პრაქტიკული ხერხი წვნიანისთვის - ფორმებში გაყინული გატარებული ბულგარული წიწაკა

8 ოქტომბერი, 2020 23:45 კულინარის ბლოგი



ცოცხალ, ნედლ ხილ-ბოსტნეულს სარგებლობის მხრივ ცოტა რამ თუ შეედრება და ეს ყველამ ვიცით. თუმცა ვცდილობთ, ათასგვარი ხერხით შევინახოთ ეს ყველაფერი და მხოლოდ სეზონზე არ ვისარგებლოთ მათი სიკეთით. შენახვის ერთ-ერთი საუკეთესო მეთოდი მაინც გაყინვაა - ამ დროს ნაყოფი ვიტამინების საკმაოდ დიდ რაოდენობას ინაჩუნებს.

მაგრამ აქ დგება პრობლემა: განა რამდენს დაიტევს საყინულე? დაჭრილი და თუნდაც მაქსიმალურად დაპრესილი ნედლეული საკმაოდ დიდ ადგილს მოითხოვს...

გთავაზობთ ბულგარული წიწაკის გაყინვის უმარტივეს ხერხს. გარეცხეთ წიწაკა, გაასუფთავეთ ყუნწებისა და თესლისგან და გაატარეთ ხორცსაკეპ მანქანაში. მიღებული მასა ჩაასხით სასურველ ფორმებში (სილიკონის ან პლასტმასის) და 3-4 საათით შედგით საყინულეში. შემდეგ გამოიღეთ, სწრაფად ამოყარეთ გაყინული მასა, ჩაყარეთ საკვებისთვის განკუთვნილ პოლიეთილენის პარკებში ან კონტეინერებში და შეინახეთ საყინულეში.

ასეთი წესით მომზადებული წიწაკა იდეალურია ზამთარში სახელდახელოდ წვნიანის მომზადებისას, ღვიძლის ან ხორცის ჩაშუშვისას დანამატად და ა. შ.  - მაცივრიდან გამოღებისთანავე ჩაუძახეთ ქვაბში ან ტაფაში, დარჩენილი ფორმები კი, მჭიდროდ თავმოკრული და თავდახურული, დაუყოვნებლივ დააბრუნეთ საყინულეში.

გემრიელად მიირთვით...


თუ მოგეწონათ რეცეპტი და მომავალშიც გსურთ ჩვენი სიახლეების მიღება,             

                                                  მოიწონეთ "ეკონიუსი"


                                                                



ბოლო სიახლეები