„საქართველო პატარა ქვეყანაა, მაგრამ თქვენ უდიდესი ერი ხართ. თქვენ შეუძლებელი შესძელით, გაერთიანდით საერთო მიზნისთვის და გააოცეთ ევროპა,“ - დონალდ ტუსკი
ევროპული საბჭოს პრეზიდენტმა დონალდ ტუსკმა ბათუმის საერთაშორისო კონფერენციაზე მისასალმებელ სიტყვაში საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების პერსპექტივაზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ ეს საკითხი დღის წესრიგში რჩება. „არსებობს გარკვეული ეჭვები გაფართოებასთან დაკავშირებით, მაგრამ მე ასეთი ეჭვები არ მაქვს. თუმცა გაწევრიანება ერთ დღეში არ ხდება და ის დროსა და წევრი ქვეყნების სოლიდარობას საჭიროებს“ - განაცხადა ტუსკმა.
ევროპული საბჭოს პრეზიდენტის თქმით, რაშიც არავის ეჭვი ეპარება არის ის, რომ აღმოსავლეთ პარტნიორობის ინიციატივა, რომელიც ევროკავშირსა და ექვსივე პარტნიორს შორის ურთიერთობათა განმტკიცებისკენაა მიმართული, თითოეულ პარტნიორს დიფერენცირებულ მიდგომას სთავაზობს, თავიანთი მისწრაფებებისა და შესაძლებლობების შესაბამისად.
„ჩვენ განვაგრძობთ შესაძლებლობების განვითარებას და ევროკავშირსა და დაინტერესებულ პარტნიორებს შორის პოლიტიკური ასოცირების და შემდგომი ეკონომიკური ინტეგრაციის დაჩქარებას, რაც აღმოსავლეთ პარტნიორობის შექმნის ამოსავალ მიზანს წარმოადგენდა და ის დღესაც ძალაშია“ - აღნიშნა დონალდ ტუსკმა.