საქართველოს IX მოწვევის პარლამენტის 2019 წლის საშემოდგომო სესია დღეს პლენარული სხდომით გაიხსნა. შესრულდა საქართველოს სახელმწიფო ჰიმნი.
სხდომათა დარბაზში საპარლამენტო ფრაქცია „ევროპული საქართველოს“ წევრებმა ხმაურით გააპროტესტეს სამთავრობო ცვლილებები.
პარლამენტის თავმჯდომარის, არჩილ თალაკვაძის გაფრთხილების მიუხედავად, ოპოზიციონერმა კოლეგებმა პროტესტის ხმაურიანი ფორმა არ შეწყვიტეს, რის გამოც პარლამენტის თავმჯდომარემ რეგლამენტის 224-ე მუხლის თანახმად, ოპოზიციონერ კოლეგებს დარბაზი დაატოვებინა.
„როგორც თავმჯდომარე, მივესალმები დემოკრატიის გამოვლინებას, მაგრამ არავის მივცემთ საშუალებას დაარღვიოს რეგლამენტი და ხელი შეუშალოს საქართველოს პარლამენტის საქმიანობას,“ - განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.
სხდომის დასაწყისში გაკეთდა პოლიტიკური განცხადებები.
საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი გია ვოლსკი იმ ოპოზიციონერ კოლეგებს გამოეხმაურა, რომლებიც ოკუპაციას აპროტესტებენ და რომლებიც თავად არიან ოკუპაციის მთავარი შემოქმედი.
„არ არსებობს ქვეყანა, განვითარებული დემოკრატია მაქვს მხედველობაში, სადაც დაშვებულია პლურალიზმი, სიტყვის თავისუფლება და სადაც ამდენი სიცრუე ბატონობს საინფორმაციო ველზე. ისიც კი მოახერხეს ზოგიერთებმა, რომ დაიწერეს ზოგმა მაისურზე, ზოგმა პლაკატზე - არა ოკუპაციას! როდესაც თავად არიან ოკუპაციის მთავარი შემოქმედები“.
მან საქართველოში არსებულ ვითარებაზე საუბრისას, ყურადღება გაამახვილა იმაზე, რომ საქართველო ყველა საერთაშორისო რეიტინგში მოწინავე პოზიციებზე დგას. მისი თქმით, - „ეს არ ნიშნავს, რომ დაძლეულია ის მძიმე პრობლემა, როგორიც არის უმუშევრობა, როგორიც არის სიღატაკე. თუმცა ტენდენციები მნიშვნელოვანად გაუმჯობესებულია და ამაში თავისი წვლილი შეიტანა ყოფილმა პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ. ძალიან ბევრი ჩემი კოლეგა გასული იყო სოფლებში. ხვდებოდა ხალხს. ეს გაგრძელდება და ხაზგასმით უნდა ითქვას თითოეული საჯარო მოხელის პასუხისმგებლობა, დაწყებული დაბალი რგოლიდან დამთავრებული უმაღლეს რგოლზე, არის საგანგებო მნიშვნელობის. ეს პასუხისმგებლობა უნდა გაიზარდოს და პროფესიონალიზმთან ერთად უნდა იყოს ყოველდღიური ზრუნვის საგანი თითოეული ადამიანის ყოფა და ცხოვრება ჩვენ ქვეყანაში“.
პარლამენტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე, თამარ ჩუგოშვილი თავის გამოსვლაში საარჩევნო რეფორმას და საკონსტიტუციო ცვლილებების მნიშვნელობას შეეხო: „ამ ცვლილებების შედეგი საზოგადოებაში, ჩვენს პოლიტიკაში უნდა იყოს ის, რომ დასრულდეს ერთპარტიული დომინაცია, დასრულდეს ის რადიკალიზმი და დესტრუქციული პოლიტიკა, რომელსაც სამწუხაროდ, წლების განმავლობაში ადგილი აქვს ჩვენს ქვეყანაში და იმედია, რომ ეს ცვლილებები იქნება ძალიან მნიშვნელოვანი გარდატეხის შემომტანი პოლიტიკურ ველზე და უფრო მეტად შექმნის თანამშრომლობის სივრცეს, ნაცვლად იმისა, რაც ჩვენ გვაქვს დღეს და სესიის დასაწყისშიც ვიხილეთ“.
მან თავის გამოსვლაში მოუწოდა ოპოზიციას, რომ მხარი დაუჭირონ წარმოდგენილ ცვლილებებს, - „ყველამ ძალიან კარგად ვიცით, რომ „ქართული ოცნება“ მარტო ამ ცვლილებებს ვერ მიიღებს. ამისთვის აუცილებელია ოპოზიციის მხარდაჭერა და ოპოზიციის ხმები მარტივი მიზეზის გამო. იმის გამო, რომ ჩვენ საკონსტიტუციო უმრავლესობა აღარ გვაქვს და შესაბამისად, ამ უმნიშვნელოვანესი, რევოლუციური ცვლილების მიღებას სჭირდება თანამშრომლობა სხვადსხვა პოლიტიკურ ძალებს შორის, უმრავლესობასა და უმრავლესობის გარეთ მყოფ პოლიტიკურ ძალებს შორის და მე მინდა მქონდეს იმედი, რომ ოპოზიცია შეძლებს საკუთარ თავში იპოვოს ძალა, რომ მხარი დაუჭიროს ცვლილებებს, რომელსაც თავად ითხოვდა, თუმცა, მათი ზოგიერთი ნაბიჯი იმედის მიმცემი ნამდვილად არ არის, მაგრამ მაინც მინდა სურვილი გამოვხატო, რომ ეს ძალა საკუთარ თავში იპოვონ და ამ მნიშვნელოვან რეფორმას დაუჭირონ მხარი“.
რაც შეეხება ეუთოს და საერთშორისო დამკვირვებლების რეკომენდაციებს, თამარ ჩუგოშვილმა განაცხადა: „ამ თემაზე მუშაობა თვეების განმავლობაში მიმდინარეობს საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის ხელმძღვანელობით. ყველა მნიშვნელოვანი აქტორი ჩართულია - პოლიტიკური პარტიები, არასამთავრობო ორგანიზაციები, საერთაშორისო ორგანიზაციები და აქაც მინდა მქონდეს იმედი, რომ ყველა ეცდება, განსაკუთრებით პოლიტიკური ძალები, რომ კონსტრუქციულად და შედეგზე ორიენტირებული მიდგომით ჩაერთონ ამ პროცესში და შესაბამისად, სამომავლო განხილვებიც მსგავს რეჟიმში წარიმართოს საქართველოს პარლამენტში“.
მან ასევე აღნიშნა, რამდენად მნიშვნელოვანია რეფორმის განხორციელება საშემოდგომო სესიაზე, ვინაიდან 2020 წელი საარჩევნო წელია და ამ დროისთვის სამართლებრივი ბაზა უნდა იყოს სრულიად მოწესრიგებული, რაც მოქალაქეებს თავისუფალი არჩევანის სამართლიან, სწორ, მშვიდ გარემოში გამოხატვის შესაძლებლობას მისცემს.
პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილემ, ზვიად ძიძიგურმა თავის გამოსვლაში განაცხადა, რომ წინა ხელისუფლების წარმომადგენლებისგან ოკუპაციაზე ლაპარაკს და შენიშვნას არ მიიღებს, რადგან, მისი თქმით, სწორედ იმ ხელისუფლებამ 2008 წელს ჩვენი ტერიტორიების 20 პროცენტი ჩააბარა ოკუპანტ რუსებს.
მან ასევე, ფრაქცია „ქართული ოცნება - კონსერვატორების" სახელით მადლობა გადაუხადა მამუკა ბახტაძეს იმ გაწეული სამუშაოსათვის, რომელიც ყოფილმა პრემიერმა განახორციელა.
„ძალიან მნიშვნელოვანია ის რეგულაციები, რომელიც მან ლომბარდებთან და მიკროსაფინანსო ორგანიზაციებთან დაკავშირებით შემოიტანა და ამით ბევრ პრობლემას გადაარჩინა ბევრი ჩვენი სოციალურად დაუცველი და გაჭირვებული მოქალაქე. განათლების რეფორმის მიმართულებით გადადგმული მისი სერიოზული ნაბიჯი, ვფიქრობ, ძალიან დიდ შვებას მოუტანს განათლებაში მომუშავე ადამიანებს და ძალიან დიდი მადლობა მას ამისათვის“, - განაცხადა ზვიად ძიძიგურმა.
მან ასევე ისაუბრა პრემიერ-მინისტრობის კანდიდატის, გიორგი გახარიას შესახებ და განაცხადა: „ძალიან ნერვიულობენ ბატონ გიორგი გახარიაზე, რომ თურმე ეს არის ადამიანი, რომელსაც მოსახლეობის ნაწილი უპირისპირდება. გეტყვით, რომ გაცილებით დიდი ნაწილი მისი მხარდამჭერია და მე ვნახე ჩემი საკუთრი თვალით რეგიონებში მოსახლეობის დამოკიდებულება გახარიას მიმართ, როდესაც ჩვენ გახარიას ვხვდებოდით. ამიტომ, ნუ ინერვიულებენ იმაზე, რომ პრემიერად გახარიას დანიშვნა დააზარალებს „ქართულ ოცნებას“, ზედმეტ ენერგიას ნუ დახარჯავენ ჩვენი ოპონენტები და იმაზე ინერვიულონ, რომ ლაპარაკის მაგივრად მხოლოდ სტვენა შეუძლიათ, ეს რამდენიმე კვირაა, პოლიტიკურ ასპარეზზე“.
ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, მამუკა მდინარაძემ საპარლამენტო ოპოზიციის წევრებს მიმართა, რომ სირცხვილია ოკუპაციის თემით სპეკულირება!
„მინდა ვუთხრა მათ რა არის სინამდვილეში სირცხვილი. სირცხვილია ოკუპაციის თემით სპეკულირება! სირცხვილია პარლამენტარის მიერ პარლამენტის შტურმისკენ მოწოდება! სირცხვილია ახალგაზრდებით მანიპულირება! სირცხვილია გავრილოვის რევოლუციის დაგეგმვა, რომელიც შემდეგ აღიკვეთა. სირცხვილია პოლიციელზე და პოლიციაზე ძალადობა! სირცხვილია ლაპარაკი იმაზე, რომ აგვისტოს ომით ამოისუნთქეს! სირცხვილია აგვისტოს ომიდან ორ თვეში ევროსაბჭოს რეზოლუციის მხარდაჭერა და „გაპრავება“ თითქოს ეს იყო დიპლომატიური გამარჯვება. სირცხვილია ტყუილების ლაპარაკი აბსოლუტურად ყველა თემაზე. სირცხვილია წამების, მკვლელობების, სიტყვის თავისუფლების მკვლელების მხრიდან და ქონების ჩამომრთმევლების მხრიდან მორალზე ლაპარაკი და სირცხვილია ოკუპაციის შედეგებს უპროტესტებდე „ქართულ ოცნებას“ და თავად იყო „ნაციონალური მოძრაობა“. „ნაციონალური მოძრაობაა“ მთავარი სირცხვილი ამ ქვეყნის! და სანამ ის იქნება მთავარი ოპონენტი ნებისმიერი ხელისუფლების, ამას არ აქვს მნიშვნელობა, მანამდე ეს სირცხვილი ექნება ჩვენ ქვეყანას“.
მან ასევე იმ ხელშესახებ შედეგებზე ისაუბრა, რაც ჩვენს ხელისუფლებას აქვს დეოკუპაციის გზაზე. მან ასევე ქვეყნის წინაშე არსებულ გამოწვევებზეც გაამახვილა ყურადღება.
საპარლამენტო უმრავლესობის წევრი, თამარ ხულორდავა ქვეყანაში მიმდინარე სასამართლო რეფორმას გამოეხმაურა და განაცხადა, რომ ეს არის პროექტი, რომელიც ეფუძნება საუკეთესო საერთაშორისო გამოცდილებას და აუმჯობესებს სისტემას გამჭვირვალობის, ანგარიშვალდებულების, დამოუკიდებლობის თვალსაზრისით.
„ხშირად არის საუბარი საზოგადოებაში ნდობაზე სასამართლო ხელისუფლების მიმართ და რა თქმა უნდა, ნდობას განაპირობებს საზოგადოების რწმენა, რომ მათ ბედს განაგებენ მაღალი კომპეტენციის, მაღალი რეპუტაციის მქონე მოსამართლეები და ამ თვისებების შეფასებას შესაძლებელს ხდის მხოლოდ სასამართლო სისტემის აბსოლუტური, სრული გამჭვირვალობა. ჩვენი სასამართლოს რეპუტაცია, სამწუხაროდ, წლების განმავლობაში, ყველამ ვიცით, რომ იყო საკმაოდ დაკნინებული და ამიტომ, ჩვენ გვიწევს, გარკვეულწილად, საკმაოდ რადიკალური ნაბიჯების გადადგმა, შეიძლება ითქვას, დეტალური მოწესრიგება გარკვეული საკითხების. გარკვეულ სფეროში პაპზე უფრო კათოლიკეები ვართ, ვადგენთ ისეთ წესებს, უპრეცედენტო შერჩევის კრიტერიუმებს, პროცედურებს მოსამართლეებისთვის, რომელსაც სხვა ქვეყნებში არ იცნობენ, მაგრამ ეს გამომდინარეობს სწორედ არსებული რეალობიდან, აუცილებლობიდან და ემსახურება სისტემის გაჯანსაღებას. ჩვენ ამ სესიის განმავლობაში ამ ორ საკითხზე მოგვიწევს მსჯელობა და გადაწყვეტილებების მიღება, ბოლომდე მიყვანა. ეს არის უზენაესი სასამართლოს მოსამართლეების არჩევა და მეოთხე ტალღად წოდებული ინიციატივების დამტკიცება და დარწმუნებული ვარ, რომ მას ექნება პარლამენტის მხარდაჭერა“.
თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარემ, ირაკლი სესიაშვილმა „ნატოსკენ“ საქართველოს მისწრაფებებისა და ამ მიმართულებით მიღწეულ შედეგებზე ისაუბრა: „ამ ქვეყანას აქვს არჩევანი და ამ არჩევანის გზაზე ჩვენი ქვეყანა, „ქართული ოცნება“ დგამს ძალიან კონკრეტულ ნაბიჯებს. ეს არ არის მხოლოდ საუბარი და რიტორიკა. ჩვენ გვაქვს, შეიძლება ითქვას, გამორჩეული და საქართველოს ისტორიაში ყველაზე მაღალი ინტენსივობის ურთიერთობა ნატოსთან, ევროკავშირთან, შეერთებულ შტატებთან და ამ გზაზე, არა ჩემი შეფასებით, არამედ საერთაშორისო ექსპერტების შეფასებით, ჩვენი ქვეყნის მიღწევები არის ძალიან მნიშვნელოვანი".
პარლამენტის წევრმა დიმიტრი ცქიტიშვილმა ყოფილი პრემიერ-მინისტრის, მამუკა ბახტაძის მიმართ მადლიერება გამოხატა მის მიერ გადადგმული თამამი ნაბიჯებისთვის საბანკო სექტორში, განათლების საკითხებში, შრომითი უფლებების დაცვის მიმართულებით, სადაც პრობლემები ჯერ კიდევ არის: „მაგრამ ბატონმა მამუკამ დაგვიჭირა მხარი და შევქმენით ინტეგრირებული მონიტორინგის ჯგუფები, რომელიც უკვე და რამდენიმე თვეა მუშაობენ და ამ პრობლემას, ვფიქრობთ რომ, ძალიან მნიშვნელოვნად გარდავტეხავთ“, - განაცხადა დიმიტრი ცქიტიშვილმა.
პარლამენტის წევრმა, გია ჟორჟოლიანმა თავის გამოსვლაში კოლეგებს, ჟურნალისტებს და საზოგადოებას მოუწოდა, რომ სიტყვებს დიდი მნიშვნელობა აქვთ. კერძოდ 20 ივნისის მოვლენას „გავრილოვის ღამე“ კი არა „პარლამენტის შტურმის ღამე“ უნდა ერქვას.
მან ასევე ისაუბრა იმის შესახებ, რომ პროპორციული სისტემა შეცვლის იმ უპირობო მმართველობის პრაქტიკას, რომელიც საქართველოში დამკვიდრდა და რომელიც მხოლოდ რევოლუციური ცვლილებების საშუალებით იცვლებოდა.
პარლამენტის წევრმა ლევან კობერიძემ 20 ივნისის ღამე შეაფასა და განაცხადა, რომ მისი აზრით, ეს იყო დაგეგმილი ქმედება, რომელსაც სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური უნდა იძიებდეს. მან უმრავლესობის წარმომადგენლებს მოუწოდა, 20 ივნისის მოვლენების განხილვა და მასზე შეფასებები დასაწყისიდან დაიწყონ.„შესასწავლია ყველაფერი - რა ხდებოდა იმ დღეს, როგორ ხდებოდა და რა მოვლენები მოჰყვა შემდეგ ამას“, - განაცხადა მან.
დამოუკიდებელი დეპუტატის, ბექა ნაცვლიშვილის თქმით, „ნაციონალური მოძრაობის“ არსებობა ქვეყანაში სირცხვილია, მაგრამ უმრავლესობას არაფერი გაუკეთებია იმისთვის, რომ ეს პარტია დასუსტებულიყო. მან ისაუბრა რეგიონებში არსებულ პრობლემებზე და ტურიზმის სექტორში არსებულ ვითარებაზე, მისი თქმით, ამ სექტორში დასაქმებული ადამიანები არ არიან დაცული და აქვე დააანონსა მის მიერ შექმნილი შესაბამისი ახალი საკანონმდებლო ინიციატივის დარეგისტრირების შესახებ.
პარლამენტის წევრმა, ეკა ბესელიამ რამდენიმე საკითხზე გაამახვილა ყურადღება და აღნიშნა, რომ დემოკრატიულ ქვეყანაში, ის პარლამენტი, რომელსაც პრეტენზია აქვს, რომ ძლიერი ინსტიტუციაა, საშემოდგომო სესიას იმ მოვლენების შესწავლით და შეფასებით დაიწყებდა, რაც 20-21 ივნისს პარლამენტში და მის გარეთ განვითარდა.
დეპუტატმა ასევე აღნიშნა, რომ საშემოდგომო სესიისას საკონსტიტუციო ცვლილებებთან ერთად, რომელიც არჩევნების პროპორციული წესით ჩატარებას ეხება, მნიშვნელოვანი საკითხი იქნება უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატების კენჭისყრაც.
„პატრიოტთა ალიანსი და სოციალ-დემოკრატების“ ფრაქციის თავმჯდომარემ, გიორგი ლომიამქვეყანაში არსებული პოლიტიკური ვითარების შესახებ ისაუბრა და კოლეგებს კიდევ ერთხელ მოუწოდა ამჯერად მაინც დაუჭირონ მხარი მათ მიერ წარმოდგენილ რეზოლუციის პროექტს „ნაციონალური მოძრაობის“დამნაშავე რეჟიმად გამოცხადების შესახებ.
პარლამენტის წევრი, ირაკლი ბერაია საოკუპაციო ხაზთან განვითარებულ მოვლენებს გამოეხმაურა. ის მიესალმება დეოკუპაციის მიმართულებით სახელმწიფოს მიერ გადადგმულ ნაბიჯებს.
პოლიტიკური განცხადებების ამოწურვის შემდეგ პარლამენტი გადავიდა დღის წესრიგით გათვალისწინებულ საკითხებზე.
სხდომაზე იმსჯელეს პარლამენტის დადგენილების პროექტზე „ზაქარია ქუცნაშვილისთვის პარლამენტის წევრის უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტის თაობაზე“. რომელიც კოლეგებს საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის თავმჯდომარემ, გიორგი კახიანმა გააცნო. როგორც ცნობილია, 20 ივნისის მოვლენების შემდეგ, ზაქარია ქუცნაშვილმა პარლამენტის თავმჯდომარეს სადეპუტატო უფლებამოსილების ვადაზე ადრე შეწყვეტის თაობაზე თხოვნით მიმართა.
მოგვიანებით გამართულ კენჭისყრაზე ამ საკითხს პარლამენტმა 93 ხმით დაუჭირა მხარი.
პარლამენტის თავმჯდომარემ, არჩილ თალაკვაძემ სხდომაზე წარადგინა პარლამენტის დადგენილების პროექტი „საქართველოს კონსტიტუციაში ცვლილების შეტანის შესახებ“ საქართველოს კონსტიტუციურ კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კონსტიტუციური კანონის პროექტის გამოქვეყნებისა და მისი საყოველთაო -სახალხო განხილვის საორგანიზაციო კომისიის შექმნის შესახებ“.
„საკონსტიტუციო რეფორმის დროს მივიღეთ დემოკრატიული გადაწყვეტილება, შეგვეცვალა საარჩევნო სისტემა და საქართველო, ჩვენი პოლიტიკური სისტემა გადასულიყო ევროპულ, უფრო დემოკრატიულ, უფრო წარმომადგენლობით საარჩევნო სისტემაზე - პროპორციულ არჩევნებზე. საკონსტიტუციო რეფორმა წარმატებით განხორციელდა და მას შემდეგ მიმდინარე მოვლენები, საპარლამენტო ცხოვრება, პოლიტიკური ცხოვრება პარლამენტის გარეთ კიდევ უფრო მეტად ამტკიცებს, რომ ახალი კონსტიტუცია არის ნამდვილად საქართველოს გრძელვადიანი დემოკრატიული განვითარების გარანტია“.
არჩილ თალაკვაძემ საკონსტიტუციო კომისიის წევრებს და მის თავმჯდომარეს, ირაკლი კობახიძესმადლობა გადაუხადა იმისათვის, რომ ეს საკონსტიტუციო რეფორმა საქართველოში შედგა.
მან ასევე ხაზგასმით აღნიშნა, რომ ამ საკონსტიტუციო რეფორმის შემდეგ, ოპოზიციამაც იპოვა თავისი რეალური ადგილი და ფუნქციები საქართველოს პარლამენტში.
მისი თქმით, ასევე დიდი მიღწევა იყო ახალი რეგლამენტის მიღება, რომელიც თან სდევდა საკონსტიტუციო რეფორმას.
„დღეს საშემოდგომო სესიის დასაწყისში კიდევ ერთხელ ვმსჯელობთ საკითხზე, რომელიც უკავშირდება პროპორციულ არჩევნებს და ეს არის ჩვენი პოლიტიკური გადაწყვეტილების, საზოგადოების მიმართ ჩვენი ანგარიშვალდებულების და ჩვენი დაპირების შესრულება. ჩვენ როგორც პასუხისმგებლიანმა პოლიტიკურმა გუნდმა გავიგეთ და გავითვალისწინეთ საზოგადოების მოთხოვნა, რომ შეცვლილიყო პროპორციული არჩევნების ჩატარების თარიღი და ჩვენ მას ვცვლით, ის ჩატარდება 2020 წელს პროპორციული სისტემით და ბუნებრივი ნულოვანი ბარიერით. ეს დემოკრატიული გადაწყვეტილება თვისობრივად ხსნის პოლიტიკურ სისტემას მონაწილეობისთვის, თითოეულ პოლიტიკურ ძალას და პარტიას, რომელსაც აქვს რეალური მხარდაჭერა, აქვს შესაძლებლობა, რომ წარმომადგენლობა მოიპოვოს მომავალ პარლამენტში“, - განაცხადა მომხსენებელმა.
არჩილ თალაკვაძემ კიდევ ერთი საკონსტიტუციო ცვლილების თაობაზე ისაუბრა, რომელიც არანაკლებ 200 ათასი ამომრჩევლის ხელმოწერით არის დარეგისტრირებული და მისი საყოველთაო - სახალხო განხილვის საორგანიზაციო კომისიის შექმნის შესახებ შესაბამისი დადგენილების პროექტიც წარუდგინა კოლეგებს.
მისი განმარტებით, მეორე პროექტთან დაკავშირებით შექმნილი კომისია იმავე შემადგენლობის იქნება, რათა საჯარო განხილვები შემდგომში იყოს სინქრონიზებული, რამდენადაც ერთსა და იმავე ცვლილებებზეა საუბარი.
პარლამენტმა მხარი დაუჭირა წარმოდგენილ დადგენილების პროექტებს.
დღევანდელ სხდომაზე კენჭი უყარეს და მხარი დაუჭირეს საგაზაფხულო სესიაზე მესამე მოსმენით განხილულ რამდენიმე კანონპროექტს.
სხდომის დასასრულს, პარლამენტის თავმჯდომარემ განაცხადა, რომ ვინაიდან შემოსულია განცხადება პრემიერ-მინისტრობის კანდიდატისა და მთავრობის განახლებული შემადგენლობის, ასევე სამთავრობო პროგრამის განხილვაზე, პარლამენტის რეგლამენტის 88-ე მუხლის შესაბამისად ცვლილება შევიდა დღის წესრიგში და მიმდინარე კვირაში პლენარული სხდომების ნაცვლად კომიტეტებსა და ფრაქციებში სამთავრობო ცვლილებების განხილვა გაიმართება.