ასეთი ჭარბი რაოდენობის ყურძნის დაბინავება მაღალი სახელმწიფოებრივი პასუხისმგებლობაა და სპეკულირება აბსოლუტურად არამართებულია - ლევან დავითაშვილი

9 ივლისი, 2020 15:02 ეკონომიკა & ბიზნესი






„წელს, რთველზე რქაწითელის  და კახური მწვანის ყურძნის ფასი იქნება მინიმუმ 80 თეთრი. ბევრი სპეკულაცია შეიძლება იყოს, ბევრმა შეიძლება თქვას, რომ ფასი უნდა იყოს ესა თუ ის რიცხვი, გამომდინარე იქიდან, რომ წინა წლებში ფასი შეიძლება ყოფილიყო უფრო მაღალი ან უფრო დაბალიც კი.

რთველის ხელშემწყობი ღონისძიებების შესახებ მთავრობის დადგენილებაში ბევრი პროცედურა განისაზღვრა.

რთველის ორგანიზებულად ჩატარებისთვის, სამინისტროს ბაზაზე, შეიქმნება სამუშაო ჯგუფი, რომელიც კოორდინაციას გაუწევს მუშა პროცესს, ასევე ნაკადების მართვას, იმისთვის, რომ მევენახე ფერმერებმა კომფორტულად მოახერხონ თავისი პროდუქტის დაბინავება რიგების და პრობლემების გარეშე.
მნიშვნელოვანია საკითხი, რომელიც უკავშირდება სუბსიდირებას და იმ მინიმალური და სოციალური გარანტიების შექმნას, რომელიც აღელვებდა ჩვენს მევენახე ფერმერებს. რამდენიმე დღე იყო დისკუსია, თუ როგორ იქნებოდა წელს რთველზე სახელმწიფოს ინტერვენცია. ჩვენ განვაცხადეთ, რომ ბიუჯეტში გათვალისწინებული გვქონდა გარკვეული რესურსები პანდემიით გამოწვეული პრობლემების დასაძლევად, მათ შორის, რთველის ორგანიზებულად ჩატარების კუთხით.
ის მსხვილი კომპანიები, რომლებიც შეძლებენ 1000 ტონაზე მეტი რქაწითელის ან კახური მწვანის ყურძნის გადამუშავებას, ეს არის ძირითადად ის მასა, რომელიც, ჩვენ ვფიქრობთ, რომ იქნება ჭარბი და კერძო სექტორი მას მარტო, სტიმულირების გარეშე ვერ დააბინავებს, მიიღებენ 30 თეთრიან სუბსიდიას იმ შემთხვევაში, თუ მათი ფასი იქნება მინიმუმ 80 თეთრი. ეს ნიშნავს, რომ ჩვენ მევენახე ფერმერებისთვის გარკვეული სოციალური გარანტიები გავაჩინეთ.

რაც შეეხება დანარჩენ ყურძნის სახეობებს, ეს არის როგორც ინდუსტრიულად გავრცელებული საფერავის ჯიშის ყურძენი ან სხვა იშვიათი სახეობები, აქ მხარდაჭერა იქნება ის მასტიმულირებელი ღონისძიებები, რომელიც მთავრობამ შეიმუშავა. ეს უკავშირდებოდა იაფ საბრუნავ საშუალებებზე ხელმისაწვდომობას ჩვენი ბიზნესოპერატორებისთვის, ღვინის კომპანიებისთვის, ყურძნისეული სპირტიანი სასმელების მწარმოებელი კომპანიებისთვის. ეს არის მხარდაჭერა ბიზნესისთვის, რომ მეტი იყოს მათი ინტერესი მეტი რაოდენობის ყურძენი მეტ ფასად ჩაიბარონ. ერთი, ფერმერებმა უნდა მიიღონ ანაზღაურება, რომელიც ფარავს სრულად მათ დანახარჯებს და მეორე, მიიღონ იმგვარი მოგება, რომ ჰქონდეთ მოტივაცია, დარგში საქმიანობა გააგრძელონ.

ჩვენ მევენახეობის სექტორში დღეს გვაქვს ძალიან რთული ვითარება. ეს არ ეხება მხოლოდ საქართველოს. ეს ეხება ევროპის წამყვან ღვინის მწარმოებელ ქვეყნებს, ისეთებს, როგორებიცაა ესპანეთი, იტალია, საფრანგეთი, რომლებიც მსოფლიო ღვინის წარმოების  70 %-ზე მეტს აწარმოებენ.  დღეს ყველგან არის დაბინავების პრობლემა; არსებობს ტევადობების პრობლემა, რომ ყურძენი ჩაიწუროს და იწარმოოს ღვინო. 

ასეთ რთულ ვითარებაში ის, რომ ჩვენ მინიმალური გარანტიები შევქმენით ქართველი მევენახე ფერმერებისთვის, ვფიქრობ, არის ძალიან მნიშვნელოვანი მიღწევა და სოლიდარობა ქართული საზოგადოების, რადგან ეს არის ქართველი გადასახადის გადამხდელების მიერ აკუმულირებული თანხა.  ეს არის სოლიდარობა მევენახე ფერმერებისთვის, რომ მათი საქმიანობა დღეს იყოს დაფასებული და ნაკლები პრობლემებით გაიარონ 2020 წლის სეზონი. 

კონიუნქტურა არის საკმაოდ მძიმე; ზოგადად, ვითარება საკმაოდ რთულია; რამდენიმე თვე საქართველოში ჰორეკას სეგმენტი - სასტუმროები და რესტორნები  დაკეტილი იყო. ჩვენს სამეზობლოში, პანდემიიდან გამომდინარე, ვითარება კიდევ უფრო მძიმეა და შეზღუდვების რეჟიმი ჯერ კიდევ გრძელდება.

ჩვენ ის ზრდა, რაც ექსპორტის კუთხით ბოლო წლების განმავლობაში გვქონდა რაოდენობაში, და რაც პრემიერმაც აღნიშნა, შეიძლება წელს ვერ მივიღოთ - ეს ერთი და მეორე, ჩვენი ნედლეულის წარმოება იყო სწორედ ამ ზრდაზე დამოკიდებული. ჩვენ, ყოველწლიურად, 10-12%-ით მეტი ყურძნის წარმოება გვაქვს, რადგან, ბოლო წლებში, ინტენსიურად ვაშენებდით ვენახებს. ეს იყო მოტივი ინდუსტრიისთვის და  რამდენიმე ათეული კომპანიიდან ჩვენ დღეს მივიღეთ 300-მდე ღვინის მწარმოებელი კომპანია, ხოლო რაოდენობაში, 2020 წელს, ეს არის, დაახლოებით, 300 000 ტონა ინდუსტრიულად გადასამუშავებელი ყურძენი.

დღეს არსებულ ვითარებაში, ასეთ ფასად, ასეთი ჭარბი რაოდენობის ყურძნის დაბინავება, არის მაღალი სახელმწიფოებრივი პასუხისმგებლობა, რასაც საქართველოს მთავრობა იჩენს და  სპეკულირება არის აბსოლუტურად არამართებული“ - განაცხადა ლევან დავითაშვილმა.


ღვინო ყურძენი

ბოლო სიახლეები