ჯასტინ კავანა: საქართველო არის ევროპის ერთ-ერთი დამალული საგანძური

5 ივლისი, 2019 00:02 საზოგადოება

“საქართველო არის ევროპის ერთ-ერთი დამალული საგანძური, თავგადასავლებითა და მდიდარი ბუნებით. ვაპირებ ვესტუმრო თუშეთის ეროვნულ პარკს, რომელიც ევროპის შანგრი-ლას მაგონებს, კავკასიონზე მარგალიტებივით ასხმული სოფლებით”- განაცხადა ჯასტინ კავანამ, რომელიც სპეციალური გამოცემისთვის მასალების შეგროვების მიზნით, „National Geographic”-ის მოგზაურ ფოტოგრაფთან, ჯეფ მორითზენთან ერთად, საქართველოს მიმდინარე წლის აგვისტოში ესტუმრება.

2 ივლისს, ირლანდიაში საქართველოს საქმეთა დროებითმა რწმუნებულმა გიორგი ზურაბაშვილმა შეხვედრა გამართა ირლანდიელ ჟურნალისტთან, "National Geographic"-ის სპეციალური გამოცემის “Complete National Parks of Europe” უფროს რედაქტორთან, ჯასტინ კავანასთან.

საქართველოს საელჩოში ჯასტინ კავანას ამომწურავი ინფორმაცია მიაწოდეს საქართველოს ტურისტული პოტენციალის შესახებ, ქვეყანაში არსებული უნიკალური ბუნების, ძეგლების, ღვინის კულტურის, ქართული სამზარეულოსა და უძველესი ტრადიციების შესახებ, რის შემდეგაც ჟურნალისტმა საქართველო სპეციალური გამოცემის პროექტში შეიყვანა.


ბოლო სიახლეები