გლდანის პატარა ტბის მიმდებარე ტერიტორიაზე სარეკრეაციო ზონა მოეწყობა

18 ივნისი, 2020 13:40 საზოგადოება




გარემოს დაცვის საქალაქო სამსახური განცხადებას ავრცელებს: 

"დედაქალაქში ახალი სარეკრეაციო სივრცეების განვითარებისა და პროცესში მოქალაქეთა აქტიური ჩართულობის უზრუნველყოფის მიზნით, ევროპის საბჭოს დახმარებით, თბილისის მერიამ გლდანის პატარა ტბის მიმდებარე ტერიტორიის სარეკრეაციოდ განვითარების პროექტი დაიწყო.

პროექტის ფარგლებში, გაიმართა არაერთი შეხვედრა ადგილობრივ მოსახლეობას, არასამთავრობო ორგანიზაციებსა და თბილისის მერიის თანამშრომლებს შორის.

გამოვლინდა მოსახლეობის ინტერესები, მომავალი პარკის განვითარების ხედვა, შეფასდა როგორც ბუნებრივ გარემოზე ზეგავლენის რისკები, ისე ის სარგებელი, რომელსაც ადგილობრივი მოსახლეობა მიიღებს პარკის განვითარების შედეგად.

პროექტის პირველ ეტაპზე, ტერიტორიის დეტალური ტოპოგრაფიული გეგმა, პარკის გენერალური გეგმა, პრობლემებისა და რისკების ანალიზი შემუშავდა.

შესაბამისად, სამოქალაქო საზოგადოების კიდევ უფრო მეტი ჩართულობის მიზნით, გთავაზობთ პირველ ეტაპზე შემუშავებული გლდანის პატარა ტბის პარკის პროექტის ვიდეო რენდერს, რომელიც არაა საბოლოო ვერსია და რომელზეც მუშაობა გრძელდება.

გთხოვთ, 25 ივნისის ჩათვლით, თქვენი შეკითხვები, შენიშვნები და იდეები მოგვწეროთ გარემოს დაცვის საქალაქო სამსახურის "ფეისბუკის" პირად შეტყობინებაში.

მადლობას გიხდით სამოქალაქო ჩართულობისათვის!"


ბოლო სიახლეები