დღეს გვყავს 38 ინფიცირებული, ალბათ, რეკორდული მაჩვენებელი. აქედან, ბათუმი არის 22, ერთი დაწესებულებიდან. რეალურად, ისე მიდის, როგორც ვპროგნოზირებდით და ვამბობდით - მობილობის ზრდასთან ერთად, ინფიცირებულების რაოდენობა იზრდება, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ, უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს დღევანდელ სხდომაზე განაცხადა.
მთავრობის მეთაურმა ხაზი გაუსვა, რომ დღეს, მთავარი ამოცანა, ამ პროცესის მინიმალური რისკებით მართვაა.
„ყველაზე მთავარი არის ის, რომ უახლოეს პერიოდში დაიწყება სასწავლო წელი. სასწავლო წლის დაწყებასთან ერთად, მობილობა კიდევ უფრო გაიზრდება, განსაკუთრებით, მსხვილ ქალაქებში. აქ, სრული მობილიზება მართებს, როგორც ჯანდაცვის სამინისტროს, ასევე შინაგან საქმეთა სამინისტროს, მუნიციპალიტეტებს, ეპიდემიოლოგებს, განათლების სამინისტროს, იმისთვის, რომ ეს პროცესი ვმართოთ მინიმალური რისკებით. თუმცა, გასაგებია და ყველა ვხედავთ, რომ ეს ზომები, რომლებიც სამწუხაროდ, ჩვენი ყოველდღიური ცხოვრების წესი გახდა - პირბადე, სოციალური დისტანცია და ა.შ. ამას ნელ-ნელა ხალხი ივიწყებს. ამიტომ, ამაზე გვჭირდება, ძლიერი საინფორმაციო ნაბიჯების გადადგმა და ეს, აუცილებლად უნდა მივიტანოთ ჩვენს მოსახლეობამდე, მოქალაქეებამდე, რომ ეს არის თითოეული ჩვენგანის პასუხისმგებლობა ჩვენი თანამოქალაქეებისადმი. ამიტომ, ყველას უნდა გვესმოდეს, რომ პირბადე, სოციალური დისტანცია დახურულ სივრცეებში, სამწუხაროდ, არის აუცილებელი და ჩვენი ყოველდღიური ცხოვრების თანმხლები, იმისთვის, რომ ეპიდემია ვმართოთ ისე ეფექტურად, როგორც აქამდე ვაკეთებდით და იმისთვის, რომ ეკონომიკას მივცეთ შესაბამისი აღდგენის შესაძლებლობა. ძალიან მნიშვნელოვანია ეს ყველაფერი და აქ, სახუმარო არაფერი არ არის. ამას სერიოზულად უნდა მივუდგეთ და ყველას უნდა გვესმოდეს, რომ გვაქვს პასუხისმგებლობა ერთმანეთის წინაშე, პირველ რიგში, ბავშვების და შემდეგ უკვე ჩვენი ხანდაზმულების წინაშე“, - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.
ამასთან, გიორგი გახარიას თქმით, მიუხედავად იმისა, რომ ბათუმში სიტუაცია ეპიდემიასთან დაკავშირებით, როგორც ჩანს დანარჩენ საქართველოსთან შედარებით მძიმდება, სპეციალური საკარანტინო ზომები ბათუმში არ ცხადდება და ჩაკეტვაზე საუბარი არ არის.
„მიუხედავად იმისა, რომ ბათუმში სიტუაცია ეპიდემიასთან დაკავშირებით, როგორც ჩანს დანარჩენ საქართველოსთან შედარებით მძიმდება, რა თქმა უნდა, ჩვენ სპეციალურ საკარანტინო ზომებს ბათუმში არ ვაცხადებთ და ბათუმის ჩაკეტვაზე საუბარი არ არის,“ - აღნიშნა პრემიერმა.
მისივ თქმით, დღეს ბათუმში კონცენტრირებულია საკმაოდ მაღალი რაოდენობა მოქალაქეების, რომლებიც ისვენებენ და აქ ყურადღებაა გასამახვილებელი, გასაძლიერებელია ტესტირება ბულვარში და სხვადასხვა წერტილებში.
„მოგეხსენებათ, რომ ბათუმში დაფიქსირებული შემთხვევებიდან ეს 22 ადამიანი გვყავს კვების ობიექტიდან. დღეს ბათუმში კონცენტრირებულია საკმაოდ მაღალი რაოდენობა ჩვენი მოქალაქეების, რომლებიც ისვენებენ და აქ ყურადღებაა გასამახვილებელი, გასაძლიერებელია ტესტირება ბულვარში და სხვადასხვა წერტილებში“, - განაცხადა გიორგი გახარიამ.
ამასთან, როგორც მთავრობის მეთაურმა უწყებათაშორისი საბჭოს სხდომაზე აღნიშნა, მესტია-ლენჯერში დღეიდან ყველანაირი შეზღუდვები უქმდება.
„მიუხედავად იმისა, რომ ბათუმში სიტუაცია შედარებით დამძიმდა, მესტია-ლენჯერის რაიონში ჩვენ მოსალოდნელ ეპიდემიურ აფეთქებას გავართვით თავი და მართვა შევძელით ეფექტურად, ამიტომ, აქ რა თქმა უნდა, დღეიდან ყველანაირი შეზღუდვები უქმდება, იმიტომ, რომ ეპიდემიოლოგიური მდგომარეობა ამის შესაძლებლობას გვაძლევს. ყველამ უნდა ვიზრუნოთ ახლა იმაზე, რომ ბათუმში, ეპიდემიოლოგიური სიტუაციის დამძიმება არ გადაეცეს სხვა ქალაქებს, სადაც დამსვენებლები დაიწყებენ დაბრუნებას“, - განაცხადა გიორგი გახარიამ.