ბორის ჭიჭინაძე: საქართველოს მაკროეკონომიკური გამოწვევები

27 მაისი, 2020 15:49 თვალსაზრისი

ბორის ჭიჭინაძე

ეკონომიკის დოქტორი, აკაკი წერეთლის სახელობის

ქუთაისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ლექტორი

 

  როგორც ჩვენთვის ცნობილია, საქართველო წარმოადგენს გლობალური სამყაროს ნაწილს და მისი ეკონომიკა ღიაა სხვა ქვეყნის ეკონომიკებთან მიმართებაში. ღია ეკონომიკის  ერთ-ერთი მნიშვნელოანი  დამახასიათებელი ნიშანი უცხოური ინვესტიციების შემოდინებასთან ერთად,   არის საქონლის ბაზრების გახსნილობა, ანუ  რამდენად თავისუფლად ხდება საქონლის ექსპორტი და იმპორტი. მეტად საინტერესო სურათს  ვღებულობთ, თუ განვიხილავთ  საქართველოს  ბოლო წლების  ექსპორტ-იმპორტის მონაცემებს და  მისი განვითარების ტენდენციებს. საჭიროა აღინიშნოს, რომ ყველა ქვეყანა უდიდეს მნიშვნელობას ანიჭებს ქვეყნის მთლიან შიდა პროდუქტთან (შემდგომში მშპ)  მიმართებაში ექპორტ-იმპორტის თანაფარდობის ტენდენციების განხილვა-შესწავლას, რადგანაც  აღნიშნულ კომპონენტებს უდიდესი მნიშვნელობა აქვს ქვეყნის საერთო მაკროეკონომიკური სტაბილურობის  უზრუნველსაყოფად.                                                                       

წარმოდგენილი  მონაცემებიდან (ცხრილი №1)  ნათლად  ჩანს, რომ  2016-2019 წლებში  შეინიშნება ექპორტის წილის მნიშვნელოვანი ზრდა მთლიან საგარეო ვაჭრობაში. 2019 წელს ექპორტი გაზრდილია 2016 წელთან მიმართებაში თითქმის  76 %-ით. მაგრამ თუ მოვახდენთ ექპორტის მაჩვენებლების კორექტირებას რეექსპორტის მონაცემებით და მოვახდენთ  2016-2019 წლებში ექსპორტის კორექტირებულ მონაცემებზე დაკვირვებას, მივიღებთ, რომ ზრდა აქაც შეინიშნება, მაგრამ 2019 წელს ექსპორტის მონაცემები გაზრდილია 2016 წლის მონაცემებთან მიმართებაში მხოლოდ 43 %-ით, ანუ ექსპორტის ზრდა მნიშვნელოვნად განსხვავდება რეექსპორტით შემცირებული ექსპორტის ზრდის მონაცემებისგან (სხვაობა შეადგენს 33 %-ს). 

  საჭიროა აღინიშნოს, რომ ქვეყნის საერთო მაკროეკონომიკური მდგომარეობის უკეთ შეფასების მიზნით აუცილებელია  ქვეყნის მიერ განხორციელებული ექსპორტი შემცირებულ იქნას რეექსპორტის მონაცემებით და ამის შემდეგ მოხდეს საერთო მდგომარეობის შეფასებაც.  ასევე საჭიროა აღინიშნოს, რომ 2016 წლიდან (ანალოგიურად იყო ასევე 2016 წლამდე)  იმპორტი მნიშვნელოვნად აჭარბებს ექსპორტს, რაც მთლიანობაში წმინდა ექსპორტის უარყოფით სალდოს მნიშვნელოვნად ზრდის,  არსებული ცუდი ტენდენცია უკვე ათეული წლებია  აუარესებს ქვეყნის საერთო მაკროეკონომიკურ მაჩვენებლებს, მთლიანობაში კი ის ლარის კურსზეც ნეგატიურად აისახება. ამ კუთხით სწრაფად არის გადასადგმელი შესაბამისი მკვეთრი ნაბიჯები ცენტრალური ხელისუფლების მიერ, რათა ექსპორტისა და იმპორტის ზრდა თანაბარი აღმავალი ტრენდით ხასიათდებოდეს და იმპორტთან მიმართებაში  ექსპორტის ასეთმა  მნიშვნელოვანმა ჩამორჩენამ (ექსპორტი 3-ჯერ ნაკლებია იმპორტზე) საშუალოვადიან პერსპექტივაში  საფრთხე არ შეუქმნას ქვეყნის პოლიტიკურ და ეკონომიკურ სტაბილურობას.                                                                                                                                                                                          

    როგორც წარმოდგენილი მონაცემებიდან ირკვევა (ცხრილი №2),  საქართველოს სავაჭრო დეფიციტის წილი საერთო მშპ-ში 2016-2019 წლებში  30 %-დან 34 %-მდე მერყეობს.  ხოლო ექსპორტ-იმპორტის წილი მშპ-ში 62 %-დან, 72 %-მდე.

 საერთაშორისო ეკონომიკაში ცნობილია, რომ  ვაჭრობის (ექსპორტ-იმპორტი)  საერთო მოცულობა  ქვეყნის ღიაობის (გახსნილობის)  კარგი მაჩვენებელი სულაც არ არის. ყველაზე კარგი მაჩვენებელი ეკონომიკის ღიაობის არის ექსპორტის წილის მაჩვენებელი მთლიან ვაჭრობაში, ანუ რამდენად შესწევთ ქვეყნის შიგნით მომუშავე ბიზნეს-სუბიექტებს, მათ მიერ წარმოებულ  პროდუქციაზე დაბალი ფასის   შენარჩუნებით დააკმაყოფილონ  ქვეყნის შიგნით მცხოვრები  მოსახლეობის მოთხოვნილება, რითაც შეზღუდავენ იმპორტზე დამოკიდებულებას, ასევე მნიშვნელოვანია ექსპორტის  მაჩვენებლის შედარება საერთო მშპ-სთან.   საჭიროა აღინიშნოს, რომ ევროპის ქვეყნებში 2010-2017 წლებში ექპორტის წილის საშუალო მაჩვენებელი მშპ-სთან მიმართებაში მერყეობდა  30 %-დან  35 %-მდე, კიდევ უფრო განსხვავებული დამოკიდებულება იყო 2006-2010 წლებში, აღნიშნულ პერიოდში  გერმანიაში  ექსპორტის წილი მშპ-ში იყო  45 %, შვეიცარიაში 50 %, ავსტრიაში 60 %, ბელგიაში თითქმის 80 %.

  საერთაშორისო პრაქტიკა ცხადყოფს, რომ  გატარებული სწორი  ეკონომიკური პოლიტიკის შემთხვევაში პატარა ქვეყნებს უდიდესი შანსი აქვთ იმისა, რომ მნიშვნელოვანი დივერსიფიკაცია მოახდინონ ეკონომიკის დარგებისა და მნიშვნელოვნად გააფართოონ იმ საქონლის ჩამონათვალი, რომლის ექსპორტირებასაც მოახდენენ.

    ცნობილია, რომ ქვეყნის კონკურენტუნარიანობის და ცნობადობის გაზრდის  მიმართულებით უდიდესი მნიშვნელობა ენიჭება  საინვესტიციო მიმზიდველობას. ცნობილია, რომ უცხოელი ინვესტორები განსაკუთრებით დაინტერესებულნი არიან ინვესტიციების დაბანდებით იმ ქვეყნებში, სადაც მნიშვნელოვნადაა უზრუნველყოფილი ინვესტიციების დაცულობა და არსებობს  მაღალი მოგების  მიღების ალბათობა, საჭიროა აღინიშნოს ასევე ისიც, რომ ხშირად ინვესტიციების მოზიდვა ქვეყნებს მათი ეკონომიკური მდგომარეობის გაუმჯობესების  ლამის ერთადერთ საშუალებად მიაჩნიათ, მაშინ, როცა არსებობს ასევე მნიშვნელოვანი რისკი იმისა რომ ინვესტორი აღმოჩნდეს არაკეთილსინდისიერი და მოკლევადიან პერიოდში მან სხვადასხვა სავალუტო სპეკულაციების საშუალებით  მნიშვნელოვანი უცხოური ვალუტის გატანა მოახდინოს ქვეყნიდან. საჭიროა აღინიშნოს, რომ ასეთი სპეკულაციური ოპერაციებიდან არ არის დაზღვეული განვითარებადი ქვეყნები (მათ შორის საქართველო), რაც მთლიანობაში მნიშვნელოვან სავალუტო პრობლემებს იწვევს ამ ქვეყანაში, მაშინ, როცა განვითარებადი ქვეყნების მთავრობების რეაგირების მექანიზმები ამ რისკებისგან თავის დაცვის უზრუნველსაყოფად ძალიან მწირია (შეიძლება ითქვას, რომ საერთოდ არ არსებობს).   საჭიროა აღინიშნოს, რომ ასეთი პრობლემური საკითხისგან დაცული არ არის ისეთი დიდი ქვეყნებიც კი, როგორიც არის რუსეთი და უკრაინა. ასეთი სპეკულაციური გარიგებების აღკვეთა უჭირთ ამ ქვეყნის მთავრობებს, ასევე მნიშვნელოვნადაა დაკნინებული ამ მიმართულებით  განვითარებადი ქვეყნების ცენტრალური ბანკების ფუნქციებიც.

  კიდევ უფრო  საინტერესო სურათს ვღებულობთ, თუ განვიხილავთ საქართველოში 2016-2019 წლებში შემოსული უცხოური ინვესტიციების მოცულობას და მოვახდენთ მათ შედარებას სხვადასხვა მნიშვნელოვან პარამეტრებთან.                                                                                                                                          

           წარმოდგენილი მონაცემებიდან (ცხრილი №3) ჩანს, რომ 2016-2019 წლებში ინვესტიციების წილი  ქვეყნის მშპ-სთან მიმართებაში 7,3 % დან 12 %-დე ფარგლებში მერყეობს.  მსოფლიო პრაქტიკიდან გამომდინარე, განვითარებადი ქვეყნების ეკონომიკის სწრაფი განვითარების მიზნით აუცილებელია ქვეყანაში შემოსული უცხოური ინვესტიციების წილი მთლიან შიდა პროდუქტში იყოს მინიმუმ 20 %. სწორედ ამ მონაცემის მიღწევის შემდეგ იქნება საგრძნობი ქვეყანაში შემოსული უცხოური ინვესტიციით მიღებული ეფექტი, გაიზრდება ეკონომიკა, რაც გატარებული სწორი ეკონომიკური პოლიტიკის შემდეგ შეიძლება გახდეს საწინდარი მოქალაქეთა საერთო კეთილდღეობის ზრდისა. ცხრილიდან (ცხრილი №3) ჩანს, რომ ერთ სულ მოსახლეზე გაანგარიშებით წლიურად უცხოური ინვესტიციების ოდენობა 2016-2019 წლებში მერყეობს წლიურად 300 დან 500 ამერიკულ დოლარამდე, რაც თითქმის 10-ჯერ ნაკლებია შესაბამის წლებში ერთ სულ მოსახლეზე მშპ-ს მონაცემებზე.

 საჭიროა აღინიშნოს, რომ  არსებული მსოფლიო  გლობალიზმის პირობებში, ასევე კორონავირუსით გამოწვეული ეკონომიკური კრიზისის ფონზე დიდია ალბათობა იმისა, რომ საქართველოს  ზემოაღნიშნული მაკროეკონომიკური პარამეტრები (მშპ, ინვესტიციები) კიდევ უფრო გაუარესდება, რაც პერსპექტივაში საქართველოს ეკონომიკის მდგრად განვითარებას მნიშვნელოვან საფრთხეს შეუქმნის. ჩვენი უცხოელი პარტნიორების პოლიტიკური და  ფინანსური მხარდაჭერის გარეშე, ვფიქრობ, საქართველოს გაუჭირდება პანდემიით გამოწვეული ეკონომიკური და ფინანსური დანაკარგების უახლოეს  (2-3 წელი) პერიოდში აღმოფხვრა. ამას ემატება ისიც, რომ საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტების (საერთაშორისო სავალუტო ფონდი, მსოფლიო ბანკი, ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკი და სხვა)  პროგნოზები ცხადყოფს, რომ 2020 წელს საქართველოს ეკონომიკის ზრდა დაახლოებით 4 %-ით შემცირდება, რაც ქვეყანაში მნიშვნელოვანი სოციალური და ინფრასტრუქტურული პროექტების დაფინანსების  გადავადებას ან საერთოდ შეწყვეტას გამოიწვევს.

   ცნობილია, რომ დამოუკიდებლობის მოპოვების შემდეგ (1991 წლიდან) საქართველოში   გატარებული ეკონომიკური პოლიტიკის შედეგად მნიშვნელოვნად გაუარესდა ზემოაღნიშნული მაკროეკონომიკური პარამეტრები, რამაც მთლიანობაში ქვეყნის საერთო სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის გართულება გამოიწვია. შექმნილი მდგომარეობიდან  გამომდინარე, მთავრობა იძულებულია გაატაროს  სწრაფი ეკონომიკური რეფორმები, რათა უახლოეს პერსპექტივაში მინიმუმამდე იქნას დაყვანილი მსოფლიო პანდემიიდან გამომდინარე  კიდევ უფრო გაუარესებული ეკონომიკური მდგომარეობა.  შექმნილი ეკონომიკური  მდგომარეობა მართლაც არაორდინალურია და, გამომდინარე აქედან, მისაღები ზომებიც არაორდინალური  და სწრაფი უნდა იყოს.

 

 

                                                             დასკვნები და რეკომენდაციები:

   1. მიუხედავად მთავრობის მიერ გაცხადებული პოზიტიური ანტიკრიზისული გეგმისა, რომელიც ქვეყნის ეკონომიკის საერთო მდგომარეობის გაჯანსაღებაზეა ორიენტირებული,  საჭიროა აღინიშნოს, რომ  უახლოეს პერსპექტივაში საქართველოში  არსებული მანკიერი საბანკო სისტემა კვლავ მნიშვნელოვანი ხელისშემშლელი ფაქტორი იქნება ქვეყნის საერთო მდგომარეობის გაუმჯობესებისა;

  2.  მნიშვნელოვანი რეფორმებია გასატარებელი საგადასახადო და საბაჟო სფეროს მიმართულებით. აუცილებელია მნიშვნელოვნად შეეწყოს ხელი ექსპორტზე ორიენტირებული დარგების განვითარებას, საჭიროა სწრაფად მოხდეს იმპორტჩანაცვლებითი პოლიტიკის გატარება, განსაკუთრებით მოსახლეობის  სურსათით უზრუნველყოფის  მიმართულებით;

3. ქვეყნის პოტენციალიდან და  მდიდარი გამოცდილებიდან (მეცნიერებათა აკადემია, შესაბამისი დარგის სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტები და სხვა)  გამომდინარე, მთავრობამ მკვეთრი ნაბიჯები უნდა გადადგას დარგის სპეციალისტების (სოფლის მეურნეობის  და ეკონომიკის მეცნიერებათა აკადემიები) ჩართულობით ეკონომიკის სხვადასხვა დარგების, განსაკუთრებით სოფლის მეურნეობის დარგის განვითარების მიმართულებით. სავსებით ვეთანხმები პროფესორ ნოდარ ჭითანავას, რომ ამ კუთხით აუცილებელია  შემუშავდეს ,,გარღვევის სტრატეგია", რათა მომზადდეს მთავრობის მიერ ქვეყნის უსაფრთხო განვითარების კომპლექსური გეგმა";

 4.  ქვეყანაში უარყოფითი სავაჭრო სალდოთი გამოწვეული  ნეგატიური შედეგების სწრაფად ლიკვიდირებისათვის აუცილებელია საქონლის იმპორტისას გატარდეს  პროტექციონისტური პოლიტიკა, რათა მაქსიმალურად იქნას დაცული ქვეყნის ისედაც მცირე შიდა ბაზარი;

 5. მსოფლიო პრაქტიკიდან გამომდინარე, ქვეყანაში  უცხოური ვალუტის შემოტანასა და გატანაზე დაწესდეს მკაცრი სავალუტო კონტროლი, რათა მნიშვნელოვნად შეიზღუდოს ქვეყანაში ზოგიერთი არაკეთილსინდისიერი უცხოელი ინვესტორის მიერ ვალუტებით უკანონო ვაჭრობა და ქვეყნიდან ვალუტის უცხოეთის ბანკებში შეუზღუდავად გატანა. აღნიშნული სპეკულაციური გარიგებები იწვევს ქვეყანაში უცხოური ვალუტის დეფიციტს, რაც ნეგატიურად აისახება ეროვნული ვალუტის კურსზე და ხშირ შემთხვევაში მის ხელოვნულ დევალვაციას უწყობს ხელს. შექმნილი მდგომარეობით სარგებლობენ ზოგიერთი საფინანსო ინსტიტუტები და სავალუტო  ბაზარზე არსებული სხვა მოთამაშეები;

  6.  საერთაშორისო სავალუტო ფონდთან კოორდინირებული მუშაობით  პარლამენტმა უნდა მოახდინოს ეროვნული ბანკის ფუნქციების კორექტირება, კომერციული ბანკების საქმიანობის მონიტორინგის მიზნით, რათა პერსპექტივაში მაინც  გაუქმდეს კომერციული ბანის მიერ არაპროფილური აქტივების მართვის დღეს არსებული მანკიერი პრაქტიკა,  რაც ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ხელისშემშლელი ფაქტორია ქვეყნის ეკონომიკის განვითარებისა,   შექმნილი მდგომარეობა ეკონომიკის სხვადასხვა დარგებში მონოპოლისტების წარმოქმნას უწყობს ხელს. გამომდინარე იქედან, რომ საქართველოს გააჩნია პატარა ეკონომიკა,  მდგომარეობა კიდევ უფრო რთულდება;

 7. მნიშვნელოვანი რეფორმებია ასევე განსახორციელებელი (პარლამენტის ჩართულობით)  ეროვნული ბანკის საქმიანობის მიმართულებით, რათა ეროვნულ ბანკს გარდა ინფლაციის კონტროლისა დაევალოს ასევე ეროვნული ვალუტის კურსის  რყევის გამომწვევის მიზეზების შესწავლა-კონტროლი, დასაქმების ხელშეწყობა და შესაბამისად ქვეყნის ეკონომიკის აქტივობაზე ორიენტირებული  მონეტარული პოლიტიკის გატარება, ასევე აუცილებელია მკაცრად დარეგულირდეს და სწრაფად გამოსწორდეს  ეროვნული ბანკის მიერ  კომერციულ ბანკებზე გაცემული რეფინანსირების სესხების  მიმართულებით  დღეს არსებული ნეგატიური მდგომარეობა;

  8. პანდემიიდან გამომდინარე შექმნილი რთული ეკონომიკური მდგომარეობის გათვალისწინებით, მთავრობის მიერ სწრაფად უნდა მოხდეს 2020 წლის  კორექტირებული ბიუჯეტის წარდგენა პარლამენტში განსახილველად, ასევე კორექტირებას ექვემდებარება ქვეყნის და რეგიონების სტრატეგიული სოციალურ-ეკონომიკური განვითარების დამტკიცებული გეგმები. აღნიშნული გეგმები უნდა იყოს შექმნილი მდგომარეობის ადეკვატური და უნდა პასუხობდეს ქვეყნის და რეგიონების წინაშე დღეს არსებულ რთულ  სოციალურ-ეკონომიკურ გამოწვევებს, წინააღმდეგ შემთხვევაში უკვე მოქმედი (არსებული) გეგმებით გათვალისწინებული ღონისძიებები ვერ განხორციელდება, რაც მნიშვნელოვნად გაართულებს  რეგიონების და მთლიანობაში ქვეყნის  ეკონომიკურ მდგომარეობას;

9. კერძო სექტორში სამუშაო ადგილების მაქსიმალურად შნარჩუნების, ასევე  მოქალაქეებისათვის ფულადი დახმარების გაწევის მიზნით, მთავრობის მიერ გამოყენებულ  უნდა იქნას მსოფლიოში  ბიზნესის მიმართებაში აპრობირებული  სხვადასხვა სახის  დამხმარე და მასტიმულირებელი მექანიზმები (სუბსიდირება, საგადასახადო არდადეგები, დავალიანებების ჩამოწერა და სხვა). კარგია, რომ მთავრობამ ამ კუთხით გადადგა შესაბამისი ნაბიჯები;

 10. მთავრობამ,  მის მიერ   წარმოდგენილი ანტიკრიზისული გეგმის წარმატებით განხორციელების უზრუნველსაყოფად, საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტებთან ურთიერთობისას,  სისტემატურად ითანამშრომლოს საქართველოს მეცნიერებათა ეროვნულ აკადემიასთან, რადგანაც  მოქმედი კანონმდებლობის მიხედვით, მეცნიერებათა ეროვნული აკადემია წარმოადგენს მთავრობის მეცნიერულ მრჩეველს.

 



ბოლო სიახლეები