ფოთში ბათუმის სახელმწიფო საზღვაო აკადემიის ფილიალი გაიხსნება

4 ივლისი, 2020 18:01 განათლება




მომავალი წლიდან ფოთში ბათუმის სახელმწიფო საზღვაო აკადემიის ფილიალი გაიხსნება, რომელიც ქვეყნის ლოგისტიკურ ცენტრებს კომპეტენტური კადრებით მოამარაგებს, - ისტორიული შენობის სარეაბილიტაციო სამუშაოები საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის მოადგილემ თამარ ქიტიაშვილმა, საქართველოს საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს დირექტორ თამარ იოსელიანთან და ქალაქ ფოთის მერის მოადგილეებთან - კონსტანტინე თოფურიასთან და პაატა ლაგვილავასთან ერთად დაათვალიერა.
საწყის ეტაპზე ის იქნება მხოლოდ პროფესიულ განათლებაზე ორიენტირებული მაღალი დონის სასწავლებელი, რომელიც ყველა საერთაშორისო სტანდარტს უპასუხებს და ახალგაზრდებს საშუალებას მისცემს, მოთხოვნადი, მაღალანაზღაურებადი პროფესია შეიძინონ.

ახალი სასწავლებელი გათვლილი იქნება 1000 სტუდენტზე და დასაქმდება 250-მდე პროფესორ-მასწავლებელი და ადმინისტრაციული პერსონალი. უკვე მომზადებულია სასწავლო მოდულების ადაპტაციის პროექტი; პროფესორ-მასწავლებლების გადამზადების გეგმა; ასევე, მიმდინარეობს მოლაპარაკებები GIZ-თან პროფესიული მოდულების და სილაბუსების შესაქმნელად.

საზღვაო სასწავლებელი ქვეყანაში სანავსადგურე პროფესიების განვითარებას მოემსახურება და უზრუნველყოფს ფოთისა და ბათუმის, როგორც ქვეყნის ლოგისტიკური ცენტრების, მომარაგებას კომპეტენტური კადრებით.
1938 წელს ამპირის სტილში აგებული, ფოთის ყოფილი ჰიდრომელიორაციული ტექნიკუმის შენობა, კულტურული მემკვიდრეობის ძეგლია და გასული საუკუნის არქიტექტურულ ნიმუშს წარმოადგენს. აქ ჰიდრომელიორაციული ტექნიკური სასწავლებელი, მოგვიანებით კოლეჯი და ფოთის უნივერსიტეტი ფუნქციონირებდა.
პროექტის ღირებულება 5 876 164.00 ლარს შეადგენს. სამუშაოებს შპს ,,დანი ქონსთრაქშენი“ ასრულებს.


ბოლო სიახლეები