ეკა ბესელია: „საშემოდგომო სესია იქნება ერთ-ერთი ყველაზე საპასუხისმგებლო, ძალიან რთული და პოლიტიკურად ძალიან დატვირთული“

2 სექტემბერი, 2019 18:17 პოლიტიკა



„საშემოდგომო სესია იქნება ერთ-ერთი ყველაზე საპასუხისმგებლო, ძალიან რთული და პოლიტიკურად ძალიან დატვირთული“, - განაცხადა დამოუკიდებელი პარლამენტის წევრმა ეკა ბესელიამ დღეს გამართულ ბრიფინგზე.
დეპუტატმა ყურადღება რამდენიმე საკითხზე გაამახვილა, მათ შორის: პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე გადასვლასთან დაკავშირებული საკონსტიტუციო ცვლილებების განხილვისთვის საკონსტიტუციო კომისიის ფორმირებაზე, პარლამენტში უზენაესი სასამართლოს მოსამართლეების არჩევაზე და 20-21 ივნისის მოვლენებთან დაკავშირებით პარლამენტში ინიცირებულ დადგენილების პროექტებზე.
„საკონსტიტუციო ცვლილებებს სჭირდება ძალიან სწრაფად საკონსტიტუციო კომისიის ფორმირება და ამ ცვლილებების საერთო სახალხო ფორმატში წარდგენა იმისთვის, რომ პარლამენტმა, საშემოდგომო სესიაზე, მოასწროს იმ დანაპირების შესრულება, რაც მმართველმა პარტიამ განაცხადა, რომ მზად არის პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე გადასვლისთვის.
ამ დრამატული მოვლენების ფონზე, მეც ცოტა სკეპტიკურად ვუყურებ და არ გამოვრიცხავდი იმის შესაძლებლობას, რომ შესაძლოა ნებსით თუ უნებლიეთ შექმნილმა რაიმე ტიპის გარემოებებმა ხელი შეუშალოს პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე გადასვლისთვის საკონსტიტუციო ცვლილებების განხორციელებას. ამიტომ, საჭიროა სრული მობილიზება. მე მოვუწოდებ ყველა პოლიტიკურ ძალას მაქსიმალური მობილიზება გავაკეთოთ, რათა არ დავუტოვოთ მმართველ პარტიას რაიმე საბაბი იმისთვის, რომ პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე გადასვლის დანაპირები არ მიიყვანოს ბოლომდე. ეს არის ნომერ პირველი საკითხი, რომლიც დღეს ქვეყნას სჭირდება იმისთვის, რომ მომავალი საპარლამენტო არჩევნები იყოს ცვლილებების არჩევნები“, - აღნიშნა ეკა ბესელიამ. 
დამოუკიდებელი პარლამენტის წევრის განცხადებით, მეორე მნიშვნელოვანი საკითხი არის უზენაესი სასამართლოს მოსამართლეების სია, რომელიც რამდენიმე დღეში პარლამენტში შემოვა. 
„ჩვენ ველოდებით კენჭისყრის დასრულებას იუსტიციის უმაღლეს საბჭოში. საბჭოს მიმართ, პირადად მე, არანაირი ნდობა არ მაქვს. წინასწარ შემიძლია გითხრათ, რომ ეს სია არ იქნება იმ სტანდარტების, რომელიც გაუძლებს დემოკრატიის და მაღალი პროფესიული სტანდარტების ტესტს. მიუხედავად ამისა, საშემოდგომო სესიაზე ეს იქნება ყველაზე დრამატული და ყველაზე რთული პოლიტიკური გადაწყვეტილება. აქვე მინდა გაგაცნოთ ჩემი პოზიცია უზენაესი სასამართლოს მოსამართლეების არჩევასთან დაკავშირებით. ჩემი პოზიციაა მივიღოთ გადაწყვეტილება, რომ ვაიძულოთ უმრავლესობა პარლამენტმა აირჩიოს მხოლოდ რამდენიმე მოსამართლე - ეს იქნება 5 ან მაქსიმუმ 6 მოსამართლე, რომელიც საკმარისია იმისთვის, რომ უზენაესმა სასამართლომ ფუნქციონირება გააგრძელოს, ხოლო სხვა ვაკანტურ პოზიციებზე მოსამართლეების არჩევა გააგრძელოს ახალმა პარლამენტმა და ახალმა იუსტიციის საბჭომ. იმედი მაქვს, რომ ამ შეთავაზებას მომხრეები გამოუჩნდება. ეს იყო რეკომენდაცია, რომელიც ჰქონდა ვენეციის კომისიას. ეს იყო რეკომენდაცია, რომელსაც ჰქონდა ძალიან კონკრეტული დასაბუთება და მიზეზი. კერძოდ ის, რომ ის გამოხატავდა იმ უნდობლობას, რაც აქვს სამწუხაროდ, დღეს პარლამენტს საზოგადოების დიდი ნაწილის მხრიდან და უნდობლობას, რომელიც აქვს იუსტიციის უმაღლეს საბჭოს ასევე საზოგადოების მხრიდან. ამიტომ, ამ პროცესს რომ ჰქონდეს მეტი ლეგიტიმაცია, ჩემი აზრით, მნიშვნელოვანი იქნება, მხოლოდ რამდენიმე მოსამართლის არჩევა მოხდეს, რომელიც საკმარისი იქნება კოლეგიების შესავსებად“, - აღნიშნა ეკა ბესელიამ.
მისივე თქმით, ზუსტად ასეთივე პოზიცია აქვს უზენაესს სასამართლოსაც, რაც ძალიან მნიშვნელოვანია. 
დამოუკიდებელი დეპუტატის განცხადებით, მოსამართლეთა სიის კენჭისყრა იქნება ყველაზე დრამატული, რთული და იმის პირდაპირი ტესტი მმართველი პარტია „ბრუნდება წარსულში თუ ის ბედავს და უნარჩუნებს უზენაესს სასამართლოს დამოუკიდებლობას“. 
„ეს არის ის მთავარი საკითხი, რომელზეც ჩვენ გვჭირდება კონცენტრირება. მე მინდა მივმართო საზოგადოებასაც, ყველა ჯგუფს, რომელსაც ესმის რას ნიშნავს სამართლიანობა და მართლმსაჯულება, რომ მაქსიმალურად ვიყოთ მობილიზებულები პარლამენტს არ მიეცეს თვითნებური და პოლიტიზირებული გადაწყვეტილების მიღების შესაძლებლობა. ეს გადაწყვეტილება უნდა ეფუძნებოდეს ქვეყნის მომავლის და ქვეყნის სამართლიანობის გარანტიების შექმნას“, - აღნიშნა ეკა ბესელიამ. 
მესამე საკითხი, რაზეც დამოუკიდებელმა პარლამენტის წევრმა ისაუბრა, შეეხებოდა 20-21 ივნისის მოვლენებთან დაკავშირებით პარლამენტში სამი პოლიტიკური ჯგუფის მიერ ინიცირებულ სამ პროექტს. 
„სამწუხაროა, რომ ყველაზე მეტად კრიტიკას ვერ უძლებს მმართველი პარტიის მიერ ინიცირებული დოკუმენტი, სადაც უკვე დადგენილად არის მიჩნეული, რომ 20-21 ივნისის მოვლენები იყო სრულიად კანონიერი, სრულიად სამართლებრივი თავის მოქმედებების და შედეგის თვალსაზრისით. სამწუხაროდ, ამით მმართველი პარტია უარს ამბობს მთავარი კონსტიტუციური უფლებამოსილების განხორციელებაზე, რომ პარლამენტი, რომელიც არის მაკონტროლებელი ორგანო, ნაცვლად იმისა, რომ ახორციელებდეს საპარლამენტო კონტროლს ასეთ მოვლენებზე, ნაცვლად იმისა, რომ ის სწავლობდეს და იკვლევდეს ამ ფაქტების სიღრმისეულ მიზეზებს და შედეგის მიზეზებს, ის დასაწყისშივე ლეგიტიმურად აცხადებს ყველაფერ იმას, რაც ხდებოდა 20-21 ივნისის ღამეს. პირველი, რაც პარლამენტს უნდა გაეკეთებინა და ეს არის ჩემი პოზიცია და შეთავაზება, უნდა შექმნილიყო დროებითი საგამოძიებო კომისია ან დროებითი კომისია იმისთვის, რომ შესწავლილიყო ფაქტები, რა უძღვოდა წინ ამ მოვლენებს, რა მოხდა შემდგომ და ვისი პასუხისმგებლობა იკვეთება ამ ყველაფერში და არა ის, რომ შინაგან საქმეთა სამინისტროს საგამოძიებო ორგანო იძიებს იმ ფაქტებს, რომლის მიმართ არსებობს პირდაპირი ინტერსთა კონფლიქტი“, - აღნიშნა ეკა ბესელიამ. 
დამოუკიდებელი პარლამენტის წევრის განცხადებით საკონსტიტუციო კომისიის შემადგენლობა უკვე ცნობილია და დამოუკიდებელი დეპუტატების ერთი კვოტით კომისიაში წარდგენილია ლევან კობერიძე.
„დამოუკიდებელ დეპუტატებს გვქონდა კონსულტაცია. პირადად მე უარი ვთქვი შემოთავაზებაზე ვყოფილიყავი კომისიის წევრი. ჩვენ წარვადგინეთ ლევან კობერიძე, თუმცა იქნება შესაძლებლობა მოხდეს ჩანაცვლება იმიტომ, რომ სხვა დამოუკიდებელ დეპუტატებსაც აქვთ სურვილი მონაწილეობა მიიღონ კომისიის მუშაობაში. ასე, რომ შესაძლებელი იქნება სხვადასხვა შეხვედრებზე სხვადასხვა დამოუკიდებელი დეპუტატი იყოს კომისიის მუშაობაში ჩართული. მე მქონდა ამის ობიექტური მიზეზი და არ მიმაჩნია, რომ წევრობა აუცილებელია იმისთვის, რომ ამ პროცესებს დავაკვირდე და კვალდაკვალ გაგიზიაროთ ჩემი პოზიცია. პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე გადასვლას ერთმნიშვნელოვნად მხარს ვუჭერ, თუმცა არის საკითხები, რომლის მიმართაც მაქვს განსხვავებული პოზიცია“, - აღნიშნა ეკა ბესელიამ.
დამოუკიდებელი დეპუტატი, ასევე, გამოეხმაურა პრემიერ-მინისტრის გადადგომასაც.
„პირადად მე არ ვუყურებ ამ ცვლილებებს რაიმე განსაკუთრებული მოლოდინით ან საერთოდ რაიმე მოლოდინით. მე ვხედავ, რომ ეს არის ერთი ძალიან დიდი პოლიტიკური კრიზისი, რომელშიც შედის მმართველი პარტია და ის ცდილობს მიიღოს ისეთი გადაწყვეტილებები, რომელიც მას ახლა სჭირდება გადარჩენისთვის, არჩევნებამდე მისვლისთვის, არჩევნებში ძალაუფლების შენარჩუნებისთვის და ეს გადაწყვეტილებები არ ემსახურება იმ საჯარო და საქვეყნო ინტერესს, რომლის გამოც უნდა ხდებოდეს წესით სამთავრობო ცვლილებები. ასე, რომ არ მაქვს დიდი მოლოდინი ამ გადაადგილებებით რაიმე სტრატეგიულ საკითხებში მოხდეს გარღვევა არჩევნებამდე. ეს არის მხოლოდ ტაქტიკური გადანაცვლებები, რომელსაც არ ექნება დიდი გავლენა მიმდინარე მოვლენებზე“, - განაცხადა ეკა ბესელიამ.


ბოლო სიახლეები