„არაერთი ორგანიზაციისთვის მიმიმართავს დახმარებისთვის, რომ გალში მქონოდა ჩემი ბიზნესი და იქ დამესაქმებინა ადგილობრივები, თუმცა სურვილი სურვილად რჩებოდა. როცა "კრისტალის" ახალგაზრდა მეწარმეთა სკოლაში მოვედი და გავიარე ძალიან საინტერესო და საჭირო ტრენინგების კურსი, შევძელი ჩემი იდეისთვის პროექტის სახე მიმეცა და იგი ინვესტორებისთვის გამეცნო. პროექტმა ერთსულოვანი მხარდაჭერა მოიპოვა და შევძელი, ჩემი ოცნება რეალობად მექცია. დღეს ჩემს სოფელში ნელ-ნელა იბადება პატარა სახელოსნო, სადაც სხვადასხვა ხელობას ისწავლიან ჩემი თანატოლები და რაიონის მაცხოვრებლები.“ რამდენიმე თვეში მალოს სახელოსნო გალში პირველ მოსწავლეებსაც მიიღებს. პროგრამა YES - Georgia რამდენიმე წლის განმავლობაში მუდმივ მენტორობას გაუწევს მალოს, რომ მან შეძლოს საწარმოს განვითარება. სტარტაპერის მიზანია სახელოსნოში შექმნილი ნაკეთობები საზღვარგარეთაც გაიტანოს, როგორც საქართველოს კუთხეში - აფხაზეთში დამზადებული პროდუქცია.