ზუგდიდის მუნიციპალიტეტის ორულუს ადმინისტრაციულ ერთეულში, მოქალაქე ბორის წურწუმიას საკარმიდამო ნაკვეთში, ხელოვნურად გამართული ტბორის სანაპიროზე, დაფიქსირდა კერაკიმული ნაწარმისაგან დამზადებული ფიგურული ქანდაკების, არწივის თავის ფორმის მინიატურული ფრაგმენტი აღმოაჩინეს. ინფორმაციას ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერია ავრცელებს.
ოჯახის ახალგაზრდა წევრმა, ირაკლი წურწუმიამ, აღმოჩენის შესახებ ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერიის ძეგლთა დაცვის განყოფილების უფროს ლაშა ჯიქიას აცნობა.
ახალდაღმოჩენილი არტეფაქტი წარმოადგენს ,,კოლხური კულტურისთვის“ დამახასიათებელ ერთ - ერთ მნიშვნელოვან ელემენტს - საკულტო-სარიტუალო დანიშნულების ე. წ. ორპროტომიანი სადგარის კომპონენტს. ამ ტიპის სადგარები ძირითადად ტრაპეციული ფორმის კორპუსის და მართკუთხედის ფორმის ბრტყელი ძირისაგან შედგება, რომელზეც გამოქანდაკებულია საპირისპირო მხარეს მომზირალი ცხოველის ან ფრინველის თავები (ცხვრის, დელფინის (?), იხვის და სხვ.), ამიტომ მათ ორპროტომიან სადგარებად მოიხსენიებენ. არტეფაქტი სავარაუდოდ სპეციალურად შექმნილ ყალიბშია ჩამოსხმული, ერთ მხარეს სადააა, მეორე მხარეს კი არწივის თავია გამოსახული. აღსანიშნავია, რომ არწივის სახე საკმაოდ ნატურალისტურადაა გამოძერწილი (ზომა სიგრძე 8 სმ, სიგანე 5 სმ. სისქე 4 სმ.)
არტეფაქტის ქრონოლოგიური ასაკი წინაანტიკური ხანით განისაზღვრება და მიეკუთვნება ქრისტეს წინარე მეშვიდე საუკუნეს.
მსგავსი ტიპის ნიმუშები, ისეთ ფიქსირებულ კულტურულ ფენებში მრავლადაა ნაპოვნი, როგორიცაა, ერგეტის, ცვანეს, ყულევის და სხვა არქეოლოგიური ობიექტები.