ნათია კურდღელია
ქუთაისის უნივერსიტეტის დოქტორანტი
აბსტრაქტი
შესავალი და მიზანი: ჩინურ ქალაქ უჰანში ფეხადგმულმა ახალი შტამის ვირუსმა ადამიანის ჯანმრთელობასა და მისთვის სასიცოცხლოდ აუცილებელ გარემოს უმოწყალოდ შეუტია. ამ რეგიონის ფანტასტიკურად განვითარებულმა ტექნიკურმა, ტექნოლოგიურმა, კომუნიკაციურმა თუ ინფრასტრუქტურულმა მიღწევებმაც კი ვერ შეაფერხა მსოფლიოს მასშტაბით „უხილავი მტრის“ გავრცელება. Covid-19-ის პრევენციის მიზნით შემოღებულმა შემაკავებელმა ღონისძიებებმა (კარანტინი, საგანგებო მდგომარეობა, იზოლაცია და სხვა) გლობალური ეკონომიკის სტაბილურობას საფრთხე შეუქმნა. ფაქტობრივად, გაჩერდა ეროვნული სახელმწიფოების, მათ შორის, საქართველოს მსხვილი (გამონაკლისის გარდა), მცირე და საშუალო ბიზნესი. გლობალური ეკონომიკა ფაქტობრივად, კრიზისში აღმოჩნდა.
ჯერ კიდევ ადრეა
შეფასდეს და სტატისტიკურ მაჩვენებლებში გამოისახოს გამოცხადებული პანდემიის გამო
შექმნილი კრიზისის შედეგები, მაგრამ კვალიფიციური გათვლების გარეშეც კი, ადვილი
წარმოსადგენია, რომ უმოქმედობის პერიოდში საწარმოებს სოლიდური ზარალი
წარმოექმნათ და ვალდებულებებიც გაეზარდათ. მდგომარეობა იმდენად რთულია, რომ მცირე
და საშუალო საწარმოთა დიდი უმრავლესობა, დამოუკიდებლად, ფინანსური დახმარების
გარეშე, დიდხანს ვერ დაუბრუნდება გაჩერებამდელ ნიშნულს, ხოლო ნაწილი -
ვეღარ შეძლებს საქმიანობის გაგრძელებას.
მდგომარეობის სტაბილიზაციისა და საფრთხეების ნეიტრალიზების მიზნით, სავსებით გონივრულია, რომ ვირუსის წინააღმდეგ ფართომასშტაბიან ბრძოლასთან ერთად, დაიწყო კრიზისის შემაკავებელი და ბიზნესის დახმარების ანტიკრიზისული ღონისძიებების განხორციელება. ამასთან, აქტიურად მიმდინარეობს საქართველოს ეკონომიკის პოსტკრიზისული პერიოდის პროგრამის შექმნაზე მუშაობა.
ნაშრომის მიზანია მცირე და საშუალო საწარმოების, როგორც ეკონომიკური აღორძინებისა და მოსახლეობის პირველადი მოთხოვნილებების დაკმაყოფილების ყველაზე მოქნილი სექტორის, ამოქმედებისთვის საფრთხეების გამოკვეთა და მათი პრევენციისთვის წინადადებების შემუშავება.
მეთოდოლოგია: ნაშრომზე მუშაობის პროცესში შესწავლილია საქართველოს მთავრობის ანტიკრიზისული ღონისძიებები, დარგის სპეციალისტების, ექსპერტებისა და მეცნიერების მოსაზრებები. მათზე დაყრდნობით, საკუთარი პოზიციის წარმოსაჩენად, გამოყენებულია ურთიერთშედარების, განზოგადების, ანალიზისა და სინთეზის მეთოდები.
შედეგები და გამოყენება: მიმდინარე მოვლენებზე დაკვირვების შედეგებსა და დაგროვილი გამოცდილების შეჯერებით, გამოიკვეთა რამდენიმე საყურადღებო წინადადება, რომელთა გაზიარება წაადგება პოსტკრიზისულ პერიოდში მცირე და საშუალო საწარმოების ამოქმედების და, მაშასადამე, საქართველოს ეკონომიკის გაჯანსაღების პროცესს.
დასკვნა: ნაშრომზე მუშაობის შედეგებიდან ჩანს, რომ კრიზისშემქმნელი ვითარებიდან დაღწევის საუკეთესო შესაძლებლობებს იძლევა შინა მრეწველობის, საკუთარი სამეწარმეო სფეროს განვითარება, მიწის, სხვა ბუნებრივი რესურსების ეფექტიანი გამოყენება და პრიორიტეტის მიკუთვნება იმპორტჩამნაცვლებელი პროდუქციის გამოშვებისთვის, რაშიც, ყველაზე უკეთ, მცირე და საშუალო საწარმოებს, განსაკუთრებით კი აგრარულ სექტორს შეუძლიათ გადამწყვეტი როლი შეასრულონ. პანდემიის პერიოდში, სწორედ მცირე და საშუალო საწარმოები აღმოჩნდნენ უმძიმეს მდგომარეობაში. მათი ამოქმედება და მხარდაჭერის ღონისძიებები პოსტკრიზისული პერიოდის ეკონომიკის განვითარების პროგრამაში განსაკუთრებული უპირატესობით უნდა იყოს წარმოდგენილი.
საკვანძო სიტყვები: მცირე და საშუალო საწარმოები; ბიზნესის დახმარების ანტიკრიზისული ღონისძიებები; პოსტკრიზისული პერიოდის საქართველოს ეკონომიკის ამოქმედების პროგრამა.
გასული წლის
დეკემბრის მიწურულს ჩინურ ქალაქ უჰანში ფეხადგმულმა ახალი შტამის ვირუსმა
ადამიანის ჯანმრთელობასა და მისთვის სასიცოცხლოდ აუცილებელ გარემოს უმოწყალოდ
შეუტია. ამ რეგიონის ფანტასტიკურად განვითარებულმა ტექნიკურმა, ტექნოლოგიურმა,
კომუნიკაციურმა თუ ინფრასტრუქტურულმა მიღწევებმაც კი ვერ შეაფერხა მსოფლიოს
მასშტაბით „უხილავი მტრის“ გავრცელება. არაეკონომიკური (უფრო ბიოლოგიური)
წარმომავლობის Covid-19-ის პრევენციის მიზნით, შემოღებულმა შემაკავებელმა
ღონისძიებებმა (კარანტინი, საგანგებო მდგომარეობა, იზოლაცია და სხვა),
ჯანმრთელობაზე არანაკლები საფრთხე ეკონომიკის სტაბილურობას შეუქმნა. პრობლემები
განსაკუთრებით გამწვავდა იმ ქვეყნებში, რომლებსაც ძლიერი ადგილობრივი სამეწარმეო
სექტორი არ გააჩნიათ და ძირითადად იმპორტირებულ საქონელზე არიან დამოკიდებულნი.
ეკონომიკის მდგრადობის სიმყიფის გამო, მაჩვენებლების დაღმასვლის დინამიკაში,
როგორც მოსალოდნელი იყო, საქართველოც აღმოჩნდა. ფაქტობრივად, გაჩერდა მსხვილი
(იშვიათი გამონაკლისის გარდა), მცირე და საშუალო ბიზნესი მრეწველობის, ვაჭრობის,
ტრანსპორტის, ტურიზმის, სარესტორნო, სასტუმრო და მომსახურების სხვა, აგრეთვე
აგროპროდუქციის წარმოების სფეროებში. როგორც ექსპერტები ვარაუდობენ, კრიზისამდელი
დონის აღდგენას ორი წელი მაინც დასჭირდება.
მდგომარეობა იმთავითვე
დაამძიმა იმ გარემოებამ, რომ ადამიანების სიცოცხლეს დამუქრებულ ჯერ არნახულ
გლობალურ გამოწვევას შეზღუდული ფინანსური და მატერიალური რესურსები დახვდა, თუმცა
უბედურების სათავე მარტო დაუნდობელი, საფრთხობელა ვირუსის მიერ „საგულდაგულოდ
დაცული“ სახელმწიფო საზღვრების „გარღვევა“ და გავრცელება როდია. ეპიდემიამ, მის
წინააღმდეგ საერთო უძლურობის გარდა, ბაზრის „უჩინარი ხელის“ მარეგულირებელ უნარზე
მინდობილი ერთპოლუსიანი მართველობის, სახელმწიფო სტრუქტურების გაუმართავი მუშაობის
ათასი სხვა სუსტად შეკრული არასაიმედო კვანძები გამოავლინა. მიზეზთა შორის,
წარუმატებლობის დიდი წილი წარსულში ეკოსისტემის მიმართ გულგრილმა დამოკიდებულებამ,
პოლიტიკურმა დაპირისპირებებმა და ეკონომიკის განვითარებაში დაშვებულმა გლობალურმა
შეცდომებმა განაპირობა.
ეკონომიკური ჩავარდნა
და სხვა უარყოფითი გვერდითი მოვლენები სახეზეა არამხოლოდ სუსტი ეკონომიკის, არამედ
ზეგანვითარებული ინდუსტრიისა და შესაძლებლობების ქვეყნებშიც.
ჯერ კიდევ ადრეა
შეფასდეს და სტატისტიკურ მაჩვენებლებში გამოისახოს მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციის
მიერ გამოცხადებული პანდემიის გამო შექმნილი საერთო კრიზისის შედეგები, მაგრამ
კვალიფიციური გათვლების გარეშეც კი ადვილი წარმოსადგენია, რომ უმოქმედობის
პერიოდში საწარმოებს სოლიდური ზარალი წარმოექმნათ და უფრო მეტი ვალდებულებებიც
დაუგროვდათ. მდგომარეობა იმდენად რთულია, რომ მცირე და საშუალო საწარმოთა დიდი უმრავლესობა,
დამოუკიდებლად, ფინანსური დახმარების გარეშე, დიდხანს ვერ დაუბრუნდება
გაჩერებამდელ ნიშნულს, ხოლო ნაწილი - უკვე ვერც შეძლებს საქმიანობის
გაგრძელებას.
მცირე და საშუალო
ბიზნესის მნიშვნელობა, მისი კეთილმყოფელი ნიშან-თვისებები და განვითარების გარდაუვალობა,
აგრეთვე ეკონომიკური რყევებისადმი მისი მედეგი შესაძლებლობები ისედაც ცნობილია და
აქ ამ საკითხებზე მსჯელობის გაგრძელება, შესაძლოა, სათქმელის გასაუხვებლად
ჩაითვალოს. განსაკუთრებული მნიშვნელობისა და პოზიტიური გავლენის გამო, ნებისმიერი
ქვეყნის ეკონომიკური პოლიტიკის პრიორიტეტად სწორედ მცირე და საშუალო მეწარმეობის
განვითარება მოიაზრება, ამიტომ უფრო მნიშვნელოვანია ბიზნესის ამ სეგმენტის
აღდგენის ღონისძიებებზე საყურადღებო მოსაზრებები ჩამოყალიბდეს და პოსტკრიზისული
პერიოდისთვის სამოქმედოდ დაისახოს.
არსებული სირთულის
მიუხედავად, უნდა შევნიშნოთ, რომ საქართველოს მთავრობა, უპრეცედენტო ვითარებაში,
არნახული გამოწვევის წინაშე პირისპირ დადგა და ორგანიზებულად მოქმედებდა.
შთამბეჭდავია პანდემიის დაძლევაში შეტანილი მისი წვლილი; შექმნილი მდგომარეობიდან
ნაკლები დანაკარგებით დაღწევის ანტიკრიზისული ძალისხმევა და პოსტკრიზისულ
პერსპექტივაში ეკონომიკის აღორძინების მიზანდასახულობა.
არსებული
შესაძლებლობებიდან გამომდინარე, უთუოდ დიდია რეალური სექტორისა და ყველაზე მეტად
დაზარალებული სფეროების სწრაფი აღდგენისთვის მთავრობის მიერ გაცხადებული
განზრახულებები.
ანტიკრიზისული გეგმის
ცალკეული ღონისძიება, ცხადია, იმავდროულად არ იძლევა ნაყოფს და მისი ეფექტიანობა
მოგვიანებით გამოჩნდება. მაგრამ ზოგიერი მათგანი, გამოცდილებაზე დაყრდნობით,
შესაძლოა, აქედანვე შეფასდეს და მოსალოდნელი შედეგიც განიჭვრიტოს. სავსებით
ლოგიკურ და მარტივად წარმოსახვად, მრავლისმომცველ დარიგებად ჩაითვლება თუ ვიტყვით,
რომ წარმატებები მიღწევადია იმ შემთხვევაში, როცა გამოწვევებზე დროულად,
ადექვატურად მოხდება სისტემური რეაგირება. როდესაც შემოქმედებითი,
მაღალინტელექტუალური ინოვაციური ტექნოლოგიები ჩაანაცვლებენ კრიზისამდე პერიოდის
წარმოების საშუალებებს, კვალიფიციური კადრები შეცვლიან უკვე არაეფექტიან
მმართველობით და ქანცგაცლილ ინჟინერ-ტექნიკურ პერსონალს, მაღალი მოტივაციის,
სტიმულირებისა და წახალისების ფორმები დაიჭერენ დრომოჭმული, მხოლოდ ენთუზიაზმზე და
არაღირსეულ საწყისებზე დაფუძნებული ანაზღაურების სისტემის ადგილს. კრიზისიდან
გაღწევის ამ ლაკონურად ჩამოყალიბებულ თეზაში არის ანგარიშგასაწევი საორიენტაციო
აზრი, მაგრამ იქამდე ჯერ კიდევ შორია. ჩვენ უფრო კონკრეტული, შესაძლებელი და
შესასრულებელი გადაწყვეტილებებით უნდა დავცილდეთ ისედაც არასახარბიელო
მდგომარეობაში მყოფ, შემდგომ კი კორონავირუსის შემოტევით კიდევ უფრო
დაზარალებულ წარმოებას.
პანდემიამ გამოკვეთა
საზოგადოების სოციალური და ეკონომიკური განვითარების ისეთი მიმართულებები, რომლის
არგათვალისწინება, - წარსულში დაბრუნება დაუშვებელია. შექმნილმა კრიზისულმა
მდგომარეობამ ნათლად დაგვანახა უკვე შორსწასული მეტასტაზები, რომლითაც ვცხოვრობდით
და გვაახლოებდა უკიდურესად უარესს. აწუკვე მწარე გამოცდილების საფუძველზე, კრიზისი
უნდა გახდეს შესაძლებლობების მობილიზაციის, უძრაობის რკალიდან გარღვევისთვის
გონივრული გადაწყვეტილებებისა და წერტილოვანი დარტყმების სასტარტო მოედანი,
მწყობრი, გათვლილი და მიზანმიმართული ნაბიჯებით, რაც შეიძლება ჩქარა დაიწყოს
გაჩერებული სამეწარმეო სუბიექტების ამუშავება ეკონომიკაში განხორციელდეს
საფუძვლიანი გარდაქმნები, რადიკალურად შეიცვალოს ქვეყნის იმპორტდამოკიდებულება,
განვითარდეს რეალური სექტორი (მრეწველობა, სოფლის მეურნეობა, მშენებლობა),
მომსახურების სფეროს იმიჯიდან ქვეყანა მატერიალური მწარმოებლური პოტენციალის
გაძლიერებაზე გადაეწყოს და ახერხებდეს მოსახლეობის პირველადი შიდა მოთხოვნების
(აგრო და სამრეწველო პროდუქციაზე) სრულად დაკმაყოფილებას, რისთვისაც „დღეს
საქართველოს სამი სტრატეგიული რესურსი აქვს: მიწა და სხვა ბუნებრივი რესურსები;
გეოეკონომიკური უპირატესობა; ინტელექტუალური პოტენციალი. ამ რესურსების
კომპლექსურად გამოყენების გარეშე, წინსვლა წარმოუდგენელია“[1].
მთავრობის
ანტიკრიზისული სოციალ-ეკონომიკური გეგმა, უმთავრესად, პანდემიის გამო, მკვეთრად
უარყოფითი შედეგების განეიტრალებისკენაა მიმართული. მას მხოლოდ მოსახლეობისთვის
ზრუნვის, სოციალური დახმარებების გაწევის, ბიზნესის ხელშეწყობისა და შეზღუდვების
თანდათანობით მოხსნის დანიშნულება გააჩნია. სახელმწიფომ სრულად აიღო თავისთავზე
Covid-19-ით დაინფიცირებულთა მკურნალობა, მოქალაქეებისთვის კომუნალური
გადასახადების სუბსიდირების, ეპიდემიის გავრცელების საწინააღმდეგო შეზღუდვების
(საგანგებო მდგომარეობის გამოცხადება, კარანტინი, იზოლაცია) და სხვა ანტივირუსული
ღონისძიებების მთლიანი დანახარჯები, დაზარალებულთა კომპენსაციები, საგადასახადო
შეღავათები და სხვა. დასახული და უკვე განხორციელებულ ღონისძიებათა დადებითი
შედეგების უკან დგას უზარმაზარი ენერგია, გაღებული მატერიალური და ფინანსური
რესურსი, რომლის არდანახვა, რბილად რომ ვთქვათ, უმადურობაა, თუმცა შედეგები მხოლოდ
მადლიერების ან უმადურობის გამოხატვით როდი იზომება, მთავარი კრიტერიუმი მაინც
ციფრებით გამოსახული მისი ეფექტიანობაა. ეს უკანასკნელი კი ასე აშკარად ჯერ არ
ჩანს. პოსტკრიზისული პერიოდისათვის გამიზნული ცალკეული ღონისძიება ბოლომდე
გააზრებულ შთაბეჭდილებას არ ტოვებს. ასეთთა შორის ერთ-ერთია ძირითადი ორიენტირების
განსაზღვრა.
როგორც გაცხადდა,
პოსტპანდემიური პერსპექტივისთვის, ანტიკრიზისული ღონისძიებებისა და შეზღუდვების
მოხსნის უპირველეს პრიორიტეტებში მოექცა საერთაშორისო და ადგილობრივი
ტურისტებისათვის ქვეყნის გახსნა, ტურიზმის ამოქმედება. ამ გადაწყვეტილების ნაწილია
ტურისტული კომპანიებისა და ტურიზმთან დაკავშირებული ინფრასტრუქტურის ობიექტების
(სასტუმროების, რესტორნების) დახმარებების გაწევა. სახელმწიფოს ტურიზმის სფეროს
კრიზიდან დახსნის (გადასახადებიდან განთავისუფლებისა და სუბსიდირების)
მიზნებისთვის გათვალისწინებული აქვს 200 მილიონლარიანი პაკეტი, რაც ყველა ნიშნის
მიხედვით, საჭიროებიდან გამომდინარე, პოსტკრიზისული პერიოდის ღონისძიებებისთვის
დაზუსტდება და კიდევ უფრო გაიზრდება.
ბოლო წლებში, ვიზიტორთა
რაოდენობისა და მიღებული შემოსავლების ზრდის ტემპები, აგრეთვე ქვეყნის ეკონომიკური
განვითარების დინამიკა ცალსახად ცხადყოფს, რომ მის მთავარ მამოძრავებელ ძალად
ტურიზმი იძენს უპირატესობას. საქართველო, როგორც უაღრესად მიმზიდველი,
მრავალფერადი, ეგზოტიკური, განუმეორებელი წარსულის, ისტორიის, კულტურის,
ლანდშაფტის მქონე ქვეყანა, საერთაშორისო ტურისტულ მარშრუტებში ძალზე ცნობილი და
ყველაზე ხელმისაწვდომი გახდა. მიმზიდველობის წარმოჩენის მხრივ, ჯერ გაუხსნელი და
აუთვისებელი უზარმაზარი რესურსი არსებობს. თამამად შეიძლება ითქვას, რომ
საქართველოსთვის ტურიზმი, მართლაც, ერთ-ერთი პრიორიტეტული დარგია.
ტურიზმის მთელი
ინდუსტრია, ფაქტობრივად, კერძო სექტორის მცირე და საშუალო საწარმოების ხელშია.
პანდემიამ ყველაზე მეტად სწორედ ამ დარგს დაარტყა, თუმცა მისი აღდგენა შედარებით
ადვილად და ყველაზე მოკლე დროშია შესაძლებელი.
კრიზისამდელი
პერიოდის ნიშნულამდე და ვიზიტორთა რაოდენობის შემდგომი მკვეთრი გაზრდის მთავარი
წინაპირობის უზრუნველსაყოფად აუცილებელია კორონავირუსი (აგრეთვე ყველა ეპიდემიური
ბაცილა) მართვადი გახდეს და საქართველო პანდემიისგან უსაფრთხო, ე.წ. „მწვანე
ზონად“ გადაიქცეს. მედიცინის დარგის სპეციალისტთა გმირული თავგანწირვა და მიღწეული
წარმატებები ამის გარანტიას იძლევა. მაგრამ, ცხადია, ტურიზმის აღორძინებისთვის ეს
არ არის საკმარისი და ერთადერთი პირობა.
ტურისტული ინდუსტრია
ერთმანეთთან დაკავშირებული დარგების (ტრანსპორტის, გზების, კომუნიკაციის სხვა
საშუალებების, სასტუმრო კომპლექსების, სარესტორნო-გასართობი და კვების,
მომსახურების ობიექტების, აგრარული სექტორის) ჰარმონიული თანამშრომლობის, მაღალი
ეტიკეტის, დაცულობის გარანტიების და უსაფრთხოების უზრუნველმყოფი სამსახურების
ერთობლიობაა. ეს უკვე ნიშნავს იმას, რომ ამ ინდუსტრიის თითოეული შემადგენელის
მატერიალურ-ტექნიკური ბაზა უნდა გაუმჯობესდეს და თანაბარი პრიორიტეტით უნდა
ვითარდებოდეს. ამასთან, ეკონომიკური ზრდის მისაღწევად, ტურიზმის ინდუსტრია სამამულო
წარმოების პროდუქციას და რესურსებს უნდა იყენებდეს. როცა უპირატესობა მხოლოდ
ტურისტებისთვის დროებით მიხურული კარების გახსნას ენიჭება და მისი დამხვედრი
ინდუსტრია ჯერ კიდევ მიყუჩებული იქნება, ეს ახალ საფრთხეს შექმნის, ამასთან,
ქვეყნის იმიჯიც, ბაზის მოუმზადებლობის გამო, პირველსავე ნაკადის დასრულებისთანავე,
შეილახება. არის არსებითად უფრო საყურადღებო გარემოებაც:
პანდემია მარტო
საქართველოს არ შეეხო, მეზობელი ქვეყნებიც და მსოფლიოს მოწინავე ინდუსტრიებიც
არანაკლებად დაზარალდნენ. ნაკლებად სავარაუდოა, რომ საგანგებო ვითარების გამო,
სახლებში გამოკეტილი და პანდემიით დაზარალებული მოსახლეობა, მიმოსვლის შეზღუდვის
მოხსნისთანავე, სამოგზაუროდ გაეშუროს. შესაბამისად, არ არსებობს მყარი გარანტია
იმისა, რომ საქართველოს ტურისტების ნაკადი ერთბაშად მოაწყდება, ხოლო შემოსული
ტურისტების გადახდისუნარიანი მოთხოვნილება წინა, კრიზისამდელ პერიოდთან აშკარად
შემცირებული იქნება. ყოველივე ამის გამო, არაა იმის მაღალი ალბათობა, რომ
ტურიზმი შეუფერხებლად და წარმატებით იმუშავებს;
პანდემიის შედეგად
დაზარალებული ტურიზმის ინდუსტრიის, მათ შორის აგროსექტორის მცირე და საშუალო
საწარმოები, ფერმერული მეურნეობები ასამოქმედებელია. ამ დარგის ოპერატორებს შორის
შეჩერებული ურთიერთობები, მარშრუტები, უსაფრთხოების ნდობა და გარანტიები
აღსადგენია. ქონების და სხვა გადასახადებისგან განთავისუფლება ან მათზე
გასაცემი/გაცემული სესხების პროცენტის სუბსიდირება ტურისტული სეზონის დასახვედრად
მზადების პროცესისთვის არასაკმარისია. ამ პროცესს დამატებითი რესურსები და
დრო სჭირდება;
ავია და სხვა
გადამყვანი სატრანსპორტო კომპანიები, გლობალური გამოწვევის გამო, ყველაზე მეტად
დაზარალდნენ. ტურიზმი, ამ კომპანიების გარეშე, ვერ აღდგება. სოციალური
დისტანცირების აუცილებლობა ჯერ კიდევ დიდხანს შენარჩუნდება. დისტანცირების,
დეზინფექციისა და სანიტარულ-ჰიგიენური ნორმების უზრუნველყოფის ახალი წესრიგი უთუოდ
აისახება ტრანსპორტისა და ტურისტული ობიექტების მომსახურების ღირებულებაზე და
სავარაუდოდ, გაძვირდება. აღნიშნული, ცხადია, უარყოფითად იმოქმედებს დასვენებისა და
ეგზოტიკის მოყვარულთა სამოგზაურო ბიუჯეტზე, რაც ასევე შეაფერხებს ტურიზმის
გააქტიურებას;
საქართველო იმპორტზე
დამოკიდებული ქვეყანაა. მას აგროსასურსათო პროდუქციის ძირითად ჩამონათვალსა და
სხვა სამრეწველო საქონლის ექსპორტ-იმპორტის უარყოფითი სალდო გააჩნია, გასაკვირია,
მაგრამ აგრომიმართულების პროდუქციის წარმოების წარმატებული ტრადიციების ქვეყანაში
- „საქართველოში მოხმარებული ფრინველის ხორცის მხოლოდ 30 პროცენტია ადგილობრივი
წარმოების, დანარჩენი - 70 პროცენტი - იმპორტირებულია [2]. ასეა პროდუქციის სხვა
საახეებშიც. „ჩვენს სამომხმარებლო კალათაში, რომელსაც ტურისტს ვახვედრებთ, 80%
იმპორტირებული საქონელია ანუ იმისთვის, რომ ყოველმა ჩამოსულმა ტურისტმა 100 დოლარი
დახარჯოს საქართველოში, ამ 100 დოლარიდან 80 დოლარი იმპორტი უნდა განვახორციელოთ,
ანუ ისევ უნდა ვამუშაოთ თურქეთის ეკონომიკა [3]. ცნობილი მეცნიერის ამ ღია
მინიშნებაში აშკარაა, რომ თუ ტურიზმი გაიხსნება და მეტი ვიზიტორი გვეყოლება, ისინი
თავიანთი გართობისთვის მაქსიმალურ კომფორტის მისაღებად იმპორტით შექმნილ
პროდუქციაზე ფულს დახარჯავენ, ამით სხვა ქვეყნების ეკონომიკის გაძლიერებაზე
იზრუნებენ, საქართველოს კი აქედან მხოლოდ უმნიშვნელო სარგებელი შერჩება.
საკამათო არაა, რომ
ტურიზმის განვითარება საქართველოს ეკონომიკას წაადგება, მაგრამ მასზე
გადაჭარბებული წარმოდგენის შექმნა და განსაკუთრებული პრიორიტეტის მინიჭება
საუკეთესო გადაწყვეტილებად არ აღიქმება. იმპორტჩამნაცვლებელი,
კონკურენტუნარიანი პროდუქციისა და მატერიალური დოვლათის მწარმოებელი საწარმოების
განვითარების გარდაუვალობა პანდემიის გამოცდილებამ უკვე დაადასტურა.
ვფიქრობ, სავსებით
სწორია და ანგარიშგასაწევია მოსაზრება, რომ „ტურიზმი პერსპექტიული დარგია. მაგრამ
მისი გაფეტიშება სწორი არ არის. მას თავისი ადგილი აქვს. იგი ეკონომიკაში
დამბალანსებელი დარგის ფუნქციას ასრულებს“ [4].
ყველა ნიშნის და წარმოქმნილი
აუცილებლობიდან გამომდინარე, ექსპერტები თანხმდებიან ერთიან მოსაზრებაზე, რომ
უპირატესობა შიდა აგროწარმოების, ფერმერული და საერთოდ, სოფლის მეურნეობის
განვითარებას უნდა მიეკუთვნოს.
„დღეს პრიორიტეტად
უკვე არა ტურიზმი და ტურისტული ინდუსტრიის განვითარება, არამედ სოფლის მეურნეობა
სახელდება“ [5].
„სახელმწიფოებმა
თვითუზრუნველყოფის საჭიროება დაინახეს და სხვაზე დამოკიდებულის მდგომარეობა
წამგებიანი გახდა. ყველა ქვეყნისთვის, და მათ შორის საქართველოსთვის, პირველი
რიგის ამოცანად იქცა ადგილობრივი წარმოებისა და სოფლის მეურნეობის აღორძინება“.
[6].
მეცხოველეობის,
მეფრინველეობის, მეფუტკრეობის, მევენახეობის, მემცენარეობის, მარცვლეული კულტურის
და სოფლის მეურნეობის ყველა სხვა მიმართულების აღორძინებისა და სამრეწველო
გადამუშავებისთვის საქართველოს ყველა რესურსი (ბიოკლიმატური პირობები, რელიეფი,
ნიადაგი, ფლორა, ფაუნა, აგროპროცედურების გამოცდილება) გააჩნია, შეუძლია
საექსპორტო კონკურენტუნარიანი პროდუქციის წარმოება და ბიუჯეტში შემოსავლების
მიღება.
ამ მხრივ,
ნიდერლანდები „ყველაზე საინტერესო მაგალითია საქართველოსთვის. 2018 წელს სოფლის
მეურნეობიდან მიიღო თითქმის 100 მლრდ. ევროს შემოსავალი. მიუხედავად იმისა, რომ
ტერიტორიით საქართველოზე უფრო პატარაა, ჰოლანდიას უკავია მეორე ადგილი მსოფლიოში
(აშშ-ის შემდეგ) სოფლის მეურნეობის პროდუქციის ექსპორტში“[7].
აგროსექტორის განვითარების მიმართულებით, საქართველოს მთავრობა შთამბეჭდავ განზრახულობებს აცხადებს. პანდემიის გამო შექმნილი კრიზისისგან სოფლის მეურნეობის დაღწევის პროგრამის განსახორციელებლად მთავრობა ბიუჯეტიდან ახერხებს 300 მილიონი ლარის მობილიზებას. თუმცა ამ ანტიკრიზისული გეგმისა და პოსტკრიზისული პერიოდისთვის მზადების მხოლოდ ცალკეული ფრაგმენტები და სლაიდები არსებობს, ერთიანი სამოქმედო დოკუმენტად კი ჯერ არ გამოქვეყნებულა, ამიტომ საფუძვლიანი ანალიზისა და თუნდაც შესრულების საინფორმაციო-საკონტროლო მიზნებისთვის, საჭიროა მისი დამტკიცებული სახით გამოქვეყნება. პოსტკრიზისული პერიოდის ეკონომიკის აღორძინებაში მცირე და საშუალო საწარმოების ხელშეწყობის ღონისძიებებს განსაკუთრებული პრიორიტეტი უნდა მიენიჭოს. ძლიერი ეკონომიკის ქვეყნების პოსტპანდემიური პერიოდისთვის მზადების გამოცდილება მოწმობს, რომ ძირითადი აქცენტები სწორედ ამ მიმართულებითაა გასაკეთებელი. მით უფრო, ეს საკითხი განსაკუთრებით აქტუალურია საქართველოსთვის, რადგანაც ამ სფეროში ისედაც ბევრი გადაუჭრელი პრობლემა არსებობს.
გამოყენებული ლიტერატურა:
ნოდარ ჭითანავა: "გარღვევის სტრატეგიის კონცეპტუალური
წახნაგები - ყველაფერს კორონავირუსს ნუ დავაბრალებთ". ინტერვიუ
სოსო არჩვაძე - დღევანდელი ეკონომიკური კრიზისი სერიოზული შანსია
ეკონომიკის გადაფორმატებისა და ახალი ეკონომიკური ლანდშაფტის ფორმირებისათვის,
ინტერვიუ „ინტერპრესნიუსთან“,
ლადო პაპავა - ვისურვებდი, რომ პირველი ყოფილიყო არა ტურიზმის
შესახებ გეგმა, არამედ სოფლის მეურნეობა, შემდეგ ეკონომიკის რეალური სექტორი,
ინტერვიუ, https://www.interpressnews.ge/ka/article/
ნოდარ ჭითანავა: "გარღვევის სტრატეგიის კონცეპტუალური
წახნაგები - ყველაფერს კორონავირუსს ნუ დავაბრალებთ. ინტერვიუ,
პაატა კოღუაშვილი: „ჩვენ, უწინარესად, ორიენტირებულნი უნდა ვიყოთ
იმაზე, რომ შიმშილი არ დაიწყოს“, ინტერვიუ გათეთ „საქართველო და მსოფლიოსთან“,
14.05.2020, http://geworld.ge/ge/;
სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, მცხეთა-თბილისის
მთავარეპისკოპოსის და ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტის ილია II -ის
სააღდგომო ეპისტოლე, 18 აპრილი, 2020 წ.,
7. „ჰოლანდია - ყველაზე საინტერესო მაგალითი საქართველოსთვის“. https://www.facebook.com/avoeeee/posts/2628561310702031
8. mof.ge;
9. iverioni.com.ge.