რა დავამატოთ ყავას, რომ მისი სასარგებლო თვისებები გაძლიერდეს, უარყოფითი კი - შემცირდეს

22 სექტემბერი, 2019 20:54 კულინარის ბლოგი




რასაკვირველია, ყავის გურმანთა უმრავლესობა სათაურის წაკითხვისთანავე კატეგორიულად განაცხადებს: ეს სასმელი მხოლოდ ყავასა და წყალს უნდა შეიცავდეს - დანამატებიანი უკვე ყავა აღარ არისო. მიუხედავად ამისა, ამგვარად მომზადებულ არომატულ სასმელს აქვს არსებობის უფლება. მეტიც - ყავის სანელებლებით გამრავალფეროვნების ტრადიცია ძველი აღმოსავლეთიდან მოდის და იქ დღემდე გრძელდება: განუმეორებელი გემოს მინიჭების გარდა, ეს სამეული ყავას სასარგებლო თვისებებს უძლიერებს, მავნეს კი - უნეიტრალებს. გვერწმუნეთ, მოსინჯვად ნამდვილად ღირს... თანაც, იმუნიტეტის გაძლიერების საქმეში ერთ აგურსაც დადებთ.

არაჩვეულებრივი ვარიანტია მათთვის, ვისაც კლასიკური წესით მომზადებული ყავა უყვარს, მაგრამ ექსპერიმენტების ჩატარებაც ხიბლავს.


რეცეპტი უმარტივესია: ჩვეულებრივი წესით მოადუღეთ ყავა ჯეზვეში. ვიდრე სასმელი ცეცხლზე დგას, ყავის ჭიქაში ჩაყარეთ მწიკვი დაფქული დარიჩინი, ამდენივე დაფქული ილი და მათთან შედარებით ბევრად უფრო ნაკლები დაფქული მუსკატის კაკალი (ჯავზი). შეგიძლიათ ის წმინდა სახეხით პირდაპირ ჭიქაში ჩაახეხოთ. მოდუღებულ, ქაფქაფა ყავას ასე სანელებლებჩაფენილი ჭიქა დაახვედრეთ. როგორც კი ცხელი სითხე არომატულ სამეულს შეერევა, შეუდარებელი არომათერაპიის სეანსიც გელით ბონუსად.

გაითვალისწინეთ, რომ სამივე სანელებელი მძაფრი გემოთი გამოირჩევა (განსაკუთრებით - მუსკატის კაკალი). თავდაპირველად სულ მცირე რაოდენობით მოსინჯეთ და შემდგომში თავად მიხვდებით, უნდა მოუკლოთ რაოდენობას თუ პირიქით. შესაძლოა, თავიდან ეს უჩვეულო გემო გეუცნაუროთ და დიდად არ აღფრთოვანდეთ, მაგრამ, სავარაუდოდ, გარკვეული პერიოდის შემდეგ თავს შეგახსენებთ და თავად "დაგიძახებთ"...

ამ სანელებლების არომატი ჯერ კიდევ მანამდე შეგიქმნით მყუდრო, კომფორტულ, თბილ და ჯადოსნურ ატმოსფეროს, სანამ უშუალოდ თავად სურნელოვანი სასმელის დაგემოვნებაზე მიდგება ჯერი. ახლა კი მოკლედ შეგახსენებთ მათ სასარგებლო თვისებებს (თუმცა, ეს სიკეთეების მხოლოდ არასრული სიაა):

მუსკატის კაკალი აძლიერებს იმუნიტეტს, აუმჯობესებს ნერვული, გულსისხლძარღვთა, საჭმლის მომნელებელი სისტემების მუშაობას, აჩქარებს ნივთიერებათა ცვლას, ასტიმულირებს სისხლის მიმოქცევას, ორგანიზმიდან გამოაქვს შლაკები, საუკეთესო საშუალებაა ყურადღების კონცენტრაციისა და მეხსიერების გასაუმჯობესებლად, შეუცვლელია იმპოტენციისა და სექსუალური აშლილობების დროს (უკუჩვენება: ორსულობა, ლაქტაციის პერიოდი, ეპილეფსია).

ილი ტკივილგამაყუჩებელი და გაციების საწინააღმდეგო თვისებებით ხასიათდება. სხეულს შინაგანი კომფორტის შეგრძნებას უჩენს. აუმჯობესებს ხმის ტემბრს, ამაგრებს ღრძილებს, ამსუბუქებს და კურნავს სექსუალურ პრობლემებს, ამცირებს თრომბის წარმოქმნის რისკს (უკუჩვენება: ნაღვლის გამომტანი გზების პათოლოგია, მაღალი მჟავიანობა. ორსულობისა და ლაქტაციის პერიოდში - მხოლოდ ექიმთან კონსულტაციის შემდეგ).

დარიჩინის არომატს ადამიანის მსუბუქი დეპრესიული მდგომარეობიდან გამოყვანაც კი შეუძლია. შველის გაციებას, საერთო სისუსტეს (მათ შორის, თითქმის ნებისმიერი ავადმყოფობის შემდგომ პერიოდში), ჭარბ წონას. გამოირჩევა ძლიერი ანტიმიკრობული თვისებებით. ბუნებრივი აფროდიზიაკია (უკუჩვენება: ორსულობა, ლაქტაციის პერიოდი, 3 წლამდე ასაკი).

აქვე შეგახსენებთ: ეს სანელებლები მხოლოდ მაშინ მოუტანს სარგებლობას ორგანიზმს, თუ მათ ძალიან მცირე რაოდენობით მოიხმართ. პრინციპი "რაც მეტი, მით უკეთესი" ამ შემთხვევაში უადგილო და მეტისმეტად საზიანოც კია.


P. S. თუ ტკბილი ყავა გიყვართ, სასურველია, თეთრი შაქარი ყავისფერი, არარაფინირებული შაქრით ჩაანაცვლოთ და ამ სურნელოვანი ელექსირისგან ბარემ მაქსიმალური სარგებელი მიიღოთ.

გემრიელად მიირთვით...


თუ მოგეწონათ რეცეპტი და მომავალშიც გსურთ ჩვენი სიახლეების მიღება,             

                                                  მოიწონეთ "ეკონიუსი"


                                                                



სასარგებლო რჩევები კულინარია

ბოლო სიახლეები