მცხეთაში ხელოვნების პირველი საერთაშორისო ფესტივალი "მცხეთა საქართველოს გულია" ჩატარდა

15 ოქტომბერი, 2019 01:17 კულტურა




14 ოქტომბერს, მცხეთის მუნიციპალიტეტის კულტურისა და განათლების მულტიფუნქციურ ცენტრში ჩატარდა ხელოვნების პირველი საერთაშორისო ფესტივალი "მცხეთა საქართველოს გულია", რომელიც მცხეთობა-სვეტიცხოვლობის დღესასწაულს მიეძღვნა. ღონისძიებაში მონაწილეობდნენ ანსამბლები საქართველოდან, სომხეთიდან, ლატვიიდან. ასევე ინდივიდუალური შემსრულებლები: მსოფლიო ჩემპიონი თანამედროვე ცეკვებში დარინა კუდლაევა რიგიდან, თამარ გაბუნია და სხვები.

ფესტივალის ორგანიზატორია "იუნესკოს" ცეკვის საერთაშორისო საბჭოს ქალაქ თბილისის სექციის პრეზიდენტი ზურაბ ბილანიშვილი, თანაორგანიზატორები კი ქართული ეროვნული განვითარების ცენტრი "გრაალი (დირექტორი ავთანდილ ცივილაშვილი) და საქართველოს კულტურული განვითარებისა და აღორძინების ასოციაცია (ხელმძღვანელი მერაბ მეშველიშვილი).

ფესტივალის ორგანიზატორის, ზურაბ ბილანიშვილის თქმით, ღონისძიებამ წარმატებით ჩაიარა და, იმედია, მომავალში ის ტრადიციული და პოპულარული გახდება.

"იუნესკოს" ცეკვის საერთაშორისო საბჭოს ქალაქ თბილისის სექცია თბილისში 2012 წლიდან მოქმედებს.


ბოლო სიახლეები