პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ მთავრობის სხდომის დაწყებამდე რამდენიმე მნიშვნელოვანი განცხადება გააკეთა, მათ შორის ისაუბრა სასურსათო და საკვები პროდუქციის ვაჭრობის სფეროში ბუნებრივი დანაკარგების ჩამოწერაზე და აღნიშნა, რომ მთავრობის მიერ მიღებული გადაწყვეტილება ბიზნესს ოპერირებას გაუმარტივებს.
„კიდევ ერთი სასიხარულო და ასევე დიდი ხნის საკითხი, რომელიც გახლავთ სასურსათო და საკვები პროდუქციის ვაჭრობის სფეროში ბუნებრივი დანაკარგების ჩამოწერის საკითხი, რომელიც, მე რაც თავი მახსოვს, სულ დავის საგანი იყო ფინანსთა სამინისტროსა და კერძო სექტორს შორის. ფინანსთა სამინისტრომ საბოლოოდ მიიღო ეს გადაწყვეტილება და ფაქტობრივად, ქმნის იდეალურ პირობებს იმისთვის, რომ ბუნებრივი დანაკარგები ამ სფეროში იყოს ჩამოწერილი უმარტივესად, რაც, რა თქმა უნდა, ბიზნესსექტორს გაუმარტივებს ცხოვრებას და ოპერირებას“, - აღნიშნა გიორგი გახარიამ.
ცვლილებები შედის საგადასახადო ადმინისტრირებაში :
უქმდება 100 ლარამდე ღირებულების დაზიანებული/გაფუჭებული საქონლის ჩამოწერის საფასური;
საზოგადოებრივი კვების ობიექტებისთვის მარტივდება საქონლის ჩამოწერის წესი;
სავაჭრო ობიექტებს ეძლევათ შესაძლებლობა არ დაბეგრონ სურსათის რეალიზაციით მიღებული შემოსავლის 1%-ის ოდენობის დანაკარგი.
წყარო:
ფინანსთა სამინისტრო