როგორ გამოვიყვანოთ დაფნის ნერგები სანერგეში

12 ნოემბერი, 2020 16:34 ვენახი, ბაღ-ბოსტანი, ფერმა





🌿 სასურველია სანერგე მოეწყოს დაფნის სამრეწველო პლანტაციების გასაშენებლად გათვალისწინებული ნაკვეთების ახლოს. სანერგისათვის არჩევენ ვაკე ან ოდნავ დაქანებულ, ქარებისაგან დაცულ, მშრალ ადგილს.

🌿 ნიადაგი უნდა იყოს შედარებით მსუბუქი, წყალგამტარი და ნოყიერი. ამის შემდეგ ხდება ნიადაგის გამოკვლევა, იმ შემთხვევაში თუ ნაკვეთი ღარიბია საკვები ელემენტებით და ჰუმუსუთ, ადრე გაზაფხულზე წარმოებს ნიადაგის მოხვნა ან გადაბარვა 25-სმ სიღრმეზე. შეაქვთ რთული კომპლექსური სასუქი 300კგ. და ორგანული სასუქი 40 ტონა ჰექტარზე.

🌿 დაფნის დასათესად მოხნული ნიადაგი 10-20-სმ სიღრმეზე ისევ უნდა გადაიხნას, ამის შემდეგ ეწყობა 10-20-სმ-ით შემაღლებული 1,0-1,2 მ. სიგანის კვლები, კვალთა შორის მანძილი 30-სმ უნდა იყოს, რომელიც იმავდროულად სასიარულო ბილიკის როლსაც ასრულებს.

🌿 თესლი ითესება კვლების გარდიგარდმო მოწყობილი პატარა 3-4 სმ-ის სიღრმის ღარებში. ღარებში თესლებს შორის მანძილი 5-6 სმ-ია. მწკრივთაშორის მანძილი 30 სმ-ია. ერთ ჰექტარზე სადაც სასარგებლო ფართი 7500 კვ-მეტრს უდრის ითესება 500 კგ თესლი.

🌿 სანერგეში თესვის საუკეთესო ვადაა ნოემბერი, გაზაფხულზე კი თესვა სტრატიფიცირებული თესლით 25 თებერვლიდან - 15 მარტამდე წარმოებს.

🌿 ნათესების მოვლა უმთავრესად რიგებისა და მწკრივების გამარგვლასა და ნიადაგის გაფხვიერებაში გამოიხატება, ეს სამუშაო წლის განმავლობაში 4-6- ჯერ სრულდება.

🌿 ახლადგაღვივებული ნათესარების მზის სხივებით დაზიანებისაგან დასაცავად ნათესი კვლები იჩრდილება ერთფენა დოლბანდით ან მცენარეული მასალით, რომელიც აიღება 10-15 აგვისტოდან.

🌿 მეორე წელს ერთწლიანი ნერგების მოვლა ისევე ხდება, როგორც პირველ წელს, მხოლოდ იმ განსხვავებით, რომ აპრილსა და ივნისში შეაქვთ აზოტმჟავა ამონიუმი 750-კგ ოდენობით ჰექტარზე, მათ შორის პირველად ნორმის 60%.

🌿 დაფნის სამრეწველო პლანტაციის გასაშენებლად უკეთესია ორწლიანი სტანდარტული ნერგი 20-სმ სიმაღლისა და 4-5-მმ დიამეტრით ფესვის ყელთან. სანერგიდან ნერგების ამოღება ხდება ბელტიანად, შემოეცლება ზედმეტი მიწა, ეწყობა ყუთებში და გადააქვთ დასარგავად.

🌿 დარგვის წინ ფესვი უნდა შეიკვეცოს 1/3-ით, ამოევლოს წუნწუხში ან სპეციალურ ჰუმინური მჟავეების ხსნარში და დაირგოს მუდმივ ადგილას.

🌿 დაფნა შეიძლება გამრავლდეს ვეგეტატიურადაც, კალმებით და ტოტების გადაწვენით. გამრავლების ამ მეთოდს დიდი მნიშვნელობა აქვს სათესლე, აგრეთვე მაღალი ეთერზეთების შემცველი საფოთლე პლანტაციების გასაშენებლად.

🌿 დაკალმება ხდება სათბურში ან ღია კვლებზე სპეციალურად მომზადებულ სუბსტრატში (ფხვიერი ნიადაგი + მდინარის ქვიშა 2:1) გაზაფხულზე ან ზაფხულში მწვანე ორფოთლიანი კალმებით. კვლები დოლბანდით იჩრდილება, საჭიროების მიხედვით ირწყვება დაფესვიანება 75-80%. კალამ-ნერგი გადასარგავად მზად იქნება მეორე წლის ბოლოს.

წყარო:

სოფლის მეურნეობის სამეცნიერო კვლევითი ცენტრი / SRCA

თუ მომავალშიც გსურთ ჩვენი სიახლეების მიღება,             

                                მოიწონეთ "ეკონიუსი"


                                                


ბოლო სიახლეები