ექსკლუზივი
"ეკონიუსი" იწყებს ცნობილი პოლიტოლოგის, ისტორიის მეცნიერებათა დოქტორის, საზღვარგარეთის რამდენიმე წამყვანი უნივერსიტეტის ექსპერტ-კონსულტანტის - ბადრი ნაჭყებიას ნაშრომის "ტერორიზმი - ისტორია, დეფინიცია, ტიპოლოგია" გამოქვეყნებას
ანოტაცია
ნაშრომი, უმთავრესად, ეძღვნება ტერორიზმის პრობლემას ისტორიული კუთხით. ამ
საკითხს თანამედროვე მსოფლიოში განსაკუთრებული ადგილი უკავია.
ზოგიერთი თავი ტერორიზმის დეფინიციის პრობლემას ეხება.
ტერორიზმის ერთიანი უნივერსალური განსაზღვრების არარსებობა იწვევს იმას, რომ
ხშირად ტერორიზმს წარმოგვიდგენენ, როგორც ეროვნულ-განმათავისუფლებელი მოძრაობის
ნაწილს და პირიქით. ამ მიზეზის გამო, ხანდახან თანამედროვე საერთაშორისო
პოლიტიკაში ორმაგი სტანდარტები დომინირებს. ამ კუთხით ნაშრომში გამოყენებულია უ.
ლეიკერის, ა. მალისონის, ი. ალექსანდერისა და დ. სუჯაშვილის ნაშრომები. ავტორი
დედუქციური ანალიზის საფუძველზე ცდილობს, განსაზღვროს ტერორიზმის,
როგორც მოვლენის არსი.
ამავდროულად, ნაშრომი ცდილობს, დაგვანახოს ტერორიზმის სახასიათო ნიშნები
მათი მიზნებისა და მოღვაწეობის კუთხით.
ავტორი მიიჩნევს, რომ კვლევაში მოყვანილი საერთო ნიშნები მიესადაგება ყველა
ტერორისტულ ორგანიზაციას, რომლებსაც ცივილიზაციის მთელი ისტორიის მანძილზე
უარსებია. ავტორი ცდილობს იმ ტერორისტული აქტების სტატისტიკის სისტემატიზებას,
რომლებიც XX ასწლეულის განმავლობაში საქართველოში მომხდარა და აღწერს რეგიონულ
რისკებს მეზობელი სახელმწიფოების მაგალითზე.
ისტორიულ ასპექტში ავტორი ყურადღებას ამახვილებს ტერორიზმის შესახებ ისეთი
ისტორიული ფაქტების მოძიებაზე, რომლებიც ქართულენოვან პუბლიკაციებში არ გვხვდება.
ნაშრომში განსაკუთრებული ადგილი უჭირავს XX ასწლეულის პირველ ნახევარში რუსეთში
განხორციელებული რევოლუციური ტერორის კვლევას. კვლევის ობიექტია მეფის რუსეთის
საიდუმლო პოლიციისა და ესერების ტერორისტული ორგანიზაციის საქმიანობა. რუსეთის
სპეცსამსახურების მუშაობის მეთოდოლოგია ჩვენს დროშიც არ კარგავს აქტუალურობას.
ავტორი იკვლევს მათ მუშაობას, განსაკუთრებით კი ტერორისტების გარემოში
აგენტ-ინფორმატორების ჩანერგვის ნაწილს. ნაშრომში ნაჩვენებია სპეცსამსახურების
მუშაობაში ამ მიმართულების მნიშვნელობა რუსეთის სახელმწიფოსთვის.
კვლევა ასევე განხილულია ერთ-ერთი შეუსწავლელი თემა, რომელიც ეხება რუსეთის
იმპერიაში ტერორისტულ საქმიანობაში ებრაელი მოსახლეობის როლს და, ამავდროულად,
ცდილობს წარმოაჩინოს ანტისემიტიზმი, როგორც იმპერიის რეაქციული ძალების იარაღი
რევოლუციური პროცესების წინააღმდეგ. კვლევისას გამოყენებულია მარქსისა და ლენინის
გამოცემების მასალები, 1917 წლის ოქტომბრის რევოლუციის შემდეგ ბოლშევიკების
რევოლუციური ტერორის არსის თვალსაჩინოდ წარმოსაჩენად. ამ მიმართულებით ნაშრომში
გამოყენებულია ა. გეიფმანის, ზ. ვ. ჟუხრაის, ლ. მეთიუს, ა. ლატიშევას და სხვათა მასალები.
ასევე მეფის "ოხრანკის" ხელმძღვანელების - ა. გერასიმოვის,
სპირადოვოჩის, ტერორისტ ბ. საფინკოვის მოგონებები.
მსოფლიოში მიმდინარე პოლიტიკურ პროცესებში ტერორის როლის ისტორიული
თემების განხილვისას ავტორი აანალიზებს მეორე მსოფლიო ომის წინ მომხდარ
უმსხვილეს ტერორისტულ აქტებს. მათ შორის, თავდასხმას იაპონიის პრემიერ-მინისტრ
ციუოში ინუკამზე.
ომისშემდგომი ტერორიზმის ნაწილში მოყვანილია ებრაული ორგანიზაცია
"ნოპმიმ"-ის მიერ საზარელი ტერორისტული აქტის განხორციელების მცდელობა
გერმანიის მოსახლეობის წინააღმდეგ, რომლის შედეგადაც მოწამვლის მსხვერპლი 6
მილიონამდე ადამიანი უნდა გამხდარიყო. ეს ფაქტი კვლევაში ნაჩვენებია, როგორც
მასობრივი განადგურების იარაღის გამოყენების მცდელობის პირველი ფაქტი.
70-80-იანი წლების მემარცხენე და მემარჯვენე ტერორიზმის საკითხს ავტორი
კომპლექსურად იკვლევს და გვიჩვენებს ევროპის მემარცხენე ტერორიზმის სინთეზს
პალესტინურთან.
ისტორიაში განსაკუთრებული ადგილი უჭირავს XX საუკუნის 70-80-იან წლებში
სომხური ტრანსნაციონალური ტერორიზმის თემას. ნაშრომის ავტორი ხაზს უსვამს მისი
შესწავლის მნიშვნელობას საქართველოს სახელმწიფოსთვის.
ავტორი პოსტსაბჭოთა ტერორიზმს განსაკუთრებით დეტალურად განიხილავს
ორგანიზაცია "კავკასიის ხალხთა კონფედერაციის" მაგალითზე. დიდი
რაოდენობით ინტერნეტ-მასალის ანალიზის წყალობით, კვლევას მივყავართ დასკვნამდე,
რომ "კხკ" წარმოადგენს კლასიკურ ტერორისტულ ორგანიზაციას, რომელსაც
რუსეთის რეაქციული წრეები უჭერენ მხარს.
ნაშრომი ეხება თითქმის ტერორიზმის ისტორიის ყველა პერიოდს, ისლამურის ჩათვლით. ავტორი ნაწილობრივ ეხება XX საუკუნის მეორე ნახევრისა და ახალი ასწლეულის მიჯნის პერიოდის ტერორიზმის თემასაც.
(გაგრძელება იქნება)