თბილისის მაღაზიებში შეძენილი პარფიუმერია-კოსმეტიკის პროდუქტებში ტყვია აღმოჩნდა. ინფორმაციას "სტრატეგიული კვლევებისა და განვითარების ცენტრის ვებგვერდი მომხმარებელი.ge ავრცელებს:
"თბილისის სხვადასხვა მაღაზიაში შევიძინეთ 42 დასახელების პარფიუმერიულ-კოსმეტიკური ნაწარმი და გავაგზავნეთ გერმანიის ლაბორატორია „ევროფინსში“ პარაბენების, ტყვიისა და დარიშხნის შემცველობაზე შესამოწმებლად. შემოწმება მოხდა ევროკავშირში არსებული მოთხოვნების შესაბამისად.
3 ნიმუშში მცირე ოდენობით ტყვია აღმოჩნდა (იხ. ნიმუშები N. 9, 24, 27 ქვემოთა სიაში), ხოლო 3 ნიმუშზე ეტიკეტირების წესები იყო დარღვეული - პროდუქტები შეიცავდა პარაბენებს (ნორმის ფარგლებში, იხ. ნიმუშები N. 11, 20, 22 ქვემოთა სიაში), მაგრამ ეს ეტიკეტზე არ იყო აღნიშნული. 6 ნიმუშში შესამოწმებელი პარამეტრების ზუსტი ოდენობების განსასაზღვრად დამატებითი კვლევა გახდა საჭირო, რის შედეგებსაც მოგვიანებით გამოვაქვეყნებთ.
ნიმუშების სახეობებისა და ჩასატარებელი კვლევების შერჩევა მოხდა მსოფლიოში ამჟამად გავრცელებული საფრთხეების მიხედვით. შესყიდულ იქნა სხვადასხვა ქვეყანაში, სხვადასხვა ფირმის მიერ წარმოებული პროდუქცია, რომელიც ხელმისაწვდომია საქართველოს რიგითი მოქალაქეებისათვის, ესენი იყო: შამპუნები, შხაპის გელები, ბალზამები, ანტიპერსპირანტები და სხვა.
ევროკავშირში და მსოფლიოს მრავალ სხვა ქვეყანაში მომხმარებელთა ჯანმრთელობის დასაცავად პარფიუმერიულ-კოსმეტიკურ ნაწარმში პარაბენების ნაწილის გამოყენება საერთოდ აკრძალულია, ნაწილი კი - ნორმირებული. ასევე, ამ ტიპის პროდუქციაში დაუშვებელია ტყვიისა და დარიშხნის არსებობა. თუმცა, ვინაიდან ეს ნივთიერებები ბუნებრივ გარემოში გვხდება, მათ შეიძლება შეიცავდეს პარფიუმერიულ-კოსმეტიკური ნაწარმის ნედლეული, ჭურჭელი, რომელშიც ეს პროდუქციაა განთავსებული, ან ისინი პროდუქციაში საწარმოო პროცესის დროს მოხვდეს. ამიტომ ევროკავშირში დაშვებულია ტყვიისა და დარიშხნის ნარჩენების არსებობა პარფუმერიულ-კოსმეტიკურ ნაწარმში იმ შემთხვევებში, როცა ამის თავიდან აცილება ტექნიკურად შეუძლებელია. ეს კი ქვეყანაში მოქმედმა სახელმწიფო მაკონტროლებელმა ორგანომ უნდა გადაწყვიტოს.
საქართველოში პარფიუმერიულ-კოსმეტიკური ნაწარმის უსაფრთხოების მოთხოვნები 2001 წელს დამტკიცებული ნორმატიული აქტითაა განსაზღვრული , რომელშიც ბოლო 18 წლის განმავლობაში ერთი ცვლილებაც კი არ შესულა და არ არის გათვალსიწინებული პარფიუმერიულ-კოსმეტიკური ნაწარმის უსაფრთხოებისადმი თანამედროვე მსოფლიოში არსებული მიდგომები. ამავე დროს, პარფიუმერიულ-კოსმეტიკური ნაწარმის მაკონტროლებელი უწყება - სახელმწიფო სანიტარიული ზედამხედველობის სამსახური ჯერ კიდევ 2000-იანი წლების შუაში გაუქმდა. ამ პირობებში, რთული სათქმელია, რამდენადაა შესაძლებელი ზემოაღნიშნულ ნორმატიულ აქტზე დაყრდნობა. მიუხედავად ამისა, აღსანიშნავია, რომ ამ ბრძანების მიხედვითაც პარფიუმერიულ-კოსმეტიკურ ნაწარმშში ტყვია იკრძალება.
ვინაიდან საქართველოში პარფიუმერიულ-კოსმეტიკური ნაწარმის უსაფრთხოების მაკონტროლებელი სახელმწიფო უწყება არ არსებობს, შეუძლებელია იმის განსაზღვრა, თუ რამდენად გარდაუვალი იყო მცირე ოდენობით ტყვიის შემცველობის არსებობა ჩვენს მიერ შემოწმებულ ნიმუშებში.
პარფიუმერიულ-კოსმეტიკური პროდუქციის ლაბორატორიული კვლევები 2019 წლის ზაფხულშიც და 2020 წლის გაზაფხულზეც ჩავატარეთ, რის შედეგადაც 5 ნიმუშში ევროკავშირში აკრძალული პარაბენები, 40 ნიმუშში ფორმალდეჰიდი, 3 ნიმუშში ტყვია, ხოლო 5 ნიმუშზე ეტიკეტირების წესების დარღვევა აღმოჩნდა.
ბოლო კვლევა იმის კიდევ ერთ მტკიცებულებას წარმოადგენს, რომ აუცილებელია ქვეყანაში პარფიუმერიულ-კოსმეტიკური ნაწარმის, ისევე, როგორც უსაფრთხოების კონტროლს მიღმა არსებული სამომხმარებლო პროდუქციის უმეტესი ნაწილის სახელმწიფო კონტროლის დანერგვა.
ტყვია აღმოჩენილია შემდეგ პროდუქტებში:
პროდუქტის დასახელება: კრემ-დეოდორანტი "ინჯოი". მწარმოებელი ფირმა/ქვეყანა: შპს "ინჯოი&ჯოი"/საქართველო
პროდუქტის დასახელება: შხაპის გელი "ნივეა სპა". მწარმოებელი ფირმა/ქვეყანა: Beiersdorf Manufacturing Berlin GmBH/გერმანია
პროდუქტის დასახელება: ფიტო დეოდორანტი "ჩისტაია ლინია". მწარმოებელი ფირმა/ქვეყანა: სს "უნილევერ რუსი"/რუსეთი