საქართველოს ფინანსთა ყოფილი მინისტრი ნოდარ ხადური 49 წლის ასაკში გარდაიცვალა.
წინასწარი ინფორმაციით, გარდაცვალების სავარაუდო მიზეზი გულის შეტევა გახდა.
ნოდარ ხადური ბოლო პერიოდში კონკურენციის სააგენტოს ხელმძღვანელობდა. 2012-2016 წლებში მას საქართველოს ფინანსთა მინისტრის თანამდებობა ეკავა.
იყო 100-ზე მეტი სამეცნიერო ნაშრომის ავტორი, რომლებიც გამოქვეყნებულია აშშ-ში, უნგრეთში, ბულგარეთში, შვეციაში, რუსეთის ფედერაციაში, აზერბაიჯანში. კვლევის ძირითადი მიმართულებები: მაკროეკონომიკა, მაკროეკონომიკური პოლიტიკა, მონეტარული და ფისკალური მაკროეკონომიკა, საქართველოს ეკონომიკა, საზოგადოებრივი სექტორის ეკონომიკა, ტრანსფორმაციული ეკონომიკა, კონკურენცია.