დეპუტატებმა საქართველოს კონსტიტუციაში შესატან ცვლილებებს მეორე მოსმენით მხარი დაუჭირეს

23 ივნისი, 2020 21:13 პოლიტიკა




დეპუტატებმა საქართველოს კონსტიტუციაში შესატან ცვლილებებს მეორე მოსმენით მხარი 115 ხმით 3-ის წინააღმდეგ დაუჭირეს.

პლენარული სხდომა პოლიტიკური განცხადებებით დაწყო.

პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილის, მამუკა მდინარაძის განცხადებით,  კენჭისყრის დაწყებამდე რადიკალური ოპოზიციის წარმომადგენლებს დრო აქვთ, შეცვალონ გადაწყვეტილება და მხარი დაუჭირონ საკონსტიტუციო ცვლილებებს.

მისივე თქმით, დღესაც, კონცენტრირება მთავარ საკითხზე, რომელსაც ჰქვია საკონსტიტუციო ცვლილებების მეორე მოსმენით მიღება, არის იმდენად პრიორიტეტული და მნიშვნელოვანი, რომ ყველა დანარჩენი საკითხი შეიძლება მეორეხარისხოვნადაც კი იქნეს მიჩნეული. 

„ამიტომ, დღეს უმრავლესობის წარმომადგენლები უარს ვამბობთ კონკრეტული პოლიტიკური განცხადებების გაკეთებაზე და მხოლოდ და მხოლოდ ერთ მოწოდებას შევუერთდები, რომ კიდევ აქვთ ჩვენი რადიკალური ოპოზიციის წარმომადგენლებს დაახლოებით ერთი საათი იმისათვის, რომ შეცვალონ გადაწყვეტილება და მხარი დაუჭირონ საკონსტიტუციო ცვლილებებს“, - განაცხადა მამუკა მდინარაძემ.

პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილემ ასევე აღნიშნა, რომ ეს იქნება კიდევ უფრო ფართო კონსენსუსი, თუმცა ყველა კარგად ხედავს, რომ  ამის გარეშეც საკონსტიტუციო ცვლილებებს აქვს მაქსიმალური მხარდაჭერა.

დამოუკიდებელმა დეპუტატმა, ეკა ბესელიამ ამნისტიის შესახებ პროექტი შესთავაზა პარლამენტს.

ამნისტიის პროექტი ნარკოტიკული ნივთიერებების მომხმარებლებს ეხება. მან ასევე საგზაო მოძრაობის  კანონპროექტთან დაკავშირებით ისაუბრა, რომელიც ბავშვთა უსაფრთხოების საკითხს ეხება, გარდა ამისა, მან მოსამართლეების არჩევის პროცესთან დაკავშირებულ საკანონმდებლო ცვლილებებზე ისაუბრა.

დეპუტატმა ნატო ჩხეიძემ საკუთარ საკანონმდებლო ინიციატივის მნიშვნელობასა და საპარლამენტო განხილვის პროცედურის დროულ დაწყებაზე ისაუბრა, რომელიც მისივე თქმით, კონსტიტუციის ჰარმონიულობას ეხება.

დეპუტატის, ბექა ნაცვლიშვილის განცხადებით, საკონსტიტუციო ცვლილებების  პროცესში დიდია ფრაქცია „დამოუკიდებელი პარლამენტის წევრების“, ფრაქციის გარეშე დარჩენილი დეპუტატებისა და ფრაქცია „პატრიოტთა ალიანსის“ როლი. ამავე საკითხთან დაკავშირებით ისაუბრეს პარლამენტის წევრებმა ლევან კობერიძემ და გედევან ფოფხაძემ.

პარლამენტის თავმჯდომარის განცხადებით, დადებითად ფასდება ბექა ნაცვლიშვილის მიერ აღნიშნულ დეპუტატთა მონაწილება საკონსტიტუციო ცვლილებებთან დაკავშირებულ კენჭისყრაში.

„თითოეულმა დეპუტატმა, რომელმაც ხმა მისცა ამ ცვლილებებს, მიიღო სახელმწიფოებრივი გადაწყვეტილება და უდავოდ, მადლობას იმსახურებს ამისთვის“, - აღნიშნა არჩილ თალაკვაძემ.

ალექსანდრე ერქვანიამ გიორგი შაქარაშვილის გარდაცვალებასთან დაკავშირებით მწუხარება გამოთქვა და მის ოჯახს სამძიმარი გამოუცხადა.

„ვუერთდები და პარლამენტის სახელით ოჯახს მინდა მივუსამძიმრო, ეს არის ძალიან მძიმე დანაკარგი“, - განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.

დეპუტატმა ლევან გოგიჩაიშვილმა აჭარის ტელევიზიიდან თანამშრომელთა მასობრივი გათავისუფლების თაობაზე ისაუბრა.

„შევაჩეროთ ადამიანების მასობრივი გაყრა აჭარის ტელევიზიიდან, აჭარის ტელევიზიამ შეინარჩუნოს ნეიტრალიტეტი, იყოს თავისუფალი და ემსახუროს გადასახადის გადამხდელს და არა რომელიმე პოლიტიკურ პარტიას“, - განაცხადა ლევან გოგიჩაიშვილმა.

პოლიტიკური განცხადებების შემდეგ, პარლამენტის წევრმა, ირაკლი კობახიძემ მეორე მოსმენით, „საქართველოს კონსტიტუციური კანონის პროექტი „საქართველოს კონსტიტუციაში ცვლილებების შეტანის შესახებ“ წარმოადგინა, რომელიც პარლამენტმა პუნქტობრივად  განიხილა.

ვიცე-სპიკერის, ირმა ინაშვილის  მოსაზრებით, მანდატები თანმიმდევრულად უნდა მიენიჭოს უკეთესი შედეგების მქონე იმ პოლიტიკური პარტიებისა და საარჩევნო ბლოკების მიერ წარდგენილ საარჩევნო სიებს, რომლებმაც შესაბამისი ბარიერი გადალახეს, რასაც მხარი დაუჭირა დამოუკიდებელმა დეპუტატმა ეკა ბესელიამ.

ირმა ინაშვილისა და გია ჟორჟოლიანის მიერ გამოთქმულ ტექნიკურ ინიციატივებთან დაკავშირებით ირაკლი კობახიძემ განაცხადა, რომ მოსაზრებები გათვალისწინებული იქნება.

ფრაქცია „დამოუკიდებელი პარლამენტის წევრების“ სახელით ფრაქციის თავმჯდომარემ, მარიამ ჯაშმა აღნიშნა, რომ საკონსტიტუციო ცვლილებების ბოლომდე მიყვანა აუცილებელია, თუ დეპუტატებს სურვილი აქვთ, რომ მომავალი პარლამენტი იყოს ხალხისა და ქვეყნის ინტერესების უკეთესი გარანტი.

„დღევანდელ კენჭისყრაში ჩვენი ფრაქციიდან  წარმოდგენილ ცვლილებებს აქვს 7 ხმა, რადგან მიგვაჩნია, რომ ეს არის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი ქვეყნის თავისუფლების, დემოკრატიისა და ახალი პოლიტიკური კულტურის დანერგვის გზაზე“, - განაცხადა მარიამ ჯაშმა.

დეპუტატებმა საქართველოს კონსტიტუციაში შესატან ცვლილებებს მეორე მოსმენით 115 ხმით 3-ის წინააღმდეგ დაუჭირეს მხარი.

კენჭისყრის შემდეგ, ირაკლი კობახიძემ განაცხადა, რომ საკონსტიტუციო ცვლილებების დამტკიცება ხელს შეუწყობს საქართველოში დემოკრატიული პროცესების სტაბილურ განვითარებას.

„თითოეული პოლიტიკური ძალა აცნობიერებს ამ ცვლილებების მნიშვნელობას, გარდა ერთისა, ეს არის რადიკალური ოპოზიციური პოლიტიკური ძალა - ეს არის „ნაციონალური მოძრაობა“ თავისი განშტოებებით, ეს არის კრიმინალური და აბსოლუტურად დეგრადირებული პოლიტიკური ძალა, რაც კიდევ ერთხელ გამოიხატა დღევანდელ კენჭისყრაში არ მონაწილეობით“, - აღნიშნა ირაკლი კობახიძემ.


ბოლო სიახლეები