თბილისის ზოოპარკში გადაშენების პირას მისული დასავლეთ კავკასიური ჯიხვის ნაშიერი გაჩნდა

1 ივნისი, 2020 16:33 ეკოლოგია


თბილისის ზოოპარკში დასავლეთ კავკასიური ჯიხვის ნაშიერი გაჩნდა. ზოოპარკის ადმინისტრაცია "ფეისბუკის" გვერდზე წერს:

"ჩვენს ზოოპარკულ-ცხოველურ ბავშვთა სამყაროში საპირველივნისოდ დიდი ჟრიამულია - კვირა არ გავა, რომელიღაც ვოლიერში უფროსებს ამოფარებული პატარა არ აღმოვაჩინოთ.

დღეს ეს ბავშვი უნდა გაგაცნოთ - დასავლეთ კავკასიური ჯიხვის ნაშიერი.

მისი დაბადება ჩვენთვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანია და ახლავე გეტყვით, რატომაც.

თბილისის ზოოპარკი საქართველოში გადაშენების საფრთხეში მყოფი სახეობების კონსერვაციის პროექტს ახორციელებს, რაც ცხოველების გამრავლებას და შემდგომ - მათ ბუნებაში დაბრუნებას გულისხმობს. დასავლეთ კავკასიური ჯიხვები საერთოდ არ გვყავდა ზოოპარკში და სპეციალურად ამ პროექტისთვის საფრანგეთიდან და ჩეხეთიდან ჩამოვიყვანეთ. სევდიანი რეალობაა, არა? - არც ერთი იყო ფრანგი და არც მეორე - ჩეხი, ორივენი ბედკრული კავკასიის შვილები იყვნენ, მაგრამ ჰა... კავკასიის ენდემური სახეობის გასამრავლებლად ინდივიდების უცხოეთიდან ჩამოყვანა მოგვიწია.

ისტორიულ სამშობლოში დაბრუნებულებს მალევე შეუყვარდათ ერთმანეთი და შედეგმაც არ დააყოვნა - წელს პირველად გვაჩუქეს ეს ყოჩაღი თიკანი.

საქართველოში გადაშენების პირას მყოფი სახეობების კონსერვაციაში თქვენც შეგიძლიათ ჩვენი დახმარება. სპეციალურად ამ პროექტისთვის ზოოპარკის ვებგვერდს შემოწირულობის განყოფილება დაემატა, საიდანაც ჩვენს ფონდში ნებისმიერი ოდენობის თანხის გადმორიცხვაა შესაძლებელი. წარმოიდგინეთ, რამდენ მოწონება-დაგულვასაც ეს ფოტოები დააგროვებს, ყველამ თუნდაც 1 ლარი რომ გადმორიცხოს, ამ თიკნის უახლოესი მომავალი ყველაფრით უზრუნველყოფილი იქნება 

თანხის შემოსაწირად შეგიძლიათ ესტუმროთ ვებგვერდს: http://www.zoo.ge/donateforwildlifeconservation"


ფოტო:

თბილისის ზოოპარკი


ბოლო სიახლეები