საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა, დავით ზალკალიანმა შეხვედრა გამართა საქართველოში ოფიციალური ვიზიტით მყოფ ჩეხეთის რესპუბლიკის საგარეო უწყების ხელმძღვანელთან, ტომას პეტრიჩეკთან.
„მსურს განსაკუთრებული მადლიერებით აღვნიშნო საქართველოს მიმართ ჩეხეთის მტკიცე და ურყევი მხარდაჭერა როგორც პოლიტიკური, ისე პრაქტიკული, კულტურული და ეკონომიკური თანამშრომლობის მიმართულებებით. გვახარებს, რომ ჩვენს პარტნიორულ ურთიერობებში ძალიან აქტიურად ვთანამშრომლობთ, როგორც აღმასრულებელ ისე საკანონმდებლო დონეზე. უაღრესად პოზიტიურია თანამშრომლობა განათლების, კულტურის, თავდაცვის, ჯანმრთელობის, სოციალური დაცვის და სოფლის მეურნეობის სფეროებში. მისასალმებელია ასევე, ჩეხეთიდან საქართველოში შემოსული ტურისტების რაოდენობის პოზიტიური დინამიკა, რასაც დიდწილადაც ხელს უწყობს ჩვენს ქვეყნებს შორის არსებული ისტორიული, მეგობრული ურთიერთობები. დარწმუნებული ვარ, რომ ეს ვიზიტი კიდევ უფრო მნიშვნელოვან წვლილს შეიტანს ჩვენი ორმხრივი ურთიერთობების გამყარებაში როგორც ორმხრივ, ისე მრავალმხრივ ფორმატში და ეს არსებული მჭიდრო თანამშრომლობა კიდევ უფრო მეტ ხელშესახებ შედეგებს მოგვიტანს ყველა სხვა მიმართულებით "- განაცხადა დავით ზალკალიანმა ჩეხ კოლეგასთან გამართულ ერთობლივ პრესკონფერენციაზე.