საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროში, საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, მამუკა ბახტაძემ, საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრმა, მიხეილ ბატიაშვილმა და განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის დირექტორმა, გიორგი ვაშაკიძემ უმაღლესი განათლების ხარისხის განვითარების დამოუკიდებელი სააგენტოების ევროპულ რეესტრში (EQAR) დარეგისტრირებისადმი მიძღვნილი ღონისძიება გახსნეს და ისაუბრეს თუ რა მნიშვნელოვანი შედეგების მომტანი იქნება ქვეყნისთვის ევროპულ საგანმანათლებლო სივრცესთან კიდევ უფრო დაახლოება.
„ჩვენ ფაქტობრივად დავასრულეთ ის მნიშვნელოვანი ეტაპი, რასაც ჰქვია უმაღლესი განათლებისა და მეცნიერების ინტეგრაცია ევროკავშირში. უკვე მესამე ორგანიზაციისგან მივიღეთ დასტური, რომ ჩვენ მიერ აკრედიტირებული ქართული პროგრამები ავტომატურად მოხდება ევროკავშირის ბაზებში. ყველა ის დიპლომი, რომელიც გაცემულია აკრედიტირებული პროგრამების ფარგლებში, უკვე ნიშნავს რომ აღიარებულია ევროპაში. შემოდგომიდან ქართველი მეცნიერებისთვის და ორგანიზაციებისთვის ყველა კარი იქნება გახსნილი და მათ შეეძლებათ ისარგებლონ იმ სიკეთეებით, რითაც ევროკავშირის ქვეყნები სარგებლობენ,“ - მიხეილ ბატიაშვილი.
EQAR ევროპის სახელმწიფოების მთავრობებისა და დაინტერესებული მხარეების მიერ ერთობლივად დაფინანსებული საჯარო ინტერესების დამცველი ევროპული ორგანიზაციაა, რომელიც მხარს უჭერს უმაღლესი განათლების სფეროში გამჭვირვალობას და ნდობის ამაღლებას, ასევე ევროპის უმაღლესი განათლების სივრცეში განათლების აღიარებას.
ცენტრის EQAR-ში რეგისტრაცია ნიშნავს, რომ საქართველოში განხორციელებული გარე ხარისხის უზრუნველყოფის მექანიზმები, პროცედურები და სტანდარტები შესაბამისობაშია ევროპის უმაღლესი განათლების სივრცეში მოქმედ ხარისხის უზრუნველყოფის სტანდარტებთან და სახელმძღვანელო პრინციპებთან (ESG-2015). ცენტრის მიერ განხორციელებული შეფასებების ანგარიშები გამოქვეყნდება EQAR-ის მიერ წარმოებულ შესაბამის მონაცემთა ბაზაში (DEQAR), რაც მნიშვნელოვნად შეუწყობს ხელს ევროპის მასშტაბით საქართველოში მოქმედი უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების რეპუტაციის და ცნობადობის ამაღლებას. შესაბამისად, გაიზრდება უცხოელი სტუდენტების მხრიდან საქართველოთი დაინტერესება ისწავლონ ავტორიზებულ უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებში.
ცენტრის ENQA-ს წევრობა და EQAR-ში რეგისტრაცია საქართველოში უმაღლესი განათლების ხარისხის უზრუნველყოფის სისტემის განვითარების პროცესში მნიშვნელოვანი წინგადადგმული ნაბიჯია, რადგან ეს ერთი მხრივ წარმოადგენს საქართველოსა და ევროკავშირს შორის გაფორმებული ასოცირების შესახებ შეთანხმების შესრულების ერთ-ერთ ინდიკატორს, მეორე მხრივ კი შესაბამისობაში მოდის ევროკავშირის "უმაღლესი განათლების მოდერნიზაციის დღის წესრიგსა" (Modernisation Agenda for Higher Education) და ბოლონიის პროცესთან.