ცვლილებების თანახმად, მიმდინარე წლის 4 აგვისტოდან საქართველოს მოქალაქეები შეძლებენ თურქეთის რესპუბლიკაში სეზონურ სამუშაოებზე წასვლას. განკარგულების თანახმად, იმისთვის, რომ საქართველოს მოქალაქეები დროებითი დასაქმების მიზნით თურქეთის რესპუბლიკაში გაემგზავრნონ უნდა გააჩნდეთ თურქეთის რესპუბლიკის მოქალაქე ფიზიკური ან თურქეთის რესპუბლიკაში რეგისტრირებული იურიდიული პირის მიერ გაცემულ სამთვიანი მოწვევა, რომელშიც დაფიქსირებული უნდა იყოს საქართველოს მოქალაქის საიდენტიფიკაციო მონაცემები (სახელი, გვარი და საქართველოს მოქალაქის პირადი ნომერი) და უნდა იყოს დამოწმებული თურქეთის რესპუბლიკის კანონმდებლობის შესაბამისად ნოტარიულად.
სეზონურ სამუშაოებზე გასვლის მსურველი საქართველოს მოქალაქე ვალდებულია სპეციალური ელექტრონული პროგრამის მეშვეობით შეავსოს აპლიკაცია, რომელშიც უნდა მიუთითოს საკუთარი საიდენტიფიკაციო მონაცემები და აპლიკაციას დაურთოს ხსენებული მოწვევა და მისი ქართულ ენაზე თარგმნილი ნოტარიულად დამოწმებული ვერსია. აპლიკაციის შევსება შესაძლებელია საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს ვებ-გვერდზე.
განმცხადებელს პასუხი ეცნობება აპლიკაციის შევსებიდან 7 კალენდარული დღის ვადაში, შესაბამისი ინფორმაცია ასევე მიეწოდება შესაბამის სასაზღვრო-გამშვებ პუნქტს.
წყარო:
საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო