თბილისში ახალი საბაგირო ხაზები ამუშავდება

9 ივლისი, 2020 14:08 საზოგადოება



თბილისში სამგორი-ვაზისუბნისა და სარაჯიშვილი-ზღვისუბნის საბაგიროს პროექტები განხორციელდება.

ვაზისუბნისა და სამება-მახათას მთის ტერიტორიულ არეალებში 12 პოტენციური საბაგირო დერეფნის ტექნიკურ-ეკონომიკური კვლევა განხორციელდა. აქედან გამოიკვეთა ორი კონკრეტული არეალი, სადაც მიზანშეწონილი და შესაძლებელია ახალი საბაგიროს პროექტების განხორციელება. პროექტირებისა და მშენებლობის ხარჯები საქართველოს მთავრობის შუამდგომლობით სასესხო შეთანხმების საფუძველზე საფრანგეთის განვითარების სააგენტოს მიერ დაფინანსდება. პროექტების განხორციელება ეტაპობრივად მოხდება. პირველი კი სამგორი-ვაზისუბნის პროექტი იქნება.

სამგორი-ვაზისუბნის საბაგირო ხაზი მჭიდროდ დასახლებულ ვაზისუბნის დასახლებას, სადაც 40 ათასზე მეტი მცხოვრებია, მეტროსადგურ სამგორთან დააკავშირებს. ეს სატრანსპორტო მდგომარეობასაც გააუმჯობესებს. მეორე პროექტი, მეტროსადგურ სარაჯიშვილის მიმდებარე ტერიტორიას ზღვისუბნის ტერიტორიასთან დააკავშირებს. ერთი სადგური განთავსდება თემქის ხევშიც.

აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით თბილისის ტრანსპორტის განვითარების სააგენტო განცხადებას ავრცელებს:

"ერთიანი სატრანსპორტო სისტემის განვითარებისთვის, დედაქალაქში ახალი საბაგირო ხაზები ამუშავდება.

პირველი საბაგირო პროექტი სამგორი-ვაზისუბნის რაიონს მოემსახურება.

2016 წელს, ფრანგულმა საკონსულტაციო კომპანია „SYSTRA-მ“ თბილისის საბაგირო ტრანსპორტის შესახებ კვლევა ჩაატარა, რომლის მიზანიც იმ პოტენციური საბაგირო დერეფნების იდენტიფიცირებაა, რომლებიც ქალაქში საბაგირო ხაზების განვითარების შესაძლებლობას გვაძლევს.

2019 წელს კი „გეოგრაფიკის“ კვლევამ ტექნიკური, სოციალურ-ეკონომიკური, სატრანსპორტო და ფინანსური თვალსაზრისით, საუკეთესო პოტენციური საბაგირო დერეფნები გამოავლინა.

ეს საბაგირო ხაზი დააკავშირებს მჭიდროდ დასახლებულ ვაზისუბანს, სადაც 40, 000-ზე მეტი მაცხოვრებელია გაერთიანებული, სამგორის მეტროსადგურთან. შესაბამისად, გაუმჯობესდება და განიმუხტება მოცემულ ტერიტორიაზე სატრანსპორტო მდგომარეობა.

სამგორი-ვაზისუბნის საბაგირო განთავსდება მეტროსადგურ სამგორის მიმდებარე ტერიტორიაზე. ამ არეალში ასევე იმოქმედებს ტრანზიტული ავტობუსების (BRT) ხაზები, რომლებზეც 18 მეტრიანი, მაღალი ტევადობის ავტობუსები იმოძრავებენ.

მთლიანობაში, ინტეგრირებული საბაგირო, მეტრო და საავტობუსე სისტემა მოცემულ ტერიტორიაზე მნიშვნელოვან სატრანსპორტო ჰაბს შექმნის.

საბაგირო პროექტები, თბილისის ავტობუსისა და მეტროს პროექტებთან ერთობლიობაში, კიდევ ერთი მნიშვნელოვანი ნაბიჯია დედაქალაქში მდგრადი, ეკო-მეგობრული მობილობის განსავითარებლად.

სამგორი-ვაზისუბნის საბაგიროს პროექტის დასაფინანსებლად საფრანგეთის განვითარების სააგენტომ (AFD) 30 მლნ. ევრო გამოყო".



ბოლო სიახლეები