ჩაშუშული პომიდორი იმერულად - რეჰანითა და შაშკვლავით
მასალა:
პომიდორი - 5 კგ
ხახვი - 1 კგ
ნიორი - 1 თავი
ზეთი - 1 ჭიქა
რეჰანი, შაშკვლავი (შეიძლება ხმელიც)
დაფქული ან დაღერღილი წითელი წიწაკა, დაფქული დაფნა (ან
ხარშვისას 3 ფოთოლი)
მარილი - გემოვნებით
მომზადება:
გარეცხილ პომიდორს ამოვაცალოთ ყუნწის ადგილი. გავაცალოთ კანი (პროცესის გასაიოლებლად დავასხათ ჯერ მდუღარე, შემდეგ კი ცივი წყალი). ჩავჭრათ ქვაბში და ვადუღოთ ნახევარი საათი. დავამატოთ მსხვილად დაჭრილი ხახვი, ზეთი და ცეცხლზე დავტოვოთ კიდევ ნახევარი საათით. ჩავაჭყლიტოთ ნიორი, ჩავუმატოთ სანელებლები, წინასწარ გარეცხილი და გამშრალი (ან ხმელი) მწვანილი, მარილი და კიდევ ვხარშოთ 10 წუთი (განსაკუთრებით ფრთხილებმა სულ ბოლოს, გამორთვისთანავე დაუმატეთ 6 აბი დაფქული ასპირინი). ცხელ-ცხელი მასა ჩავასხათ საგულდაგულოდ გარეცხილ, მდუღარეგამოვლებულ ქილებში და დავახუროთ ასეთივე წესით დამუშავებული ხრახნიანი თავსახურები. გადმოვაბრუნოთ ქილები და შევფუთოთ გაგრილებამდე.
უნდა გამოგიტყდეთ, რომ კლასიკურ ვერსიაში
ნიორი საერთოდ არ არის ნახსენები. ჩვენ ორივენაირად მოვსინჯეთ და ორივე ვარიანტი თავისებურად
მოგვეწონა. თუ ექსპერიმენტები გიყვართ, საინტერესო ნოტებს მატებს ორეგანოც. ასე რომ, არჩევანი თქვენზეა.
მიღებული მასა უგემრიელესია ცივადაც და გაცხელებულიც. შეგიძლიათ, წვნიანში ჩაამატოთ, მოხარშულ ან შემწვარ ხორცსა თუ კარტოფილს მოასხათ, პიცას წაუსვათ ან შაურმას მსგავსად მომზადებულ ლავაშს ჩაუმატოთ შიგთავსში. რეჰანი და შაშკვლავი პომიდორს განუმეორებელ გემოსა და არომატს ანიჭებს.
გემრიელად მიირთვით!..
თუ მოგეწონათ რეცეპტი და მომავალშიც გსურთ ჩვენი სიახლეების მიღება,
მოიწონეთ "ეკონიუსი"