"დღეს მსოფლიომ ლეგენდარული კომპოზიტორი, გია ყანჩელი დაკარგა. მისი მუსიკა კვეთდა დროისა და კულტურის საზღვრებს და ის სამუდამოდ გააგრძელებს ცხოვრებას.
დღეს, როგორც არასდროს, ყვითელი ფოთლები სიჩუმეს გავს", - ეს სიტყვები საქართველოში აშშ-ის საელჩომ თავის "ფეისბუკის გვერდზე დაწერა დღეს.
დიდი ქართველი კომპოზიტორი, საქართველოს სახალხო არტისტი გია ყანჩელი დღეს, 84 წლის ასაკში გარდაიცვალა.
1959 წელს დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი გეოლოგის სპეციალობით. დიპლომის აღებისთანავე სწავლა გააგრძელა თბილისის ვანო სარაჯიშვილის სახელობის კონსერვატორიაში საკომპოზიციო ფაკულტეტზე, რომელიც 1963 წელს დაამთავრა. 1972 წლიდან მუშაობდა შოთა რუსთაველის სახელობის სახელმწიფო აკადემიურ თეატრში მუსიკალური ნაწილის გამგედ. 1979 წელს იგი საქართველოს კომპოზიტორთა კავშირის მდივანი გახდა.
განსაკუთრებულად აღსანიშნავია მისი სიმფონიური თხზულებები. საერთაშორისო აღიარება მას 1977 წელს შექმნილმა სიმფონიამ „ინ მემორია მიქელანგელო“ მოუტანა.
გია ყანჩელის შემოქმედებით მემკვიდრეობას განეკუთვნება: ოპერა „და არს მუსიკა“ (1983წ.), 6 სიმფონია, კონცერტი სიმფონიური ორკესტრისათვის (1962 წ.); ლარგო და ალლეგრო სიმებიანი ორკესტრის, ფორტეპიანოსა და ლიტავრებისათვის (1963 წ.); „სევდა ნათელი“ - ბიჭუნათა გუნდის, ორი სოლისტისა და დიდი სიმფონიური ორკესტრისათვის (1985 წ.); მუსიკა სპექტაკლებისთვის: „ხანუმა“, „კავკასიური ცარცის წრე“, „რიჩარდ III“. მუსიკა კინოფილმებისთვის: „არ დაიდარდო“, „ქვევრი“, „არაჩვეულებრივი გამოფენა“, „მიმინო“, „შერეკილები“, „რამდენიმე ინტერვიუ პირად საკითხებზე“, „როცა აყვავდა ნუში“ და სხვა.