განათლების, მეცნიერებისა და კულტურის კომიტეტმა ერთხმად დაუჭირა მხარი „უმაღლესი განათლების შესახებ“ კანონში შესატან ცვლილებას, რომელიც პირობით ჩარიცხვის უფლებას აძლევს ერთიან ეროვნულ გამოცდებზე, ასევე საერთო სამაგისტრო გამოცდაზე დარეგისტრირებულ აბიტურიენტებსა და მაგისტრანტობის კანდიდატებს, რომლებმაც აფხაზეთის დე-ფაქტო ხელისუფლების მიერ ენგურის ხიდზე მდებარე ე.წ. სასაზღვრო გამშვები პუნქტის ჩაკეტვის გამო ვერ შეძლეს ოკუპირებული ტერიტორიებიდან გადმოსვლა და გამოცდებში მონაწილეობა.
„საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე მცხოვრები ბავშვები იზრდებიან ისეთ გარემოში, სადაც თავისუფალი აზროვნება შეზღუდულია და ნიჭის რეალიზებისთვის უსაფრთხო გარემო არ არსებობს. საუბარი არ არის მხოლოდ იქ მცხოვრებ ეთნიკურად ქართველ აბიტურიენტებზე. ჩვენ ყველას ვაძლევთ შესაძლებლობას, რომ მათი ცოდნისა და ნიჭის რეალიზება მოახდინონ“, - განაცხადა კომიტეტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ, გენადი მარგველაშვილმა