საქართველოს
განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს ინიციატივითა და მხარდაჭერით,
Microsoft-მა განათლების მართვის საინფორმაციო სისტემასთან (EMIS) თანამშრომლობით
Microsoft Teams-ის ქართულ ენაზე თარგმნა უზრუნველყო, რაც პედაგოგებს დისტანციურად
სწავლის პირობებში შესაძლებლობას მისცემს მშობლიურ ენაზე ისარგებლონ
შეთავაზებული ონლაინ ინსტრუმენტებით.
Microsoft-თან
პარტნიორული თანამშრომლობის ფარგლებში, ასევე ქართულ ენაზე ითარგმნა Microsoft-ის
საგანმანათლებლო პორტალი და მასში არსებული საგანმანათლებლო რესურსიც, რომელსაც
ეტაპობრივად დაემატება გაკვეთილებისა და კურსების ახალი, ნათარგმნი ვიდეოები.
გარდა ამისა, მიმდინარეობს Teams-ის ქართულ ვერსიაში ინტერაქტიული ქართულენოვანი
Chat-Bot-ისა და ელექტრონული ჟურნალის ინტეგრირება.
Microsoft
Teams-ის ქართული ვერსია უკვე ხელმისაწვდომია 55 000-მდე მასწავლებლისა და 600 000-ზე მეტი
მოსწავლისთვის.
Teams-ის
პროგრამაში ასევე ინტეგრირდა ელექტრონული რესურსების პორტალი - www.el.ge, რაც
კიდევ უფრო გაუმარტივებს პედაგოგებს აღნიშნულ ვებგვერდზე არსებულ საგანმანათლებლო
რესურსებზე ხელმისაწვდომობას.
სამინისტრო
მაქსიმალურად აძლიერებს დისტანციური სწავლების მეთოდებზე მუშაობას. საქართველოში
Covid-19-ის პანდემიის პირობებში დისტანციური სწავლების დანერგვის პროცესს
უმაღლესი შეფასება მისცეს ისეთმა ცნობილმა საერთაშორისო ორგანიზაციებმა, როგორიცაა
OECD და იუნისეფი.