საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის, მიხეილ ბატიაშვილის
გადაწყვეტილებით, სკოლის ადმინისტრაციისა და საგანმანათლებლო რესურსცენტრების
წარმომადგენლებს ხელფასები გაეზრდებათ.
განათლების კომპლექსური რეფორმის
ფარგლებში, მასწავლებელთა ხელფასების
ზრდის პარალელურად, 2019 წლის 1 ოქტომბრიდან, საშუალოდ 20%-ის ფარგლებში, საჯარო
სკოლის ადმინისტრაციას, ტექნიკურ პერსონალს, მათ შორის სკოლის ექიმს და ინკლუზიური
განათლების მხარდამჭერ სპეციალისტებს ხელფასები
გაეზრდებათ.
ხელფასი გაეზრდებათ ასევე მანდატურის
სამსახურის მიერ გადამზადებულ სკოლის უსაფრთხოებაზე პასუხისმგებელ იმ პირებსაც,
რომლებიც სკოლის ტერიტორიაზე, უსაფრთხოებისა და საზოგადოებრივი წესრიგის დაცვას
უზრუნველყოფენ. აღნიშნული პირები წარმოადგენენ სკოლის ადმინისტრაციას და თანამდებობრივ სარგოზე დანამატი 125 ლარი
იქნება.
ახალი სასწავლო წლიდან გაზრდილ
ანაზღაურებას მიიღებენ სამინისტროს ტერიტორიული ორგანოების საგანმანათლებლო
რესურსცენტრების თანამშრომლები. რესურსცენტრის უფროსის ხელფასი 250 ლარით გაიზრდება და 1 450 ლარით განისაზღვრება. რაც შეეხება
თანამშრომლებს: მეორე კატეგორიის უფროსი სპეციალისტის ხელფასი 200 ლარით
მოიმატებს და 1000 ლარი გახდება. მესამე
კატეგორიის უფროსი სპეციალისტის ხელფასი 150 ლარით გაიზრდება და 950 ლარი იქნება.
150 ლარით მოემატება ანაზღაურება პირველი კატეგორიის უმცროს სპეციალისტს და მისი თანამდებობრივი სარგო 850 ლარი
გახდება.
სკოლები დამატებით დაფინანსებას
მიიღებენ ასევე ფულადი ჯილდოს გასაცემად იმ საპენსიო ასაკს მიღწეული პრაქტიკოსი მასწავლებლისთვის, რომლებიც სკოლას
დატოვებენ.
სწორედ დაფინანსების გაზრდის
მიზნით, შესაბამისი ცვლილება შევიდა
მთავრობის დადგენილებაში. ცვლილების თანახმად,
გაიზრდება ერთ მოსწავლეზე გათვლილი ფინანსური ნორმატივის შესაბამისი სტანდარტული
ვაუჩერი, რომელიც ერთ მოსწავლეზე გათვლილი საბაზო ფინანსური ნორმატივისა და
შესაბამისი კოეფიციენტის ნამრავლით განისაზღვრება.
შეიცვლება სპეციალური საგანმანათლებლო
საჭიროების მქონე მოსწავლის სწავლების ხელშეწყობისთვის საჯარო სკოლების დამატებითი
დაფინანსების ოდენობაც - 1-დან 6-ის
კლასის ჩათვლით სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე მოსწავლის სწავლების
ხელშეწყობისთვის, ყოველთვიურად საჯარო სკოლა დამატებით 600 ლარით დაფინანსდება.