვეყნის განვითარების როგორც მოკლევადიანი, ასევე გრძელვადიანი სტრატეგიული გეგმა, რომელიც ორიენტირებული იქნება ეროვნული მწარმოებითი დარგების განვითარებაზე და იმპორტჩანაცვლებითი პოლიტიკის  ცხოვრებაში გატარებას შეუწყობს ხელს. აღნიშნული სტრატეგიული გეგმით საქართველომ მაქსიმალურად უნდა აიცილოს მოსალოდნელი რისკები.

 საინტერესოა თუ რა მდგომარეობაში შეხვდა საქართველო მსოფლიოში შექმნილ არაორდინალურ ეკონომიკურ მდგომარეობას და რა რისკების  და გამოწვევების წინაშე დგას ჩვენი ქვეყანა.  მდგომარეობის შეფასების და წარმოდგენის მიზნით მოვიყვან  და განვიხილავ რამდენიმე მაკროეკონომიკურ პარამეტრს, რომელიც მნიშვნელოვნად განსაზღვრავს ქვეყნის  ეკონომიკის საერთო მდგომარეობას.



წარმოდგენილი მონაცემებიდან (ცხრილი №1) ჩანს, რომ 2015 წლისათვის  მთლიანი ექსპორტის ოდენობამ 2.2 მილიარდი აშშ დოლარი შეადგინა, იმპორტმა კი - 7.3 მილიარდი ამერიკული დოლარი. უარყოფითი სავაჭრო ბალანსის ოდენობამ 5.1 მილიარდი ამერიკული დოლარი შეადგინა. საჭიროა აღინიშნოს, რომ 2015 წლისათვის საქართველოს თავის ძირითად სავაჭრო პარტნიორ ქვეყნებთან უარყოფითი სავაჭრო სალდო გააჩნდა. უარყოფითი სავაჭრო ბალანსის ეს ოდენობა ისეთ მდგომარეობაში მყოფი ქვეყნისთვის, როგორშიც საქართველოა მნიშვნელოვან უარყოფით ეკონომიკურ მოვლენებს იწვევს და  ქვეყნის მდგრად ეკონომიკურ განვითარებას მნიშვნელოვან საფრთხებს უქმნის. სავაჭრო ბალანსის მხრივ არსებული  უარყოფითი ტენდენცია (დაწყებული 1995 წლიდან) სამწუხაროდ შენარჩუნებული იქნა მომდევნო წლებშიც.  თვალსაჩინოებისათვის განვიხილოთ 2019 წლის მონაცემები.

 წარმოდგენილი მონაცემებიდან (ცხრილი №2) ჩანს, რომ 2019 წლისათვის  მთლიანი ექსპორტის ოდენობამ 3.8 მილიარდი აშშ დოლარი შეადგინა, იმპორტმა - 9.5 მილიარდი ამერიკული დოლარი, ხოლო უარყოფითი სავაჭრო ბალანსის ოდენობამ 5.7 მილიარდი ამერიკული დოლარი შეადგინა (სავაჭრო დეფიციტი 2015 წლისათვის 5.1 მილიარდი აშშ დოლარი იყო). საქართველოს, 2019 წელს, ისე როგორც  შესადარ 2015 წელს (ასევე 1995 წლიდან) თავის ძირითად სავაჭრო პარტნიორ ქვეყნებთან უარყოფითი სავაჭრო სალდო გააჩნდა. აღნიშნული უარყოფითი ტენდენცია სამწუხაროდ 2020 წელშიც შენარჩუნებულია.                                                                                                               

ცნობილია, რომ რაც უფრო  ღიაა ქვეყანა, რაც უფრო გახსნილია მისი ფინანსური ბაზრები, უფრო მეტი შესაძლებლობა ეძლევა ქვეყანას გადადგას  შესაბამისი ქმედითი ნაბიჯები ქვეყნის სავაჭრო დეფიციტის ან პროფიციტის შესაბამისად. ზოგადად, განსაკუთრებით ცუდ მდგომარეობაში არიან ის ქვეყნები, რომლებიც უფრო მეტი საქონლის იმპორტს ახორციელებენ ქვეყანაში ექსპორტთან შედარებით, ანუ როდესაც ქვეყანას უარყოფითი წმინდა ექსპორტი აქვს. ასეთ პირობებში მყოფი ქვეყნები იძულებულნი არიან  მოიზიდონ უცხოელი ინვესტორები ან ისესხონ ფული უცხო ქვეყნებიდან, რათა მნიშვნელოვნად გააუმჯობესონ ქვეყნის საერთო  მაკროეკონომიკური მდგომარეობა. ქვეყნების სავაჭრო და ფინანსური ნაკადების მოძრაობის შესახებ ინფორმაციას ვგებულობთ საგადასახდელო ბალანსიდან. მეტად საინტერესო სურათს მივიღებთ, თუ განვიხილავთ  საქართველოს საგადასახდელო ბალანსს გარკვეული წლების  (2015 და 2019 წწ) მიხედვით.

საქართველოს რეზიდენტები ინვესტიციებისგან შემოსავალს უცხოური აქტივების ფლობით იღებენ, ანალოგიურად არის უცხოელების შემთხვევაშიც.  წარმოდგენილი მონაცემებიდან (ცხრ. №3) ჩანს, რომ 2015 წელს სავაჭრო ბალანსის დეფიციტმა 5.1 მლრდ აშშ დოლარი შეადგინა. 2015 წელს საქართველოში ინვესტიციებიდან მიღებულმა შემოსავალმა შეადგინა 0.27 მლრდ აშშ დოლარი,  ხოლო ინვესტიციებზე გადახდებმა 1.1 მლრდ დოლარი, სხვაობამ კი-0.83 მილიარდი.  ტრანსფერტული გზავნილები საქართველოდან 1.4 მილიონი აშშ დოლარის ფარგლებში დაფიქსირდა. ცნობილია, რომ  თუ წმინდა გადახდები დანარჩენი მსოფლიოსგან დადებითია, მაშინ ქვეყანას მიმდინარე ანგარიშის პროფიციტი აქვს, ხოლო თუ  წმინდა გადახდები დანარჩენ მსოფლიოსთან უარყოფითია, მაშინ ქვეყანას მიმდინარე ანგარიშის დეფიციტი აქვს. საქართველოს 2015 წლის მიმდინარე ანგარიშის დეფიციტი 5.93 მლრდ ამერიკულ დოლარს შეადგენს. რაც შეეხება კაპიტალის ანგარიშს, 2015 წელს უცხოელების მფლობელობაში არსებული აქტივების ზრდამ 2.83 მლრდ ამერიკული დოლარი შეადგინა, ხოლო  საქართველოს მფლობელობაში არსებული აქტივების ზრდამ კი 1.18 მლრდ. დოლარი. პროფიციტი  1.65 მლრდ დოლარით განისაზღვრა. სულ 2015 წელს მიმდინარე ანგარიშის (-5.9 მლრდ. აშშ დოლარი) და კაპიტალის ანგარიშის (+1.65 ლრდ. აშშ დოლარი)  გათვალისწინებით დეფიციტმა შეადგინა -4.28 მლრდ.აშშ დოლარი, რაც 2015 წლის მშპ-ის 28.7 %-ია.

  როდესაც ქვეყანას მიმდინარე ანგარიშის დეფიციტი აქვს, მაშინ ის იძულებულია  ეს დააბალანსოს. ამისათვის კი ქვეყანა უცხოეთისგან სესხს იღებს. ანუ რამდენ სესხსაც  იღებს ქვეყანა, იმდენით იზრდება უცხოელების მოთხოვნა სესხის ამღები ქვეყნის საკუთარ აქტივებზე. წარმოდგენილი მონაცემებიდან (ცხრ. №4)  ჩანს, რომ 2019 წელს სავაჭრო ბალანსის დეფიციტმა 5.7 მლრდ აშშ დოლარი შეადგინა, ინვესტიციებისგან მიღებულმა შემოსავალმა  0.4 მლრდ აშშ დოლარი, ხოლო ინვესტიციებზე გადახდებმა კი - 1.9 მლრდ აშშ დოლარი.

 2019 წელს უცხოელების მფლობელობაში არსებული საქართველოს აქტივების ზრდა 1.9 მლრდ ამერიკულ დოლარს, ხოლო საქართველოს მფლობელობაში არსებული უცხოური აქტივების ზრდა  0.77 მლრდ. ამერიკულ დოლარს შეადგენდა, სხვაობამ 1.13 მლრდ. ამერიკული დოლარი შეადგინა. სულ 2019 წელს მიმდინარე ანგარიშის (-7.2 მლრდ. აშშ დოლარი) და კაპიტალის ანგარიშის (+1.13 ლრდ. აშშ დოლარი) გათვალისწინებით დეფიციტმა შეადგინა -6.07 მლრდ.აშშ დოლარი, რაც 2019 წლის მშპ-ის 34.2 %-ია.

   ცნობილია, რომ სავაჭრო დეფიციტი ქვეყნის მაკროეკონომიკურ მდგომარეობას მნიშვნელოვნად აუარესებს. ამიტომ ამ შემთხვევაში ქვეყნები დეფიციტის აღმოსაფხვრელად სხვადასხვა მეთოდებს იყენებენ. კერძოდ: აწესებენ სავაჭრო ბარიერებს იმპორტირებულ საქონელზე. ზრდიან ქვეყნის შიგნით წარმოებული იმ პროდუქციის ხარისხს და მიმზიდველობას, რომელიც ექსპორტისათვისაა განკუთვნილი, ანუ ქვეყნები ატარებენ მნიშვნელოვან ეკონომიკურ რეფორმებს ამ მიმართულებით.

  საჭიროა აღინიშნოს, რომ უარყოფითი სავაჭრო დეფიციტის პირობებში ქვეყანაში მნიშვნელოვნად მცირდება ცენტრალური ბანკის განკარგულებაში არსებული უცხოური ვალუტის რეზერვები. ცნობილია, რომ ნებისმიერ ქვეყნის ექსპორტი აფინანსებს მის იმპორტს, ანუ ექსპორტის შედეგად მიღებული უცხოური ვალუტა მიემართება იმპორტის შედეგად წარმოშობილი ვალდებულებების დასაფინანსებლად. სწორედ ასეთ ეკონომიკურ მოვლენებს აქვს ადგილი საქართველოში ბოლო 25 წელი (1995 წლიდან), ასეთი  პრაქტიკა მნიშვნელოვნად აუარესებს ქვეყნის საერთო მაკროეკონომიკურ მდგომარეობას, რაც მთლიანობაში ჩვენს ეროვნულ ვალუტაზე (ლარი) უარყოფითად აისახება.

როგორც ცხრილიდან ჩანს, 2006 წლიდან, 2019 წლამდე საქართველოს ეროვნული ბანკის რეზერვები 930 მლნ აშშ დოლარიდან, 3.3 მლრდ აშშ დოლარამდე გაიზარდა. რეზერვების წილი ქვეყნის მშპ-სთან (მთლიანი შიდა პროდუქტი) მიმართებაში 2006 წლიდან 2019 წლამდე პერიოდში 11.7 %-დან 18.7%-მდე ფარგლებში მერყეობს. რაც შეეხება ერთ სულ მოსახლეზე გაანგარიშებით  ეროვნული ბანკის რეზერვების ოდენობას, ის 211 ამერიკული დოლარიდან (2006 წელი) 885 ამერიკულ დოლარამდე გაიზარდა (2018 წელი). ეროვნული ბანკის რეზერვების შემცირებაზე მრავალი ფაქტორი მოქმედებს. აქედან მნიშვნელოვანია  წმინდა ექსპორტის უარყოფითი სალდო და კაპიტალის ანგარიშის დეფიციტი.

   როგორც აღვნიშნეთ, მიმდინარე ანგარიშის დეფიციტი ეროვნული ბანკის ოფიციალური რეზერვების შემცირებას იწვევს, ჩვენს შემთხვევაში მდგომარეობაზე კიდევ უფრო ნეგატიურად აისახება საქართველოში დოლარიზაციის მაღალი კოეფიციენტი. ეროვნული ბანკის მონაცემებით აღნიშნული კოეფიციენტი 2013-2019 წლებში 56 %-დან, 69 %-მდე მერყეობდა, აქედან ყველაზე მაღალი მონაცემი 2016 წელს დაფიქსირდა- 69,83 %, ხოლო მინიმალური 2013 წელს-55.67 %. მიმდინარე ანგარიშის დეფიციტის და  დოლარიზაციის მაღალი კოეფიციენტის გამო საქართველო ფაქტიურად ხდება საგარეო შოკებზე მნიშვნელოვნად დამოკიდებული. მსოფლიო გლობალური ეკონომიკური კრიზისის და საქართველოში მცურავი სავალუტო კურსის  პირობებში მდგომარეობა კიდევ  უფრო არაპროგნოზირებადი შეიძლება გახდეს. მდგომარეობას კიდევ უფრო ართულებს მსოფლიოში კორონავირუსის პანდემიით გამოწვეული ნეგატიური გარემო, რაც მსოფლიოს ქვეყნებს მნიშვნელოვანი ეროვნული ეკონომიკური რეფორმების გატარებისკენ უბიძგებს.

ცხრილიდან (№6) ჩანს, რომ 1996 წელს 1 ამერიკული დოლარი ღირდა   1.26 ლარი, 2000 წლიდან ლარმა დაიწყო გაუფასურება და 1 ამერიკული დოლარი 1.97 ლარი გახდა. 2015 წელს 1 ამერიკული დოლარი 2.72 ლარი, ხოლო 2018 წელს კი-2.50 ლარი გახდა. საჭიროა აღინიშნოს, რომ ლარის ნომინალური გაცვლითი კურსის დაცემა ზემოაღნიშნულ მონაცემებთან (დოლარიზაციის მაღალი დონე, გაუარესებული საგადასახდელო ბალანსი) ერთად სხვა მნიშვნელოვანი მაკროეკონომიკური პარამეტრების გაუარესებით არის გამოწვეული.

  აღნიშნულიდან გამომდინარე, ქვეყნის საერთო  მაკროეკონომიკური მდგომარეობის გაუმჯობესების მიზნით სწრაფად უნდა  გატარდეს შესაბამისი რეფორმები. რეფორმების გატარებისას გასათვალისწინებელია, რომ ქვეყნის ეკონომიკური მდგომარეობის  გაუმჯობესების გზაზე მნიშვნელოვანი ხელისშემშლელი ფაქტორი იქნება ის, რომ თანამედროვე გლობალურ მსოფლიოში მნიშვნელოვანი პრობლემებია დაგროვილი შემდეგ სფეროებში, როგორიცაა:  საერთაშორისო სარეიტინგო  კომპანიები, საერთაშორისო ფინანსურ ინსტიტუტები და საერთაშორისო ლობისტური ინსტიტუტები. მიუხედავად პრობლემების გადაჭრის კუთხით გადადგმული ქმედითი ნაბიჯებისა, მდგომარეობა ამ მიმართულებით კიდევ უფრო ღრმა კრიზისში შედის, მთლიანობაში კი ის ხელს უშლის ქვეყნების (განსაკუთრებით განვითარებადი ქვეყნების) ეკონომიკური მდგომარეობის რეალურ გაუმჯობესებას. საჭიროა საქართველოს მთავრობამ ეროვნული ეკონომიკური პოლიტიკის გატარებისას გაითვალისწინოს ზემოაღნიშნულ საერთაშორისო ორგანიზაციებში არსებული მნიშვნელოვანი პრობლემები. მიუხედავად იმისა, რომ სხვადასხვა საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტები, სხვა ქვეყნებთან შედარებით, საქართველოს ეკონომიკური მდგომარეობის შესახებ პოზიტიურ პროგნოზებს აკეთებენ,  ეს  დამშვიდების უფლებას მაინც არ გვაძლევს.

  კორონავირუსის გავრცელებამდე არსებული საქართველოს  ეკონომიკური მდგომარეობის ანალიზიდან გამომდინარე ნათლად იკვეთება სწრაფი, დროში მკაცრად გაწერილი,  ეროვნული ეკონომიკური პოლიტიკის გატარების აუცილებლობა. სწორედ გატარებულმა რეფორმებმა უნდა უზრუნველყოს კორონავირუსის პანდემიით გამოწვეული ეკონომიკური მდგომარეობის გაჯანსაღება და 2021 წლიდან ეკონომიკის მდგრადი განვითარება. საქართველოს გააჩნია ყველა  აუცილებელი რესურსი (ინტელექტუალური, ბუნებრივი, სტრატეგიული  მდებარეობა) იმისათვის, რომ გაუმკლავდეს  მსოფლიო პანდემიით გამოწვეულ  ნეგატიულ  შედეგებს  და  სხვა ქვეყნებთან შედარებით გადადგას  ქმედითი ნაბიჯები ეკონომიკის სტაბილიზაციის უზრუნველსაყოფად.

 

დასკვნები და რეკომენდაციები:

1.    მსოფლიოში შექმნილი რთული ეკონომიკური მდგომარეობიდან გამომდინარე, აუცილებელია ექსპორტზე ორიენტირებული და იმპორტჩანაცვლებითი მკაცრი ეროვნული ეკონომიკური პოლიტიკის გატარება;

2.    ეროვნული ეკონომიკური პოლიტიკის ძირითადი ორიენტირები გამოკვეთილი უნდა იყოს საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის უშუალო მონაწილეობითა და რეკომენდაციებით;

3.    მნიშვნელოვანი ნაბიჯებია გადასადგმელი ქვეყანაში დოლარიზაციის კოეფიციენტის შემცირების მიმართულებით (მისასალმებელია, რომ ამ კუთხით მთავრობის მიერ გადაიდგა გარკვეული ნაბიჯები);

4.    კიდევ ბევრია გასაკეთებელი, რათა ლარი ნამდვილად იქცეს ქვეყანაში ერთადერთ საგადამხდელო საშუალებად (ეს კანონის მოთხოვნაც არის);

5.    ქვეყნის სპეციფიკიდან და მდიდარი ტრადიციებიდან გამომდინარე უნდა გამოიკვეთოს ეკონომიკის ის დარგები, რომელთა განვითარებისთვის აუცილებელი იქნება საბიუჯეტო სუბსიდირება:

6.    მსოფლიოში და ქვეყანაში შექმნილი სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობიდან გამომდინარე, ქვეყნის ყველა დონეზე (ცენტრალური, რეგიონული, მუნიციპალური), სწრაფად უნდა  მოხდეს უკვე არსებული და მოქმედი სტრატეგიული განვითარების გეგმების კორექტირება;

7.    მნიშვნელოვან გადახედვას და რეფორმირებას საჭიროებს ქვეყანაში  არსებული საბანკო სისტემა, რომელიც არ არის ორიენტირებული ქვეყნის მწარმოებითი სექტორის და საერთო ეკონომიკური მდგომარეობის გაუმჯობესებაზე.  მდგომარეობას ართულებს ასევე ისიც, რომ ბანკების მფლობელების აბსოლუტური უმრავლესობა (90 %-ზე მეტი)  უცხოელია, რაც პერსპექტივაში   მნიშვნელოვანი ხელისშემშლელი ფაქტორი იქნება დამოუკიდებელი, ეროვნული და ეკონომიკური მდგომარეობის გაუმჯობესებაზე ორიენტირებული საბანკო პოლიტიკის გატარებისას.


ბორის ჭიჭინაძე



ეკონომიკის დოქტორი, აკაკი წერეთლის სახელობის

ქუთაისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ეკონომიკის

დეპარტამენტის  მასწავლებელი,

ჟურნალ ,,ბიზნესი და კანონმდებლობის“ სამეცნიერო საბჭოს წევრი,

საქართველოს ეკონომისტთა სამეცნიერო საზოგადოების წევრი



   გამოყენებული ელექტრონული წყაროები:

1.    www.nbg.gov.ge-საქართველოს ეროვნული ბანკის ვებგვერდი;

2.    www.geostat.ge-საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახური;

3.   www.economy.ge საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ვებგვერდი;

4.   www.gov.ge საქართველოს მთავრობის ვებგვერდი. 


 



ბოლო სიახლეები