კანადაში საქართველოს საელჩოში კანადელი ბიზნესმენებისთვის პრეზენტაცია გაიმართა. ელჩმა კონსტანტინე ქავთარაძემ უმასპინძლა კანადელ ბიზნესმენებს უილ საპსა და ბრეტ სტებლერს, რომლებმაც გამოხატეს დაინტერესება საქართველოში მევენახეობა-მეღვინეობის ბიზნესის დაწყებით და ე.წ. კლიმატგონივრული სოფლის მეურნეობის მოდელის დანერგვით. მათ შემუშავებული აქვთ პროექტი, რომელიც მოიცავს დასავლეთ საქართველოში მეღვინეობის ბიზნესის წამოწყებას, ინოვაციური, მრავალფუნქციური ღვინის ქარხნისა და მასთან არსებული სტუდია-სასტუმროს აშენებას, აგროტურიზმის ხელშეწყობას, ასევე, კანადაში საქართველოს სოფლის მეურნეობის პროდუქციის, ტურისტული პოტენციალისა და კულტურის პოპულარიზაციას. ელჩმა კანადელ ბიზნესმენებს გააცნო პრეზენტაცია ტრადიციული ქართული მეღვინეობის ისტორიის, ქვევრში ღვინის დაყენების მეთოდის, საქართველოს სოფლის მეურნეობის სფეროში მიმდინარე პროექტების, ბიზნეს და საივესტიციო გარემოს, საერთაშორისო რეიტინგების, საქართველოს ტურისტული პოტენციალის, ქვეყნის უძველესი ისტორიისა და კულტურის შესახებ. საუბარი ასევე შეეხო ოკუპირებულ ტერიტორიებს, საქართველოს ევროპულ და ევროატლანტიკურ მისწრაფებებს, გატარებულ რეფორმებს, საქართველო-კანადის ორმხრივ ურთიერთობებს, საქართველოს მიერ კორონავირუსის პანდემიის წინააღმდეგ ეფექტიან ბრძოლას, ტურიზმის გახსნის გეგმებს.