სასილოსე მასის აღება და დასილოსების ტექნოლოგია

18 ნოემბერი, 2020 16:11 ვენახი, ბაღ-ბოსტანი, ფერმა





🌿 ხარისხიანი სილოსის დამზადება ბევრად არის დამოკიდებული ნედლი მასის დროულად აღებაზე. ხარისხიანი სილოსი მიიღება მაშინ, როდესაც მწვანე მასის ტენიანობა 65-70 %-ის ფარგლებშია, ხოლო, 70 %-ზე მაღალი ტენიანობისას სასილოსე მასას ემატება 10- 12%-მდე ნამჯა ან ჩალა.

🌿 იმის განსასაზღვრავად, თუ როდის უნდა ავიღოთ მწვანე მასა, რამდენიმე მეთოდი არსებობს, რაც ფერმერს თავადვე შეუძლია განსაზღვროს:

1️⃣ - ტარო შეაფასოს გარეგნულად, თუ ის გამაგრებულია და მოსახარშად აღარ გამოდგება, გადამწიფებულია, ამ შემთხვევაში მწვანე მასა მზად არის ასაღებად.

2️⃣ - სიმინდის ღეროს უნდა დავაკვირდეთ ქვედა ნაწილში, თუ სიმინდის პირველი ორი-სამი ფოთოლი უკვე გამხმარია, ეს ნიშნავს, რომ მცენარე მზად არის ასაღებად, ასეთი მასისგან საუკეთესო სილოსი დამზადდება.

🌿 სასილოსე მასა სასურველია ავიღოთ დამქუცმაცებელი მანქანა-იარაღებით, თუ არ გვაქვს ასეთი მოწყობილობები, შეიძლება გამოვიყენოთ ნამგალი, ცელი და სხვა ბასრი იარაღები.

🌿 სიმინდი უნდა ავიღოთ ისე, რომ ღერო მიწის პირიდან 5-7 სმ სიმაღლეზე მოიჭრას, რათა არ შეყვეს მიწა და არ დააბინძუროს საკვები. ასევე დიდი მნიშვნელობა აქვს იმას, რომ სასილოსე მასას შხამბალახები არ შეერიოს.

🌿 დღის განმავლობაში უნდა ავიღოთ იმდენი სასილოსე მასა, რამდენის დასილოსებასაც იმავე დღეს შევძლებთ.

🌿 შაქრის შემცველობა მცენარეში როგორც წესი, დღის მეორე ნახევარში უფრო მაღალია, ვიდრე პირველში. თუ ამინდი საშუალებას გაძლევთ სასილოსე ნედლეულის აღება უმჯობესია დღის მეორე ნახევარში.

🌿 ერიდეთ ისეთ ნედლეულს რომელიც არ არის გამშრალი წვიმების ან ნამისაგან. სასილოსე მასა უნდა ჩაიდოს სწრაფად, რაც შეამცირებს სითბოს გამოყოფის საშიშროებას და შაქრიანობის დანაკარგებს. რაც უფრო კარგად არის დაქუცმაცებული მწვანე მასა, მით უფრო ადვილია მისი მჭიდროდ დატკეპნა და ჰაერის გამოდევნა.

🌿 დიდი რაოდენობის სილოსი წინასწარ მომზადებულ საცავებში იდება. სათავსოში სილოსის ჩადების ხერხები დამოკიდებულია სასილოსე სათავსოს ტიპზე. სასილოსე მასის ჩადების მთავარი პირობაა ამ პროცესების დასაწყისშივე მოხდეს სასილოსე მასის სათავსოს ზედაპირზე თანაბრად გადანაწილება.

🌿 დიდი მოცულობის სასილოსე ორმოებში სასილოსე მასა ტრაქტორით იტკეპნება.მცირე რაოდენობის სილოსის შესანახად (3-5 ფურისთვის თავისი ნამატით) ყველაზე მარტივი და საიმედო საცავია პოლიეთილენის პარკი და პლასმასის კასრები.

🌿 აღებული მწვანე სიმინდი უნდა დაქუცმაცდეს რაც
შეიძლება მოკლედ (3-5სმ), რომელითაც ივსება პარკი ან კასრი. მწვანე მასის დაკეპვა შესაძლებელია როგორც ხელით, ასევე დასაქუცმაცებელი იარაღით. საგულდაგულოდ დატკეპნა ხელს უწყობს უჰაერო გარემოს შექმნას, რაც აფერხებს ლპობის და დაობების პროცესს, საფუარების და მავნე ბაქტერიების წარმოქმნას. ამავდროულად იძლევა მნიშვნელოვანი საკვები ნივთიერებების შენახვის საშუალებას.

🌿 სასილოსედ უნდა შეირჩეს გამძლე მასალისაგან დამზადებული პარკები. მათი ტევადობა 70-120 კგ უნდა შეადგენდეს (ზომები 1,6 х 1,5მ).

🌿 სრული მასალა იხილეთ - http://srca.gov.ge/files/silosi_8_gv.pdf

წყარო:

სოფლის მეურნეობის სამეცნიერო კვლევითი ცენტრი / SRCA

თუ მომავალშიც გსურთ ჩვენი სიახლეების მიღება,             

                                მოიწონეთ "ეკონიუსი"


                                                


ბოლო სიახლეები