Emerging Europe-მა ეკონომიკური პოტენციალის კატეგორიაში თბილისი პირველ ადგილზე დაასახელა

19 ივნისი, 2020 14:48 ეკონომიკა & ბიზნესი


ანალიტიკური და მედია პლატფორმა Emerging Europe რამდენიმე წელია ატარებს კვლევას, „ბიზნესისადმი მეგობრულად განწყობილი ქალაქების ინდექსი’’ (Friendly City Perception Index), რომელშიც შერჩეული ქალაქები ექვსი კატეგორიის მიხედვით ფასდება: ქალაქის ბრენდი, ეკონომიკური პოტენციალი, ბიზნეს კლიმატი, სამუშაო ძალის კვალიფიკაცია, ინფრასტრუქტურა და მისი ხელმისაწვდომობა, ცხოვრების ხარისხი, ადგილობრივი ხელისუფლების მხარდაჭერა.

ეკონომიკური პოტენციალის კატეგორიაში წელს თბილისი პირველ ადგილზე დასახელდა, რაც დედაქალაქის ეკონომიკური შესაძლებლობების მნიშვნელოვანი აღიარებაა და დადებითად აისახება ქალაქის საინვესტიციო და ბიზნეს გარემოს საერთაშორისო პოპულარიზაციაზე.აღნიშნულ კატეგორიაში თბილისის გამარჯვება, მნიშვნელოვანი იმითიც არის, რომ კვლევაში მონაწილეობას იღებდნენ ლოკაციის მენეჯერები და ექსპერტები ევროპიდან, რომელთა გადაწყვეტილების საფუძველზე თბილისი გამოვლინდა საუკეთესო ქალაქად ეკონომიკური პოტენციალის მიხედვით. დედაქალაქი მოიაზრება, ერთ-ერთ პრიორიტეტულ საინვესტიციო მიმართულებად მზარდი ეკონომიკური გარემოს გათვალისწინებით, რაც მიმზიდველს ხდის მის ეკონომიკურ პოტენციალს საერთაშორისო მასშტაბით.

2020-ს ქალაქების ინდექსის კვლევის ფარგლებში Emerging Europe-მა ევროპის ფარგლებში 75 ნომინანტი ქალაქი შეარჩია, მათ შორის თბილისის კონკურენტები იყვნენ: ტალინი, ლიუბლიანა, კრაკოვი, ზაგრები, ვარშავა, პრაღა, ბრატისკავა, რიგა, ბუდაპეშტი და ა.შ. აღსანიშნავია, რომ 2019 წლის კვლევის შედეგების მიხედვით თბილისი ხარკოვთან ერთად მეოთხე ადგილს ინაწილებდა, წლევანდელი შედეგი კი ნათლად მიუთითებს დედაქალაქის მიმართ არსებულ დაინტერესებასა და მის ეკონომიკურ პოტენციალზე.

დიდ ბრიტანეთში დაფუძნებული ორგანიზაციის Emerging Europe მიზანია ცენტრალური და აღმოსავლეთ ევროპის ქალაქების ბიზნესის გარემოს შეფასება, კავშირების დამყარების და ეკონომიკური ზრდის ხელშეწყობა.


წყარო:

ეკონომიკური განვითარების საქალაქო სამსახური / Economic Development Office


ბოლო სიახლეები