საცურაო აუზები და სპორტდარბაზები, რომლებიც დადგენილ რეგულაციებს დააკმაყოფილებენ, გაიხსნება

6 ივლისი, 2020 14:04 საზოგადოება




უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით, საცურაო აუზები და სპორტდარბაზები, რომლებიც დადგენილ რეგულაციებს დააკმაყოფილებენ - გაიხსნება; 

საცურაო აუზები და სპორტდარბაზები შრომის ინსპექციის შემოწმების შემდეგ გაიხსნება, - აღნიშნული გადაწყვეტილება პრემიერ-მინისტრის ხელმძღვანელობით მოქმედმა უწყებათაშორისმა საკოორდინაციო საბჭომ დღევანდელ სხდომაზე მიიღო.

აუზებისა და სპორტდარბაზებისთვის დადგენილ რეგულაციებს შრომის პირობების ინსპექტირების დეპარტამენტი დღეს გამოაქვეყნებს და ხვალიდან, მოთხოვნის შესაბამისად დაიწყებს შემოწმებას. საცურაო აუზები და სპორტდარბაზები, რომლებიც წარმატებით გაივლიან ინსპექტირებას, დაუყოვნებლივ შეძლებენ ფუნქციონერების განახლებას.

უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭო განაგრძობს არსებულ ეპიდემიოლოგიურ ტენდენციებზე დაკვირვებას და გადაწყვეტილებებს სხვა საქმიანობების გახსნაზე ეტაპობრივად მიიღებს.

საბჭოს სხდომაზე ასევე განიხილეს PCR ტესტირებების პროცესის მიმდინარეობა, ქვეყანაში არსებული სიმძლავრეები და კლინიკების რესურსები.

დღევანდელი მონაცემებით, საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების 953 დადასტურებული შემთხვევაა, საიდანაც 830 პირი უკვე გამოჯანმრთელდა. უცხოეთიდან სამკურნალოდ საქართველოში გადმოყვანილია საქართველოს 3 მოქალაქე. გარდაცვლილია 15 ადამიანი.

ამ ეტაპზე კარანტინში იმყოფება 3903 ადამიანი, ხოლო სტაციონარში, მეთვალყურეობის ქვეშ - 202 პირი.

პრემიერ-მინისტრის ხელმძღვანელობით მოქმედი უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს მუშაობაში აქტიურად მონაწილეობენ საქართველოს პარლამენტი, თავმჯდომარე არჩილ თალაკვაძის ხელმძღვანელობით და პრეზიდენტის ადმინისტრაცია.


(ფოტო: გლდანის საცურაო აუზი)


ბოლო სიახლეები