ბორის ჭიჭინაძე
ეკონომიკის დოქტორი, აკაკი წერეთლის
სახელობის ქუთაისის
სახელმწიფო უნივერსიტეტის ლექტორი, საქართველოს
ეკონომისტთა სამეცნიერო საზოგადოების წევრი
მსოფლიოში არსებულმა
პანდემიურმა პროცესებმა გარკვეული პრობლემები წარმოშვა თითქმის ყველა ქვეყანაში. ქვეყნის
მთავრობებმა მილიარდობით ამერიკული დოლარი
გამოყო ეკონომიკური მდგომარეობის სტაბილიზაციის
და აღდგენის მიმართულებით. არსებულმა პროცესებმა ნეგატიური შედეგები გამოიღო ასევე
საქართველოში. გლობალური პრობლემების გამო საქართველოშიც გაუარესდა ზოგიერთი მაკროეკონომიკური
პარამეტრი. ეკონომიკის ზრდის შემცირებამ მნიშვნელოვნად
გააუარესა სიღარიბის დონის მაჩვენებელი, რომლის შემცირების დადებითი ტენდენციები შეინიშნებოდა
ბოლო წლების განმავლობაში. საჭიროა აღინიშნოს, რომ საქართველოს მეზობელ ქვეყნებშიც აქვს ადგილი ძირითადი მაკროეკონომიკური პარამეტრებისგაუარესებას.
მსოფლიო პრაქტიკა ცხადყოფს, რომ შექმნილი არაორდინალური მდგომარეობიდან გამომდინარე
სწრაფი ეკონომიკური რეფორმების გატარებაა აუცილებელი. აქვე საჭიროა აღინიშნოს, რომ ყველა ქვეყანაში ეკონომიკური
მდგომარეობის გაუმჯობესების და შესაბამისი ეროვნული სტანდარტების დაწესების მიმართულებით, მთავრობების მიერ გასატარებელი პოლიტიკის შესახებ მოცემულია ქვეყნების კონსტიტუციაში.
საქართველოს კონსტიტუციაში გაცხადებულია იმ აუცილებელი კრიტერიუმების
შესახებ, რომელმაც უნდა უზრუნველყოს ადამიანებისთვის
ნორმალური ცხოვრების პირობების შექმნა. საქართველოს კონსტიტუციის შესავალ ნაწილში აღნიშნულია,
რომ ,,ჩვენ საქართველოს მოქალაქენი, რომელთა ურყევი ნებაა, დავამკვიდროთ დემოკრატიული
საზოგადოებრივი წესწყობილება, ეკონომიკური თავისუფლება, სოციალური და სამართლებრივი
სახელმწიფო, უზრუნველყოთ ადამიანის საყოველთაოდ აღიარებული უფლებანი და თავისუფლებანი,
განვამტკიცოთ სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობა და სხვა ხალხებთან მშვიდობიანი ურთიერთობა,
ქართველი ერის მრავალსაუკუნოვანი სახელმწიფოებრიობის ტრადიციებსა და საქართველოს
1921 წლის კონსტიტუციის ისტორიულ-სამართლებრივ მემკვიდრეობაზე დაყრდნობით ღვთისა და
ქვეყნის წინაშე ვაცხადებთ აღნიშნულ კონსტიტუციას“. ანუ კონსტიტუციით მკაცრად განისაზღვრა
დემოკრატიული სახელმწიფოსთვის აუცილებელი მოთხოვნები. აღნიშნული კონსტიტუციით სახელმწიფოს აუცილებელი ზრუნვის საგანს წარმოადგენს
სოციალური სამართლიანობის, სოციალური თანასწორობის და სოციალური სოლიდარობის პრინციპების განმტკიცება. სახელმწიფო
ვალდებულია ასევე იზრუნოს ოჯახის კეთილდღეობის დაცვაზე. სახელმწიფო ხელს უწყობს მოქალაქეებს დასაქმებაში.
სახელმწიფო ვალდებულია კანონით განსაზღვროს
საარსებო მინიმუმის ოდენობა. კონსტიტუციით
სახელმწიფოს ერთ-ერთ ვალდებულებას წარმოადგენს
თავისუფალი და ღია ეკონომიკის, თავისუფალი მეწარმეობისა და კონკურენციის განვითარებაზე
ზრუნვა
როგორც ვხედავთ საქართველოს კონსტიტუცია მკაცრად
განსაზღვრავს სახელმწიფოს ვალდებულებას მოქალაქეების დასაქმების, ბიზნესის განვითარების,
კონკურენციის ხელშეწყობის და თავისუფალი მეწარმეობის უზრუნველყოფის მიმართულებით.აქედან
გამომდინარე საქართველოს მთავრობა ვალდებულია
შეიმუშავოს ისეთი კანონპროექტები, რომლებიც გამომდინარეობს კონსტიტუციით დადგენილი
ფუნდამენტური მოთხოვნებიდან და წარუდგინოს
პარლამენტს დასამტკიცებლად.
მსოფლიო გამოცდილებაზე დაკვირვება გვიჩვენებს, რომ
იმ შემთხვევაში თუ ქვეყნებში არ მოქმედებს
ისეთი ეკონომიკური კანონები, რომლებმაც უნდა უზრუნველყოს სამეწარმეო გარემოს გაუმჯობესება
და ახალი სამუშაო ადგილების შექმნა, მაშინ მნიშვნელოვნად იზრდება სიღარიბის დონის მაჩვენებელიც.
ყველა ქვეყანაში სიღარიბე ერთ-ერთ მნიშვნელოვან პრობლემას წარმოადგენს. ქვეყნის მთავრობები
სიღარიბის დონის დადგენის მიზნით სხვადასხვა მეთოდს იყენებენ. ზოგადად სიღარიბე არის
ისეთი მდგომარეობა, როდესაც მოქალაქე საკუთარი შემოსავლებით ვერ ახდენს მინიმალურად
აუცილებელი, სტანდარტით გათვალისწინებული მოთხოვნილებების დაკმაყოფილებას. გამომდინარე
აქედან ქვეყნებში მიმდინარე სოციალურ-ეკონომიკური პროცესები
მნიშვნელოვან გავლენას ახდენს სიღარიბის მაჩვენებელზე.
ქვეყნის საერთო სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის
ანალიზის მიზნით განვიხილოთ ზოგიერთი ოფიციალური
სტატისტიკური მონაცემი, მოვახდინოთ მდგომარეობის შეფასება და დავსახოთ გზები მთავრობის მიერ გადასადგმელი ნაბიჯების შესახებ
ცხრილი
№1
საქართველოს
შესახებ სხვადასხვა სახის სტატისტიკური მონაცემი
(2018-2020
წწ)
№ |
მონაცემები |
2018 წ |
2019 წ |
2020 წ |
1 |
ჯინის კოეფიციენტი |
0.37 |
0.37 |
0.36 |
2 |
სიღარიბის მაჩვენებელი (%) |
20.1 |
19.5 |
21.3 |
3 |
საარსებო მინიმუმი ერთ შრომისუნარიან მამაკაცზე (ლარი) დეკემბრის მდგომარეობით |
175.0 |
194.8 |
192.5 |
4 |
ერთ სულ მოსახლეზე მშპ (ლარი) ნომინალური |
11968.0 |
13239.4 |
13292.7 |
5 |
უცხოური ინვესტიციების რაოდენობა ერთ სულზე (ლარი) |
934.5 |
1010.3 |
544.48 |
წყარო: შედგენილია ავტორის მიერ სტატისტიკის ეროვნული
სამსახურის მონაცემებზე დაყრდნობით
წარმოდგენილი ანალიზით ირკვევა, რომ საქართველოში
2018-2020 წლებში მნიშვნელოვნად შეიცვალა
სიღარიბის მაჩვენებელი 20.1 %-დან, 21.3 %-მდე, ჯინის კოეფიციენტი (შემოსავლების დაგროვების ინდექსი)
კი ფაქტიურად უცვლელი დარჩა. ერთ სულ მოსახლეზე მშპს-ის ოდენობა ფაქტიურად შემცირდა
ლარის კურსის დევალვაციის გამო. მნიშვნელოვანი
კლებაა ერთ სულ მოსახლეზე უცხოური ინვესტიციების
მოცულობის მიმართულებით. ერთ შრომისუნარიან მამაკაცზე საარსებო მინიმუმის ოდენობა
2018 წლის დეკემბრის მდგომარეობით შეადგენდა 175 ლარს, ხოლო 2020 წლის ანალოგიური პერიოდისათვის
კი 192.50 ლარს.
საინტერესო სურათს ვღებულობთ ასევე სხვა მნიშვნელოვანი სტატისტიკური მონაცემების ანალიზისას.
ცხრილი
№2
საქართველოს შესახებ სხვადასხვა სახის სტატისტიკური მონაცემი
(2018-2020
წწ)
№ |
მონაცემები |
2018 წ |
2019 წ |
2020 წ |
1 |
მთავრობის ვალის რაოდენობა ერთ სულზე (ლარი) |
3760 |
4297 |
6324 |
2 |
იმპორტის რაოდენობა ერთ სულზე (ლარი) |
6658 |
7323 |
7061 |
3 |
ადგილობრივი ექსპორტის რაოდენობა ერთ სულზე (ლარი)
|
1575 |
1773 |
2118 |
4 |
საბიუჯეტო შემოსავლების რაოდენობა ერთ სულზე (ლარი)
წლიურად |
2545 |
2586 |
3363 |
5 |
ინფლაცია (%) |
2.6 |
4.9 |
5.2 |
6 |
უმუშევრობა (%) |
19.2 |
17.6 |
18.5 |
წყარო: შედგენილია
ავტორის მიერ სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემებზე დაყრდნობით
წარმოდგენილი მონაცემებით
ირკვევა, რომ 2020 წელს უმუშევრობის დონემ შეადგინა 18.5 %, რაც 0.9 %-ით მეტია 2019 წლის პერიოდის ანალოგიურ მაჩვენებელზე
და 0.7 %-ით გაუმჯობესებულია 2018 წლის ანალოგიურ მაჩვენებელთან შედარებით. მნიშვნელოვანი ცვლილება
დაფიქსირდა ერთ სულ მოსახლეზე მთავრობის საგარეო ვალის ცვლილების მიმართულებით. აღნიშნული კუთხით ერთ სულ მოსახლეზე 2020 წელს ვალის
ოდენობამ შეადგინა 6324 ლარი, რაც 2018 წლის
ანალოგიურ მონაცემთან შედარებით 2564 ლარით,
ხოლო 2019 წელთან შედარებით 2027 ლარით მეტია. კვლავ ზრდის ტენდენცია შეინიშნება ერთ სულ მოსახლეზე იმპორტის მოცულობის მხრივ, 2020 წელს აღნიშნულ სფეროში მონაცემი 7061 ლარს შეადგენდა,
მაშინ როცა ანალოგიური მონაცემი 2018 წელს
6658 ლარს შეადგენდა. ზრდის ტენდენცია არის შენარჩუნებული ერთ სულ მოსახლეზე
ადგილობრივი ექსპორტის მოცულობის მხრივ, 2020 წელს აღნიშნული მონაცემი 2118 ლარს შეადგენდა,
მაშინ როცა 2018 წელს ანალოგიური მონაცემი მხოლოდ 1575 ლარი იყო. შეინიშნება ინფლაციის ზრდაც, 2020 წელს, 2018 წელთან
შედარებით ინფლაციის მაჩვენებელი გაიზარდა. უმნიშვნელო ზრდა ფიქსირდება ერთ სულ მოსახლეზე საბიუჯეტო
შემოსავლების მხრივ, ამ კუთხით 2020 წელს--3363 ლარი, ხოლო 2018 წელს კი-2545 ლარი
ფიქსირდება. აქვე საჭიროა აღინიშნოს, რომ მიუხედავად
იმისა, რომ 2020 წელს 2018 წელთან შედარებით
ეროვნულ ვალუტაში გამოხატული აბსოლუტური მონაცემებით ზოგიერთი მიმართულებით შეინიშნება
ზრდის მნიშვნელოვანი ტენდენცია, უცხოურ ვალუტაში
გადაანგარიშების შემთხვევაში უმნიშვნელო
ზრდა მაინც შენარჩუნებულია.
ობიექტურობა მოითხოვს აღინიშნოს რომ ქვეყნის საერთო
მაკროეკონომიკური პარამეტრების გაუარესება მსოფლიო პანდემიით არის გამოწვეული. ეკონომიკის
სხვადასხვა დარგების გაჯანსაღების და პანდემიით
გამოწვეული უარყოფითი შედეგების სწრაფად ლიკვიდაციის მიზნით აუცილებელია მიღებულ იქნას
განვითარების მოკლევადიანი გეგმები (ჩემი აზრით
გრძელვადიანი გეგმის შედგენა ამ ეტაპისათვის შედეგს არ მოგვცემს). გამომდინარე იქედან, რომ პანდემიის ბუნება შესწავლილი
არ არის და ფაქტიურად შეუძლებელია იმის პროგნოზირება, თუ როდის დასრულდება ის და როგორი
იქნება მიყენებული ეკონომიკური ზიანის მოცულობა, ამიტომ გრძელვადიანი ხედვა და გასატარებელი
ღონისძიებების შესახებ პროგნოზირებაც მნიშვნელოვნად გართულდება.
ქვეყნის
წინაშე არსებული ეკონომიკური მნიშვნელობის პრობლემების გადაჭრა სწორედ სიღარიბის
დონის შემცირებით უნდა დაიწყოს, სწორედ აქ იკვეთება მთავრობის უმნიშვნელოვანესი როლი და დანიშნულება, რათა მიღებული კანონებით მნიშვნელოვანი
გარღვევა მოხდეს აღნიშნული მიმართულებით. ცნობილია, რომ საქართველოს მთავრობამ ევროკავშირთან
გაფორმებული ,,ასოცირების ხელშეკრულებით“ იკისრა მნიშვნელოვანი ეკონომიკური მნიშვნელობის
საკითხების სწრაფად და ეფექტურად გადაჭრის ვალდებულება. მსოფლიო პანდემიით გამოწვეული მდგომარეობა არაორდინალურია
და მიღებული გადაწყვეტილებებიც სწრაფი და არაორდინალური
უნდა იყოს. მიუხედავად იმისა, რომ იგრძნობა გაუმჯობესების ტენდენცია სხვადასხვა მაკროეკონომიკური პარამეტრის კუთხით, დღის წესრიგში მაინც სწრაფი ეკონომიკური რეფორმების
გატარების აუცილებლობა დგას. შექმნილ მდგომარეობაში სახელმწიფომ თავის თავზე უნდა
აიღოს ეკონომიკის სტაბილურად ფუნქციონირების უზრუნველსაყოფად შესაბამისი რეფორმების
გატარების ვალდებულება. ამ კუთხით მთავრობა ცნობილი ხუთი პუნქტის დაცვით და მისი პრაქტიკაში
გატარებით უნდა შემოიფარგლოს: ა) მთავრობამ
უნდა მოახდინოს ეკონომიკის მარეგულირებელი კანონმდებლობის მიღება; ბ) სამართლიანად
უნდა გადაანაწილოს არსებული რესურსები; გ) სამართლიანად უნდა გადაანაწილოს საბიუჯეტო
შემოსავლები; დ) ხელი უნდა შეუწყოს ბაზარზე
ჯანსაღი კონკურენციის არსებობას; ე)
ხელი უნდა შეუწყოს პანდემიით დაზარალებული ეკონომიკის სტაბილიზებას.
მსოფლიო პანდემიის შედეგად ქვეყანაში შექმნილი
სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის სწრაფად გაუმჯობესების მიზნით საჭიროა გატარდეს შემდეგი ქმედითი ღონისძიებები:
ა) უნდა
შეიცვალოს საარსებო მინიმუმის დადგენის მეთოდოლოგია.
შესაბამისად კორექტირებას საჭიროებს გადასახადებით დაბეგვრის პრინციპებიც. საშემოსავლო გადასახადით არ უნდა დაიბეგროს პირი,
რომელსაც ექნება საარსებო მინიმუმზე ნაკლები
შემოსავალი (ამჟამად ეს პრინციპი დაცული არ არის);
ბ) უნდა
შეიცვალოს უმუშევრობის დადგენის მეთოდოლოგია. უმუშევრების რაოდენობის დადგენის მიზნით
მნიშვნელოვნად უნდა გაეზარდოთ კომპეტენციები ადგილობრივ თვითმმართველობებს (ამჟამად
ადგილობრივ თვითმმართველობებს ეს ვალდებულება არ გააჩნიათ და სწორედ ეს არის მიზეზი
იმისა, რომ მუნიციპალიტეტების დონეზე ფაქტიურად არ ხდება უმუშევრობის დონის დადგენა);
გ) ქვეყნის მასშტაბით უნდა დადგინდეს საბიუჯეტო
სექტორში დასაქმებული ადამიანების სახელფასო სარგოების სამართლიანი სტანდარტი. საბიუჯეტო
სექტორში დასაქმებული უმაღლესი თანამდებობის პირის ხელფასის ოდენობა უნდა მიებას პენსიის
მინიმალურ ოდენობას და ის გარდამავალი ეტაპისათვის
არ უნდა აღემატებოდეს პენსიის ოცმაგ ოდენობას,
ხელფასის ზედა ზღვარის გაზრდა შესაძლებელი იქნება პენსიის ოდენობის ზრდის პროპორციულად
(ამჟამად ეს პრინციპი დარღვეულია);
დ) უნდა
გაუქმდეს შექმნილი მარეგულირებელი კომისიები (კომუნიკაციების, ენერგეტიკის, წყალმომარაგების) და მათი ფუნქციები გადაეცეს პარლამენტს. აღნიშნული
ფორმატის მოფიქრება შესაძლებელია. აღნიშნული ცვლილება მნიშვნელოვან საბიუჯეტო რესურსს (მარეგულირებელი კომისიის წევრების ხელფასები, მივლინებები
და სხვა ხარჯები) გამოათავისუფლებს, ასევე
ეს გადაწყვეტილება დადებითად აისახება იმ მომსახურების ფასებზეც, რომელთა რეგულირებაც
აღნიშნულ კომისიებს ევალებათ;
ე) მნიშვნელოვანი ცვლილებებია განსახორციელებელი გადასახადებით დაბეგვრის მიმართულებით. უნდა შეიცვალოს დაბეგვრის დღეს არსებული მანკიერი
პრაქტიკა. კერძოდ გასაუქმებელია საშემოსავლო გადასახადით დაბეგვრის პროპორციული სისტემა.
დღეს არსებული კანონმდებლობით პირი რომელსაც აქვს ხელფასი 150 ლარი და პირი, რომელსაც
აქვს 10 000 ლარი იბეგრება ერთნაირი-20 %-იანი საშემოსავლო გადასახადით. კორექტირებას საჭიროებს ასევე დამატებული ღირებულების
გადასახადით დაბეგვრის მიმართულებაც. უნდა გაიზარდოს დღგ-ით დაბეგვრის დღეს არსებული
100 000 ლარიანი ზღვარი და ის უნდა განისაზღვროს მინიმუმ 500 000 ლარის ოდენობით. ამ
შემთხვევაში მნიშვნელოვნად გაიზრდება საბიუჯეტო შემოსავლების ოდენობაც და რაც მთავარია
შემცირდება იმ გადამხდელთა რაოდენობა, რომლებიც
თავს არიდებენ დღგ-ით დაბეგვრას;
ვ) მნიშვნელოვანი
ცვლილებებია განსახორციელებელი საბიუჯეტო დეფიციტის და მთავრობის საგარეო ვალის მიმართულებით.
ვალი უნდა იყოს მიზნობრივი და ეკონომიკურ შედეგზე ორიენტირებული. დაცული უნდა
იყოს ასევე მთავრობისთვისამ მიმართულებით დაწესებული შეზღუდვები, საგარეო ვალი მშპ-ის 60 %-ს, ხოლო ბიუჯეტის დეფიციტი
მშპ-ის 3 %-ს არ უნდა აღემატებოდეს;
ზ) მოსახლეობის
საკვები პროდუქტებით შეუფერხებლად მიწოდების მიზნით, მთავრობის მიერ უნდა შემუშავდეს ,,სასურსთო უსაფრთხოების“
კონცეფცია. ქვეყნის შესაძლებლობიდან (მდიდარი
ბუნებრივი რესურსები, ნაყოფიერი მიწა, ბუნებრივი წყალი და სხვა) გამომდინარე ყველა პირობა არსებობს იმისა, რომ დარგის
სპეციალისტებთან ერთად შემუშავდეს იმპორტჩანაცვლებითი პოლიტიკა და მოსახლეობას მიეწოდოს
ქვეყანაში წარმოებული ეკოლოგიურად სუფთა პროდუქტი. როგორც ჩემთვის ცნობილია სოფლის
მეურნეობის მეცნიერებათა აკადემიაში შემუშავებულია ამ კუთხით შესაბამისი გეგმა და იმედია მას მიეცემა კანონის სახე;
თ) ეკონომიკის დარგების სწრაფად განვითარების მიზნით
აუცილებელია მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის
შესაბამისი მიმართულების მეცნიერები მთავრობის ეკონომიკურ გუნდთან ერთად აქტიურად ჩაერთონ
ქვეყნის ეკონომიკური მდგომარეობის გაუმჯობესების მიზნით სტრატეგიის შედგენის პროცესში. მოქმედი კანონმდებლობით
მეცნიერებათა ეროვნულ აკადემიას ჩართულობა
კანონით ისედაც ევალებათ, რადგანაცისწარმოადგენს მთავრობის მეცნიერულ მრჩეველს. იმედია
ამ კუთხით გადაიდგმემა ქმედითი ნაბიჯები;
ი) გამომდინარე
იქედან რომ დამოუკიდებლობის მოპოვებიდან (1991 წელი) დღემდე მნიშვნელოვნადაა გაზრდილი
ქვეყნის იმპორტზე დამოკიდებულების ხარისხი, რაც თავის მხრივ უცხოურ ვალუტაზე ზრდის
მოთხოვნებს, აუცილებელია საერთაშორისო დონეზე აღიარებული პრინციპების გამოყენებით,
მთავრობის მიერ დაწესდეს ქვეყნიდან უცხოური ვალუტის გატანაზე შესაბამისი კონტროლი;
კ) ეროვნულმა
ბანკმა მნიშვნელოვნად უნდა შეცვალოს არსებული
მონეტარული პოლიტიკა, რათა ქვეყანაში მოქმედი კომერციული ბანკები და სხვა მიკრო-საფინანსო
ორგანიზაციები გავხადოთ ეროვნული ეკონომიკის განვითარების ხელისშემწყობი სუბიექტები. ეროვნული ვალუტის კურსის მონიტორინგი და შესაბამისი ბერკეტების გამოყენება უნდა განისაზღვროს ეროვნული
ბანკის ვალდებულებად (დღეს ასეთი ფუნქცია ეროვნულ ბანკს არ გააჩნია);
ლ) მთავრობის
მიერ,პანდემიის გამოწვევების ადექვატურად მოხდეს დღეს მოქმედი ქვეყნის სტრატეგიული
განვითარების სხვადასხვაგეგმის კორექტირება, ანალოგიური ცვლილებები განხორციელდეს რეგიონულ და
მუნიციპალურ სტრატეგიულ განვითარების გეგმებშიც (ასეთი გეგმების არსებობის შემთხვევაში);
მ) მნიშვნელოვანი
საკანონმდებლო ცვლილებები უნდა განხორციელდეს მცირე და საშუალო ბიზნესის განვითრების
მიმართულებით. სწორედ აღნიშნული ბიზნესის განვითარება არის ქვეყანაში სიღარიბის მაჩვენებლის შემცირების წინაპირობა;
ნ) პანდემიის პირობებში მნიშვნელოვან
კორექტირებას საჭიროებს სახელმწიფო და მუნიციპალური ქონების გასხვისების (აუქციონით გაყიდვა, იჯარა,
უზურფრუქტი, აღნაგობა, სიმბოლურ ფასად გადაცემა და სხვა) მარეგულირებელი კანონმდებლობა. ქონების გასხვისება უნდა განხორციელდეს ქვეყნის
საერთო სოციალურ-ეკონომიკური სტრატეგიის მიზნებიდან და ამოცანებიდან გამომდინარე. სახელმწიფოს
მიერ ქონების შეღავათიანი პირობებით გასხვისებისას მომავალში მიღებული შედეგი უნდა იყოს გაზომვადი და მოქალაქეების კეთილდღეობის ზრდაზე ორიენტირებული;
ო) შესაბამის კანონმდებლობაში (,,ადგილობრივი თვითმმართველობის
კოდექსი’’, ,,საბიუჯეტო კოდესი’’, ,,საგადასახადო კოდექსი’’, ,,ინვესტიციების მხარდაჭერის
შესახებ’’ კანონი) ცვლილებების განხორციელების
გზით მნიშვნელოვნად უნდა გაიზარდოს მუნიციპალიტეტების კომპეტენციები უცხოური ინვესტიციების მოზიდვის და შესაბამისი შეღავათების
დაწესების მიმართულებით;
ო) საქართველოს
მუნიციპალიტეტებმა მაქსიმალურად ეფექტურად უნდა გამოიყენონ ადგილებზე არსებული რესურსები
(ბუნებრივი, ადამიანური, ფინანსური) და დამეგობრებულ ევროპულ ქალაქებთან (ასეთის არსებობის
შემთხვევაში) ერთად მოახდინონ ერთობლივი საინვესტიციო
ბიზნეს-პროექტების შემუშავება და ხელი შეუწყონ დასავლეთის განვითარებულ ქვეყნებში არსებული
თანამედროვე ტექნოლოგიების და ინოვაციების საქართველოს მუნიციპალიტეტებში დანერგვას.
გამოყენებული
ლიტერატურა:
1.
www.geostat.ge--საქართველოს სტატისტიკის ეროვნული
სამსახური;
2.
www.parliament.ge--საქართველოს პარლამენტის ოფიციალური
ვებგვერდი;
3.
www.mof.gov.ge--საქართველოს ფინანსთა სამინისტროს
ოფიციალური ვებგვერდი;
4.
www.gov.ge--საქართველოს მთავრობის ოფიციალური
ვებგვერდი;
5. www.economy.ge--საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო
თუ მომავალშიც გსურთ ჩვენი სიახლეების მიღება,
მოიწონეთ "ეკონიუსი"