კახეთში პირველი ბიოსფერული რეზერვატი შეიქმნება

13 აგვისტო, 2020 11:40 საზოგადოება





 კახეთში ბიოსფერული რეზერვატის, როგორც ბუნების კონსერვაციის და მდგრადი გამოყენების საუკეთესო ინსტრუმენტის შექმნის პროექტზე მუშაობა მიმდინარეობს.

 პროექტი გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ინიციატივით და გერმანიის მთავრობის დახმარებით ხორციელდება.

 ადგილობრივი მოსახლეობის ინტერესების გათვალისწინების მიზნით, სახელმწიფო და საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლებმა, თუშეთში საკოორდინაციო შეხვედრა გამართეს.

 გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე იური ნოზაძე ადგილობრივი ხელისუფლების და თუშეთის თემების წარმომადგენლებს შეხვდა.
შეხვედრაზე, ომალოს, დართლოს, შენაქოსა და ჯვარბოსლის თემების წარმომადგენლებთან ერთად, ბიოსფერული რეზერვატის შექმნის პერსპექტივები, მისი ფუნქციონირების, მართვასა და ზონირებასთან დაკავშირებული საკითხები განიხილეს.

 მოსახლეობის პრობლემებისა და საჭიროებებზე დაყრდნობით დაიგეგმა შემდგომი ნაბიჯები, ეკოტურიზმის, მდგრადი სოფლის მეურნეობის, ტყისა და მიწათსარგებლობის, ტრადიციული ხელსაქმისა და ინფრასტრუქტურული პროექტების განვითარების მიმართულებებით.

 ბიოსფერული რეზერვატი დადებით გავლენას მოახდენს ადგილობრივი მოსახლეობის სოციალურ და ეკონომიკურ მდგომარეობაზე, რეგიონში განვითარების ახალ შესაძლებლობები გაჩნდება.


წყარო:

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო


ბოლო სიახლეები