გიორგი კეკელიძე: მწერალი, ტელეწამყვანი, საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკის გენერალური დირექტორი
"თებერვლის ამინდია – გამოხრულ კბილში წყალნარევი ჭაჭა თუ ჩაგსვლიათ – ეგეთი გემოს და განწყობის. ქუჩაში შეგხვდება ზაზუნა. ზაზუნა ადამიანია. მეტიც – ზაზუნა დენის კაცია. ჩვენ – ძროხა დავკარგეთ. ზაზუნამ – თავი. მოდის ქორეოგრაფიული ბარბაცით. აცვია ფრთხილადყავისფერი ბუშლატა და ახურავს თამამადტალახისფერი ქუდი. ასდის პომიდვრის მჟავის სუნი. ყიჟინით ასდის – სამასი მეტრიდან გაგაგონებს. ეს სუნი დარვინული ბუნებრივი გადარჩევის ამბავში მარადიული გამარჯვებულია, რადგან ზაზუნა ასე ორმოც ოჯახში მაინც იყო, ორმოცივეში რაღაც აჭამეს და მაინც პომიდვრის სიმჟავე გცემს. ზაზუნა დენის კაცია. დენი კიდევ ის კაცია, თვეში ორჯერ რომ მოდის. ზაზუნა მოდის თვეში სამჯერ. ჩვენი ძროხა საერთოდ არ მოვიდა. არ მახსოვს რომელი – წაბლია, ფაცუნა და თუ კასანდრა. სტადიონზე დარჩებოდა – ამბობს მამა და მე და მამა სტადიონისკენ მივდივართ. საღამოს ექვსი საათია. ცოტაც და შეღამდება. შურასთან ლამფა ცოტა ადრე აინთო. მაგას ჩვილი ბაღანა ჰყავს და ალბათ ტანს ბანს. ამას ან მამაჩემი ამბობს ან არ ამბობს, მაგრამ ისე ხშირად უთქვამს აქამდე, რომ იქ ჩავლისას მაინც ყურში ჩამესმის. ზაზუნამაც ჩაგვიარა. ბარბაცის ილეთმა ვერ გადაგვკვეთა და დიდად არც ჩვენ გამოგვიდია ჩახუტებით თავი. ზაზუნა რაფერ ხარ? – მიაძახა მამაჩემმა. ზაზუნამ თქვა – რავლრვრაბდბჰნცნჰასჰბდცურ თუ რაღაც მსგავსი და გზა გააგრძელა. ძროხა იწვა კუთხურის ალმის ადგილას. ჩვენ გაგვიხარდა და გამოვდენეთ. ჭიშკარი ბებიამ გაგვიღო. დაღამდა. სცენის დასასრული.
თქვენ შეიძლება რამე სასაცილო ამბავს ელოდით ან ბუხარში ცეცხლის ტკაცუნს და ჭიქა წითელ ღვინოს და კრიმანჭულს და ჭყინტ ყველს და თვალის ჩაპაჭუნებას.
მაგრამ აი, ეს არის სოფელი. ეს არის მისი ჩვეულებრივი დღე. ამბავი არაფერზე. სოფელი გაძლების ხელოვნებაა. გამეორებული სცენების გაძლების ხელოვნება. ამ ხელოვნებით ბედნიერება ცოტას შეუძლია. ძალიან ცოტას. ამ გაძლებაში სხვა ადამიანად იძერწები. რომ გაიგო, ასე ასჯერ მაინც უნდა ჩაუარო ზაზუნას გვერდით."