ვახტანგ მახარობლიშვილმა რუმინეთს ევროკავშირის საბჭოს თავმჯდომარეობის წარმატებული დასრულება მიულოცა

5 ივლისი, 2019 13:24 პოლიტიკა


საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე ვახტანგ მახარობლიშვილი რუმინეთის საელჩოს მიერ გამართულ მიღებას დაესწრო, რომელიც რუმინეთის ევროკავშირის საბჭოს თავმჯდომარეობის მისიის დასრულებას მიეძღვნა.
ვახტანგ მახარობლიშვილმა ღონისძიებაზე დამსწრე საზოგადოებას სიტყვით მიმართა. მან რუმინეთს ევროკავშირის საბჭოს თავმჯდომარეობის წარმატებული დასრულება მიულოცა.
მინისტრის მოადგილემ ყურადღება გაამახვილა საქართველო-რუმინეთის მჭიდრო მეგობრულ ურთიერთობებზე და მადლობა გადაუხადა რუმინეთის მთავრობას,  საქართველოს ევროპული მისწრაფებების, ასევე ტერიტორიული მთლიანობის და სუვერენიტეტის მიმართ გამოხატული მტკიცე მხარდაჭერისთვის.
„წლების განმავლობაში, ჩვენს ქვეყნებს შორის ორმხრივი თანამშრომლობა წარმატებულად ვითარდება, წელს ჩვენ აღვნიშნავთ საქართველო-რუმინეთის ურთიერთობების 300 წლის იუბილეს, რომელიც კიდევ ერთხელ ადასტურებს ქვეყნებს შორის არსებულ ისტორიულ მეგობრობას“-აღნიშნა მინისტრის მოადგილემ.
მინისტრის მოადგილემ სიტყვით გამოსვლისას ასევე აღნიშნა, რომ საქართველო და რუმინეთი ისტორიულად არიან შავი ზღვით დაკავშირებულნი და მნიშვნელოვანია ამ კუთხით ტრანსპორტისა და ენერგეტიკის სფეროში თანამშრომლობის სრული პოტენციალის გამოყენება.

რუმინეთი

ბოლო სიახლეები